ახალი ამბებისაზოგადოება

ქალები განათლების გარეშე

22 ივნისი, 2016 • 4045
ქალები  განათლების გარეშე

ადრე დაქორწინებული გოგონების ნაწილი საშუალო განათლებასაც კი ვერ იღებს.  წლების შემდეგ კი მათ ოჯახის რჩენა მძიმე ფიზიკური შრომით უწევთ.

გულიზა ასლანოვა და ზარნიშან მამმადოვა

გულიზა ასლანოვა და ზარნიშან მამმადოვა

გულიზა  ასლანოვა წარმოშობით თელავის რაიონის სოფელ ყარაჯალადანაა. შვილიშვილის ავადმყოფობის გამო 5 წლის წინ მისი ოჯახი საცხოვრებლად თბილისში გადმოვიდა. ახლა გულიზა დეზერტირების ბაზარში მწვანილს ჰყიდის.

„7 კლასი მაქვს დამთავრებული. 15 წლის  ვიყავი, როცა ოჯახმა გამათხოვა. არც უკითხავთ, მინდოდა თუ არა გათხოვება. ნეტავ, ესწავლებინათ რამე. ახლა ასე არ ვიწვალებდი. მეუღლეს დამბლა აქვს და მუშაობა არ შეუძლია. 5 წლის შვილიშვილი მყავს, რომელიც ვერ ლაპარაკობს – სმენა არა აქვს. საუბარი რომ შეძლოს, სმენის აპარატი უნდა ვუყიდოთ. აპარატი ძალიან ძვირი ღირს და ბაზარში მწვანილის გაყიდვით მას ვერ ვიყიდით. ვმუშაობ, რომ თავი გავიტანოთ.“

ზარნიშან მამმადოვა ბაზრის შესასვლელში  დგას. გულიზას მსგავსად, ისიც მწვანილს ჰყიდის. „ფონიჭალაში ვცხოვრობ. მწვანილი ჩვენ არ მოგვყავს. ღამის სამ საათზე გამოვდივარ  სახლიდან, რომ მწვანილი ვიყიდო. დილის 5 საათზე უკვე აქ ვარ. ადრე  ბაზარში შიგნით მქონდა დახლი. იქ ყოველდღიურად ფულის გადახდა იყო საჭირო. შემოსავალი ცოტაა, არ გვყოფნის. იძულებული ვარ, გარეთ, გზაზე დავდგე და მწვანილი აქ გავყიდო. ოჯახმა თავის დროზე სწავლის უფლება არ მომცა. ოთხი კლასის დამთავრების შემდეგ მწყემსად გამაგზავნეს. 10 კლასი რომ დამემთავრებინა, ანგარიში მაინც მეცოდინებოდა.“

მაჰირა ჰუსეინოვა

მაჰირა ჰუსეინოვა

მაჰირა ჰუსეინოვა ბაზარში ყოველდღე გარდაბანიდან მოდის. წლებია, ეს მისი სამსახურია. „ის ხილ-ბოსტნეული, რასაც ვყიდი,  ჩვენ თვითონ მოგვყავს. ყოველდღე,  ღამის პირველზე, პროდუქტი ბაზარში მოგვაქვს. დილის ხუთ საათზე დახლი უკვე დალაგებული მაქვს. გზის ხარჯისა და ბაზრის გადასახადის გამო ბევრი  არაფერი გვრჩება. მყიდველი ცოტაა, გამყიდველი კი – ბევრი. ჩემი ბიჭები არ მუშაობენ. ოჯახის შენახვის ტვირთი მე მაწევს. 9 კლასი დავამთავრე და გამათხოვეს. მითხრეს, რომ ჩემი სწავლის საშუალება არ ჰქონდათ. ქართული ენაც კი არ ვიცი. ცოტ-ცოტა  ახლა ვისწავლე.“

კამილა ალიევა

კამილა ალიევა

51 წლის კამილა ალიევა გარდაბნის რაიონის სოფელ ყარაჯალადანა. ოჯახის გადაწყვეტილებით, ისიც სრულწლოვანების მიღწევამდე გაათხოვეს: „გათხოვება უნდოდა თუ არა, იმ დროს გოგოს არც კი ეკითხებოდნენ. გვეუბნებოდნენ, ვინც ისწავლა, იმან რა მოიგო და შენ რა უნდა მოიგოო. ახლა თქვენც ხედავთ, რა დღეში ვართ. რომ გვესწავლა, ასე არ ვიწვალებდით. დილიდან საღამომდე აქ ვდგავართ, შემოსავალი კი არაფერია. ყველას ვეუბნები, რომ გოგონებმა აუცილებლად უნდა ისწავლონ.“

მეჰრიბან ჯაფაროვა

მეჰრიბან ჯაფაროვა

მეჰრიბან ჯაფაროვა მარნეულის რაიონის სოფელ ლეჟბადინიდინაა. ამბობს, რომ განათლება ვერც თვითონ მიიღო და ვერც შვილს ასწავლა: ქალიშვილი 14-15 წლის რომ გახდებოდა, მეზობლები და ნათესავები ამბობდნენ, უნდა გათხოვდესო. თუ არ გათხოვდებოდა, მოიტაცებდნენ. სწავლა-განათლებისთვის საჭირო ფული ბევრ ოჯახს არ ჰქონდა. უმაღლესი სასწავლებლები რაიონებში არ არის, ოჯახები კიდევ  სწავლის მიზნით გოგონების სადმე გაგზავნას ერიდებოდნენ. ჩვენც გვიჭირდა ფინანსურად, შვილი ადრე გავათხოვე და ვერც მან ისწავლა. ახლა ჩემს საქციელს ძალიან ვნანობ. შვილიშვილი გოგონები სწავლობენ. მართალია, კიდევ არიან ისეთი ოჯახები, რომლებიც გოგონებს ადრეულ ასაკში ათხოვებენ და განათლების მიღების საშუალებას არ აძლევენ, მაგრამ ასეთი ოჯახების რაოდენობა სულ უფრო მცირდება. ნასწავლი გოგონების რაოდენობა კი იზრდება.“

საქართველოს სახალხო დამცველის ოფისის ინფორმაციით, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში საქართველოს აქვს ნაადრევი ქორწინების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი- ისევე, როგორც მოლდოვას  (19%) და თურქეთს (14%).

ადრე დაქორწინებული გოგონების ნაწილი საშუალო განათლებასაც კი ვერ იღებს და  ფინანსურად სხვაზე დამოკიდებული ხდება.

გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, საქართველოში 15-19 წლის ასაკში დაქორწინებულ ქალთა 49 პროცენტს განათლება არ აქვს მიღებული. მათ 34 პროცენტს მხოლოდ დაწყებითი სასკოლო განათლება აქვს, საშუალო და უმაღლესი განათლება კი მხოლოდ  – 7.1 პროცენტს

18 წლამდე დაქორწინებულ ქალთა 29,1 პროცენტი ყველაზე ღარიბი ფენის წარმომადგენელია, 21 პროცენტი საშუალო სიღარიბის მქონე ფენას წარმოადგენს, 18.3 პროცენტი კი საშუალო შემოსავლის მქონეთა კლასს.


სტატია მომზადებულია თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის პროექტის ფარგლებში, რომელიც საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი. ავტორის/ავტორების მიერ სტატიაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს   და ნეტგაზეთის პოზიციას.

მასალების გადაბეჭდვის წესი