ახალი ამბები

მღებრიშვილი გერლიანის დეპორტაციას “ოდესელების” მხრიდან დაგეგმილ პროვოკაციად აფასებს

23 ივნისი, 2016 • 1393
მღებრიშვილი გერლიანის დეპორტაციას “ოდესელების” მხრიდან დაგეგმილ პროვოკაციად აფასებს

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი ე.წ. კანონიერი ქურდის, დავით გერლიანის შესახებ უკრაინის შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მის დეპორტაციაზე ინფორმირებული იყო საქართველო, პროვოკაციად აფასებს. ჟურნალიტების კითხვაზე, ვისი მხრიდან დაგეგმილი პროვოკაცია იყო ეს, მინისტრი პასუხობს, რომ “ოდესელების”.

“ეს იყო წმინდა წყლის პროვოკაცია, სხვას ვერაფერს დავარქმევ ამას, მაგრამ არაუშავს, რაც არ გვკლავს – ის გვაძლიერებს. გარემოებები უნდა შეფასდეს ობიექტურად. ნებისმიერ შემთხვევაში, იყო თუ არა ეს გამოძევება თუ დეპორტი, ქართული მხარე უნდა ყოფილიყო საქმის კურსში. კიდევ ერთხელ გიმეორებთ, რომ არაერთხელ გასაჯაროვდა კანონიერი ქურდების სია, რომლებიც 2006-დან 2012 წლამდე საქართველოს საზღვარი გადმოკვეთეს ოფიციალურად და მათ მიმართ არანაირი ზომები არ იქნა გატარებული. არავინ დაკავებული არ ყოფილა და თავისუფლად გადაადგილდებოდნენ ეს ადამიანები. გერლიანის შემთხვევაშიც გეუბნებით მე თქვენ, რომ მის მიმართ სისხლის სამართლის საქმე არ წარმოებდა და ის ძებნაში არ იყო,” – აცხადებს მინისტრი.

მინისტრმა გერლიანის დაკავების შესახებ ინფორმაცია 22 ივნისს გაავრცელა. მინისტრის თქმით, შსს-მ სამძებრო ღონისძიებები 19 ივნისს დაიწყო და სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით მიმდინარეობს, რაც ქურდული სამყაროს წევრობას გულისხმობს.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, გივი თარგამაძემ 19 ივნისს განაცხადა, რომ დავით გერლიანი ოდესიდან საქართველოში 18 ივნისს დაადეპორტეს, თუმცა იგი თბილისის აეროპორტში შსს-ს წარმომადგენლებს არ დაუკავებიათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი