ახალი ამბები

ბარაკ ობამა: საქართველომ უნდა იამაყოს პროგრესით

31 იანვარი, 2012 • • 1056
ბარაკ ობამა: საქართველომ უნდა იამაყოს  პროგრესით

“საქართველომ უნდა იამაყოს იმ პროგრესით, რომელსაც მან მიაღწია, როგორც სუვერენულმა და დემოკრატიულმა ქვეყანამ. მე ვაფასებ და გამოვხატავ მადლიერებას საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების მშენბლობის თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია, რომ უმცირესობების პატივისცემა ხდება, პოლიციის სისტემა და კანონის უზენაესობა დაცულია,” – ამის შესახებ აშშ–ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ თეთრ სახლში საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.

საქართველოში დემოკრატიასა და უმცირესობებზე საუბრისას ობამამ საქართველოს რუსეთი უწოდა, თუმცა ეს შეცდომა იქვე გაასწორა.

მისივე თქმით, ის იმედოვნებს, რომ არჩევნები ჩატარდება სამართლიანად და იქნება თავისუფალი, რათა არჩევნების გზით მოხდეს ხელისუფლების ფორმალური გადაცემა.

“ვთვლი, რომ არჩევნები გაამყარებს იმ რეფორმებს, რომლებიც უკვე განხორციელდა საქართველოში,” – აღნიშნა ობამამ.

ბარაქ ობამას თქმით, საქართველო უნდა ამაყობდეს იმ პროგრესით, რასაც მან, როგორც დემოკრატიულმა და სუვერენულმა სახელმწიფომ, ბოლო წლების განმავლობაში მიაღწია.

“საქართველო არის პასუხისმგებელი მოთამაშე მსოფლიო სცენაზე და იმედი გვაქვს, პრეზიდენტის ლიდერობით კიდევ მეტ ნაბიჯებს გადადგამს”, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

საუბრის დასაწყისში ბარაქ ობამამ ხაზი გაუსვა საქართველოს დამოუკიდებლობის ოც და “ვარდების რევოლუციის” 8 წლისთავის აღნიშვნას.

ობამამ ასეევე აღნიშნა, რომ პრეზიდენტების საუბრის თემა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებას შეეხო, მათ შორის ეკონომიკური კუთხით.

“ჩვენ განვიხილეთ, როგორ შეიძლება გაგრძელდეს ურთიერთობა ორ ქვეყანას შორის, მათ შორის ეკონომიკური კუთხით. საქართველომ დიდი ნაბიჯები გადადგა თავისუფალი ბაზრის შექმნის საქმეში. გვსურს გავზარდოთ სავაჭრო ურთიერთობები, მათ შორის, მოხდეს თავისუფალი ვაჭრობა. ბევრი რამ უნდა გაკეთდეს ამ მიმართულებით და მთავარია, ეს იყოს მომგებიანი ორივე ქვეყნისთვის. ასევე, უნდა განვითარდეს ბიზნესები, ერთმანეთის საქონელი და მომსახურება გავყიდოთ ბაზრებზე”, – აღნიშნა ბარაქ ობამამ.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა საქართველოს წვლილზეც ისაუბრა ავღანეთის სამშვიდობო მისიაში  და ოპერაციაში მონაწილეობის გამო მადლიერება გამოხატა.

“მე პრეზიდენტს მადლობა გადავუხადე, რომ თქვენი სამხედროები ავღანეთში არიან, რაც ძალიან დიდი წვლილია. იყო უბედური შემთხვევები, მაგრამ ვისაუბრეთ, როგორ შეიძლება განვაგრძოთ თანამშრომლობა ქვეყნებს შორის,” – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ბარაკ ობამასა და მიხეილ სააკაშვილის შეხვედრა თეთრი სახლის ოვალურ დარბაზში 30 იანვარს გაიმართა.

მასალების გადაბეჭდვის წესი