ახალი ამბები

საქართველოსა და ევროკავშირს შორის საიდუმლო ინფორმაციის ურთიერთგაცვლის შეთანხმება გაფორმდა

23 ივნისი, 2016 • 1261
საქართველოსა და ევროკავშირს შორის საიდუმლო ინფორმაციის ურთიერთგაცვლის შეთანხმება გაფორმდა

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, დღეს, 23 ივნისს, ბრიუსელში საქართველოსა და ევროკავშირს შორის „საიდუმლო ინფორმაციის ურთიერთგაცვლისა და დაცვისთვის საჭირო უსაფრთხოების პროცედურების შესახებ“ შეთანხმება გაფორმდა.

მათივე ინფორმაციით, საქართველოს მხრიდან შეთანხმებას ხელი მოაწერა საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ, ხოლო ევროკავშირის მხრიდან – ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელმა, ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტმა  ფედერიკა მოგერინიმ.

მიხეილ ჯანელიძის თქმით, ეს შეთანხმება უსაფრთხოების მიმართულებით გადადგმული მნიშვნელოვანი  ნაბიჯია, მით უფრო იმ ფონზე, რომ საქართველო ცდილობს გახდეს ევროპისთვის უსაფრთხოების პროვაიდერი და მონაწილეობას იღებს სხვადასხვა მისიებში, როგორც რეგიონში ევროკავშირის საიმედო პარტნიორი.

“ჩვენ  ნაბიჯ-ნაბიჯ ვაძლიერებთ ევროპასთან ჩვენს კავშირებს   და, რა თქმა უნდა, მოუთმენლად ველით მომდევნო ნაბიჯს, ანუ ვიზა ლიბერალიზაციას,“- განაცხადა ჯანელიძემ.

ხელმოწერის დასრულების შემდეგ გაიმართა ორმხრივი შეხვედრა, სადაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ და საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტმა  ფედერიკა მოგერინიმ ევროკავშირთან საქართველოს თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს.

“საიდუმლო ინფორმაციის ურთიერთგაცვლისა და დაცვისთვის საჭირო უსაფრთხოების პროცედურების შესახებ შეთანხმების გაფორმება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ევროკავშირთან უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას და ინფორმაციის უსაფრთხოების დაცვის სფეროში ევროპულ ნორმებსა და სტანდარტებთან დაახლოებას. შეთანხმება აუცილებელი ელემენტია ევროკავშირის სამშვიდობო მისიებში საქართველოს მონაწილეობის ეფექტიანობის გაზრდისა და ევროპული თავდაცვის სააგენტოსთან თანამშრომლობის განვითარებისათვის,”- აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

უწყების ინფორმაციით, შეთანხმება ძალაში შევა მას შემდეგ, რაც ორივე მხარე დაასრულებს რატიფიკაციისთვის საჭირო ყველა პროცედურას.

მასალების გადაბეჭდვის წესი