ახალი ამბები

საქართველოში მოქმედი 70-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია ნატოს მიმართავს

23 ივნისი, 2016 • 1864
საქართველოში მოქმედი 70-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია ნატოს მიმართავს

საქართველოში არსებული 70-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია ხელს აწერს ღია წერილს, რომლის ადრესატიც ჩრდილოატლანტიკური საბჭო და ნატოს გენერალური მდივანია. როგორც ერთ-ერთი ხელმომწერი ორგანიზაციის, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, ანა ნაცვლიშვილი ამბობს, წერილის მიზანი ჩრდილოატლანტიკური ალიანსისთვის იმის დადასტურებაა, რომ ნატო არა მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების, არამედ ქართული საზოგადოებისა და სახელმწიფოს ერთიანი არჩევანია:

ჩვენ გაერთიანებული ძალებით და ერთიანი ხმით გვინდა გადაწყვეტილების მიმღებ პირებს მივაწვდინოთ ხმა ქართული სამოქალაქო საზოგადოების წამომადგენლებმა და დავუდასტუროთ, რომ ნატო – ეს არ არის ქართული ხელისუფლების არჩევანი, ეს არის ქართული საზოგადოების, საქართველოს სახელმწიფოს არჩევანი, ხელისუფლებასთან ერთად,  ბუნებრივია,” – ამბობს ნაცვლიშვილი.

წერილის ავტორთა აზრით, პოზიციის ასეთი ფორმით დაფიქსირება ვარშავის სამიტის წინ განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.

“ჩვენი ღრმა რწმენით საქართველოს ახლა სჭირდება, რომ ვარშავის სამიტზე გმაოიკვეთოს ნატოში გაწევრიანების მკაფიო გზა. ეს დაიცავს ევროატლანტიკურ ინტერესებს და დაეხმარება იმ პრინციპების გაძლიერებას, რომლებსაც ეფუძნება ალიანსი. ჩვენ მოველით, რომ ვარშავის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებები შექმნის ნატო-საქართველოს პოლიტიკური და სამხედრო თანამშრომლობის რეალური შესაძლებლობების სრულად გამოყენების საშუალებას და მოგვცემს და უზრუნველყოფს ყველა მოკავშირის ვალდებულებას, ჩაერთოს საქართველოს დემოკრატიული განვითარების, ინსტიტუციური რეფორმების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის გაძლიერების საქმეთი,” – ვკითხულობთ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მომზადებულ წერილში.

საქართველოს ევროატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი დავით სიხარულიძე ფიქრობს, რომ კონკრეტული მიმართვა ხაზს უსვამს ნატოში ინტეგრაციის მნიშვნელობას, როგორც საქართველოს სამომავლო განვითარებისთვის, ასევე ერთიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპის მშნებლობისთვის. სიხარულიძე ყურადღებას ხელმომწერი ორგანიზაციების მრავალფეროვნებაზეც ამახვილებს:

აღსანიშნავია, რომ ამ წერილს არ აწერენ ხელს მხოლოდ ის ორგანიზაციები, რომლებიც კონკრეტულად მუშაობენ საგარეო პოლიტიკურ საკითხებზე, არამედ ბევრად უფრო ფართოა წრე იმ ორგანიზაციებისა, რომლებიც შემოუერთდნენ. ეს არის ორგანიზაციები, რომლებიც დემოკრატიის მხარდასაჭერად მუშაობენ საქართვლეოში, ეკონომიკური განვითარების მხარდასაჭერად და ა.შ. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ნატოში გაწევრიანება არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არა მხოლოდ საქართველოს უსაფრთხოების განსამტკიცებლად, არამედ ეკონომიკური და სოციალური განვითარებისთვის,”- ამბობს სიხარულიძე.

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ღია წერილს ხელს მედიის გნავითარების ფონდიც აწერს. როგორც ორგანიზაციის თავმჯდომარე თამარ კინწურაშვილი ამბობს, მომძლავრებული რუსული პროპაგანდის ფონზე კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ის მიღწევები, რაც საქართველოს ნატოსკენ მიმავალ გზაზე ჰქონდა, უფრო განმტკიცდეს:

ეს  არის ერთადერთი გზა გადარჩენის ჩვენი ქვეყნისთვის. ერთი მხრივ, არის დახურული საზოგადოება, ავტორიტარული რეჟიმი რუსეთის, რომელსაც აქვს ოკუპირებული ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების დიდი ნაწილი, მეორე მხრივ, არის ღია, დემოკრატიული საზოგადოება და, სამწუხაროდ, რუსეთი ამ ღია საზოგადოების მიღწევებს, იმავე მედიას იყენებს, აი, ამ დემოკრატიული საზოგადოების წინააღმდეგ,” – ამბობს კინწურაშვილი.

მიმართვას ორგანიზაციები ჩრდილოატლანტიკურ საბჭოსა და ნატოს გენერალურ მდივანს დღეს, 23 ივნისს გაუგზავნიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი