ახალი ამბები

ევრაზიანეტი: ობამას და სააკაშვილს საქართველოსთვის იარაღის მიწოდებაზე არაფერი უთქვამთ

31 იანვარი, 2012 • • 1204
ევრაზიანეტი: ობამას და სააკაშვილს საქართველოსთვის იარაღის მიწოდებაზე არაფერი უთქვამთ

ვებ–პორტალი “ევრაზიანეტი” აქვეყნებს ჯოშუა კუცერას სტატიას სათაურით, “ობამას და სააკაშვილს საქართველოსთვის იარაღის მიწოდებაზე არაფერი უთქვამთ.”

სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ  კომენტარები, რომლებიც მოგვიანებით პრესისთვის გაკეთდა, იმის ვარაუდს აჩენს, რომ  აშშ-ის მიერ საქართველოსთვის იარაღის მიწოდების საკითხთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა ისევ ძალაშია.

“ეს საკითხი ყველაზე პრობლემური ელემენტია აშშ-სა და საქართველოს თანამშრომლობით ურთიერთობებში – თბილისი ძალიან ცდილობს მიიღოს (ან იყიდოს) ამერიკული “თავდაცვითი” შეიარაღება, ხოლო აშშ მერყეობს,” – ნათქვამია სტატიაში.

სტატიაში ასევე გამოყოფილია სამხედრო თანამშრომლობასთან დაკავშირებით პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადება:

“ჩვენ მადლიერნი ვართ ნატოში ჩვენი სწრაფვის მხარდაჭერისათვის. ჩვენ ძალიან მადლობელი ვართ ჩვენი შემდგომი სამხედრო თანამშრომლობის განმტკიცებისთვის და იმის გამო, რომ ლაპარაკობთ საქართველოს თავდაცვით შესაძლებლობებსა და მათ განვითარებაზე, ეს, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი მესიჯია ჩემი ქვეყნისთვის,” – განაცხადა სააკაშვილმა.

თუმცა კუცერა აქვე აღნიშნავს, რომ ობამას რეალურად არ “ულაპარაკია საქართველოს თავდაცვით შესაძლებლობებზე” ისე, რომ სააკაშვილს ასეთი ვარაუდი გასჩენოდა – “ეს, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი მესიჯია ჩემი ქვეყნისთვის.” თუ ამ რეპლიკას მცირეოდენი ინტერპრეტაციით წავიკითხავთ, იმის გამო, რომ ობამამ საკითხი საჯაროდ არ ახსენა, ეს ნათქვამი მისი მისამართით გამოთქმულ მსუბუქ საყვედურს წააგავს. შესაძლოა, მათ პრივატულად ამ საკითხზე იმსჯელეს, მაგრამ ის ფაქტი, რომ ობამას არ უნდოდა ამაზე საჯაროდ ლაპარაკი, მრავლისმეტყველია. მოკლედ, ისე ჩანს, რომ შეიარღების საკითხთან დაკავშირებით ცოტა ხანს ლოდინი მოგვიწევს, – აღნიშნულია კუცერას სტატიაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი