ახალი ამბები

პარლამენტმა სექსუალური შევიწროების შესახებ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა

23 ივნისი, 2016 • 1569
პარლამენტმა სექსუალური შევიწროების შესახებ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა

დღეს, 23 ივნისს პარლამენტმა მეორე მოსმენით, 22 ხმით 9-ის წინააღმდეგ ჩააგდო კანონპროექტი, რომლის მიხედვით სექსუალური შევიწროება ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ხდება.

10 ივნისს პარლამენტმა ეს კანონპროექტი 60 ხმით არც ერთის წინააღმდეგ მიიღო, დღეს კი მეორე მოსმენით მხარი არ დაუჭირა. კენჭისყრის წინ “ქართული ოცნების” ფრაქციის ლიდერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ კანონპროექტი დახვეწას საჭიროებს:

“ფრაქციაში ამ თემაზე ვიმსჯელეთ, აზრები გარკვეულწილად გაიყო, მაგრამ ძირითადად არ ვიზიარებთ იმ შეხედულებას, რაც ადამიანის უფლებათა კომიტეტს ჰქონდა. ჩვენ ამ კანონპროექტის სულისკვეთებას ვეთანხმებით, შევიწროება- მანდილოსნების იქნება თუ ნებისმიერი  სხვა შევიწროება- მით უმეტეს, სექსუალური ნიადაგზე, კატეგორიულად მიუღებელია, მაგრამ ვფიქრობთ, რომ კანონპროექტი მეტ დახვეწას და სრულფასოვნებას მოითხოვს. ფრაქციას ერთმნიშვნელოვანი მოსაზრებაა ამ საკითხზე. ასე რომ, კენჭისყრა თავისუფალი რეჟიმით არის ჩვენს ფრაქციაში [ვისაც სურს მხარი დაუჭიროს, ვისაც არ სურს – არა].”

კანონპროექტის მიხედვით, სამართალდარღვევათა კოდექსს” ახალი მუხლი ემატება, რომელიც შრომითი ურთიერთობებისას სექსუალურ შევიწროებას ეხება. კერძოდ,  ცვლილებების თანახმად, შრომითი ურთიერთობებისას სექსუალური ხასიათის ნებისმიერი არასასურველი სიტყვიერი ან ფიზიკური ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს, ან იწვევს პირის ღირსების შელახვას, ან მისთვის დამამცირებელი, მტრული ან შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნას – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. იმავე ქმედების გამეორება ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან 1 წლის განმავლობაში გამოიწვევს 1000 ლარით დაჯარიმებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი