ახალი ამბები

საგარეო უწყების აზრით, თურქეთში ქართველებისთვის რეჟიმი არ მკაცრდება

31 იანვარი, 2012 • • 1126
საგარეო უწყების აზრით, თურქეთში  ქართველებისთვის რეჟიმი არ მკაცრდება

“თურქეთის მიერ სავიზო რეჟიმთან დაკავშირებით მიღებული კანონი საქართველო-თურქეთს შორის სავიზო რეჟიმის შესახებ გაფორმებული შეთანხმების პირობებს არ პასუხობს”, -განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ჯალაღანიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

“თურქეთის მხარე აპირებს, რომ შემოიღოს საზოგადოდ, არა მარტო საქართველოსთვის, მის კანონმდებლობაში ცვლილება და დამატებითი პირობა შემოიტანოს უვიზოდ ქვეყანაში ყოფნის ხანგრძლივობასთან დაკავშირებით. თუმცა, მინდა აღვნიშნო, რომ ამით საქართველოს მოქალაქეთათვის თავად რეჟიმი არ უარესდება,” – აცხადებს დავით ჯალაღანია.

თუმცა ჯალარანიას ინფორმაციით ქართული მხარე კვლავ აწარმოებს მოლაპარაკებებს და დიალოგს თურქულ მხარესთან:”ჩვენ მიგვაჩნია, რომ ორმხრივად გაფორმებული შეთანხმების პირობებიდან გამომდინარე, ეს არ ეპასუხება იმ პირობებს, რომელიც გვაქვს ორმხრივად ხელმოწერილი”.

მინისტრის მოადგილე  ხაზს უსვამს, რომ დისკუსიის საგანი მხოლოდ და მხოლოდ  არის ის, რომ მათი შიდა კანონმდებლობის ცვლილება მაქსიმალურად იყოს მოყვანილი ჩვენს ორმხრივ რეჟიმთან შესაბამისობაში.

აქამდე მოქმედებდა ქართულ–თურქულ მხარეებს შორის 2011 წლის 10 დეკემბერს მიღწეული შეთანხმება, რომლის თანახმადაც  საქართველოს მოქალაქეებს უვიზოდ ყოფნა თურქეთის რესპუბლიკის სახელმწიფოს ტერიტორიაზე 90 დღის განმავლობაში შეეძლოთ.

ხოლო, 2012 წლის 1 თებერვლიდან თურქეთში ძალაში შედის ცვლილება, რომლის თანახმადაც, სხვა ქვეყნის მოქალაქე ვალდებულია,  თურქეთის საზღვრის გადალახვიდან 3 თვის (90 დღის) შემდეგ დატოვოს თურქეთის ტერიტორია, დაბრუნდეს მშობლიურ ქვეყანაში და მხოლოდ 3 თვის (90 დღის) შემდეგ მიეცემა თურქეთში ხელმეორედ შესვლის უფლება. აქამდე თურქეთში დაბრუნებისათვის ვადა არ იყო განსაზღვრული.

მასალების გადაბეჭდვის წესი