ახალი ამბები

თევდორაძე: ლორთქიფანიძესთან ინციდენტის მონაწილეებისთვის პროკურატურა პატიმრობას ითხოვს

22 ივნისი, 2016 • 1612
თევდორაძე: ლორთქიფანიძესთან ინციდენტის მონაწილეებისთვის პროკურატურა პატიმრობას ითხოვს

პროკურატურა 2015 წლის 3 ოქტომბერს ქუთაისში, რუსთავი 2-ის მხარდამჭერ აქციაზე “ქართული ოცნების” წევრი დეპუტატის, დავით ლორთქიფანიძისთვის მიყენებული ფიზიკური შეურაცხყოფის გამო ბრალდებულების დაკავებას მოითხოვს – ამის შესახებ ნეტგაზეთს “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა გიორგი თევდორაძემ განუცხადა.

ნეტგაზეთმა საქართველოს მთავარ პროკურატურაშიც სცადა ინფორმაციის გადამოწმება, თუმცა ჯერ პასუხი არ მიგვიღია.

ნიკა ნარსია, მირიან დეისაძე და კახაბერ გაბუნია 3 ოქტომბერს ქუთაისში დააკავეს. მათ პარლამენტის შენობასთან პარლამენტის წევრ დავით ლორთქიფანიძისათვის ფიზიკური შეურაცხოფის მიყენება ედებათ ბრალად. ბრალდებულებს 25 დეკემბრამდე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ჰქონდათ შეფარდებული, შემდეგ კი 3-3 ათასლარიანი გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს. საქმეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით ახალბედაშვილი იხილავს.

“მორიგი სხდომა ჩატარდა 19 ივნისს, სადაც პროკურატურამ თავისი დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა და ამ დასკვნით სიტყვაში, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მყიფეა, ძალიან შეუსაბამოა და სასაცილოა ის მტკიცებულებები, რომლებიც მთელი ამ პროცესის განმავლობაში ჰქონდა პროკურატურას, მაინც დააყენეს შუამდგომლობა პატიმრობაზე, მიუხდედავად იმისა, რომ არსებობს სხვა სადამსჯელო ღონისძიებები, მაგალითად, ფულადი ჯარიმა, პირობითი სასჯელი, რაც იმას მიანიშნებს, რომ დღეს საქართველოში არსებობს შერჩევითი სამართალი – ეს არის ამის ნათელი დასტური.,”- განაცხადა გია თევდორაძემ.

მან ნეტგაზეთს ასევე მიაწოდა დოკუმენტი, სადაც საუბარია სასამართლოს წინაშე დაყენებულ პროკურატურის მოთხოვნაზე:

გიორგი თევდორაძის მიერ გასაჯაროვებული ინფორმაცია

გიორგი თევდორაძის მიერ გასაჯაროვებული ინფორმაცია

თევდორაძის განცხადებით, მორიგი სასამართლო პროცესი, სადაც დაცვის მხარემ უნდა წარმოთქვას დასკვნითი სიტყვა, დაახლოებით 1 თვეში გაიმართება.

“ეს პროცესი იწელება უსასრულოდ. ეს არის წნეხის ერთ-ერთი საშუალება, ასე მიაჩნია, ყოველ შემთხვევაში, ბიძინა ივანიშვილს და ხელისუფლებას,”- განაცხადა მან.

მასალების გადაბეჭდვის წესი