ახალი ამბები

ISFED: საარჩევნო სისტემის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება კვლავაც ვერ მოხერხდა

21 ივნისი, 2016 • 1504
ISFED: საარჩევნო სისტემის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება კვლავაც ვერ მოხერხდა

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED) 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო გარემოს აფასებს. კვლევა საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის შესწავლას, პოლიტიკური და მედიაპლურალიზმის კუთხით არსებული მდგომარეობის ანალიზს ეფუძნება.

კვლევაში ყურადღება იმ ფაქტორებზეა გამახვილებული, რომლებიც, ორგანიზაციის აზრით,  წინასაარჩევნო გარემოს საფრთხის ქვეშ აყენებს – მათ შორის, პოლიტიკოსებზე ძალადობისა და პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით შანტაჟის მცდელობებზე სახელმწიფოს მხრიდან არაეფექტური რეაგირებაა.

2016 წლის 22 მაისს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, ქ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის კორცხელის საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე მმართველი კოალიციის მხარდამჭერი ჯგუფი ფიზიკურად გაუსწორდა ოპოზიციური პარტიის – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს.

“ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცველებმა ვერ უზრუნველყვეს ძალადობის პრევენცია და სამართალდამრღვევთა დაკავება. ინცინდენტის შემდგომ პერიოდში იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ პროკურატურა აჭიანურებდა ინციდენტში მონაწილე პირების დროულ გამოვლენასა და პასუხისგებაში მიცემას. მიგვაჩნია, რომ სამართალდამცავთა მხრიდან ადგილზე არაეფექტური რეაგირება და შემდგომში პროკურატურის ქმედებები, მათ შორის მძიმე დანაშაულის მიმართ შედარებით მსუბუქი აღმკვეთი ღონისძიების – გირაოს შეფარდების მოთხოვნა შეიცავს ხელისუფლების მხრიდან შერჩევითი მიდგომის ნიშნებს” – ნათქვამია ISFED-ის მიერ ჩატარებულ კვლევაში.

ორგანიზაცია ყურადღებას ამახვილებს 2016 წლის მარტსა და შემდგომ თვეებში სოციალურ ქსელებში გავრცელებულ პირადი ცხოვრების შესაძლო ამსახველი კადრების გავრცელებაზეც, რომელებსაც თან ახლდა ჟურნალისტებისა და პოლიტიკოსების მიმართ მუქარის შემცველი ტექსტები. კვლევაში ნათქვამია, რომ მსგავსი ფაქტების წარსულში არაეფექტურმა გამოძიებამ შექმნა პოლიტიკური სპექტრის შანტაჟის საფრთხე, რაც უარყოფითად აისახება საარჩევნო გარემოზეც. გარდა ამისა, ISFED-ის შეფასებით, გამოთქმული მუქარის ძირითადი ადრესატები ქალები იყვნენ, რაც კიდევ უფრო გაართულებს მათ პოლიტიკაში ჩართულობის წახალისებას.

კვლევა წინასაარჩევნოდ მედიაგარემოს შეფასებასაც მოიცავს. ISFED უარყოფითად აფასებს სხვადასხვა ტელევიზიის საეთერო ბადეში არსებული თოქ-შოუების დახურვას და ტელეკომპანიების მფლობელობასთან წამოწყებულ დავებს:

“რუსთავი-2-ის წილებთან დაკავშირებული სასამართლო პროცესები, განსაკუთრებით, საქმის განხილვის პირველ ინსტანციაში სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები, ასევე, ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ გაკეთებული განცხადებები რუსთავი 2-ის „ნამდვილი მფლობელების თაობაზე,“  წარმოქმნის ეჭვებს, რომ აღნიშნული დავა სცილდება კერძო მფლობელთა შორის მიმდინარე სამართლებრივ დავას და მიზნად ისახავს რუსთავი 2-ის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას,” – ნათქვამია კვლევაში.

მეწილეებს შორის დავას ტელეკომპანია “მაესტროს” გენერალური დირექტორის ცვლილებაც მოჰყვა. ტელეკომპანიაში საარჩევნო კამპანიის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე ორი ანალიტიკური გადაცემა დაიხურა, რამდენიმე ჟურნალისტს კი კონტრაქტი შეუწყდა.

ISFED მიიჩნევს, რომ მმართველი პოლიტიკური ძალის მიმართ კრიტიკულად განწყობილი მედიის არსებობა თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს უმნიშვნელოვანესი გარანტია, მსგავსი პროცესები კი მედიის საქმიანობას ხელს უშლის.

გარდა ამისა, მიუხედავად არაერთი ინიციატივისა, ორგანიზაციის აზრით, კვლავაც ვერ მოხერხდა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სისტემის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება. მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრების ცვლილებები და ბარიერის ზრდა არ არის საკმარისი საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული პრობლემების აღმოსაფხვრელად.

სადამკვირვებლო არასამთავრობო ორგანიზაციების მიაჩნიათ, რომ არსებული საარჩევნო სისტემა იძლევა არაპროპორციული და, შესაბამისად, უსამართლო შედეგის დადგომის შესაძლებლობას. კერძოდ, დომინანტ პარტიას მაჟორიტარული არჩევნების ხარჯზე შესაძლებლობა აქვს მოიპოვოს იმაზე გაცილებით მეტი მანდატი, ვიდრე პროპორციულ არჩევნებში მათი რეალური მხარდაჭერაა.

პრობლემურადაა მიჩნეული სპეციალურ საარჩევნო უბნებთან დაკავშირებით ხელისუფლების მიერ ინიცირებული კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, სამხედო მოსამსახურეებს კვლავ რჩებათ უფლება, მონაწილეობა მიიღონ მაჟორიტარული დეპუტატის არჩევაში იმ საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე, სადაც რეგისტრირებულები არ არიან. ISFED-ის აზრით, სამხედრო მოსამსახურეების მიერ ხმის მიცემის წესის არსებული პრაქტიკა შეიცავს არჩევნების შედეგებით მანიპულირების საფრთხეს.

ორგანიზაცია პრობლემების გადაჭრისათვის რეკომენდაციებსაც აქვეყნებს:

 დროულად უნდა მოხდეს საარჩევნო კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებების მიღება, რათა საარჩევნო პროცესში ჩართულ მხარეებს ჰქონდეთ საარჩევნო კამპანიის სრულფასოვნად და ინფორმირებულად განხორციელების შესაძლებლობა;
 დარჩენილ სასესიო ვადაში უნდა მოხდეს იმ კანონპროექტების მხარდაჭერა, რომლებიც არა ზედაპირულად, არამედ არსებითად აუმჯობესებს საარჩევნო კანონმდებლობაში არსებულ ხარვეზებს;
 ხელისუფლებასა და სამართალდამცავებს უნდა ჰქონდეს პოლიტიკურად აქტიური პირების მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტებზე დროული, მკაცრი და ეფექტური რეაგირება;
 პოლიტიკურმა სუბიექტებმა უნდა უზრუნველყონ მათი მხარდამჭერების მიერ  ოპონენტების მიმართ ნებისმიერი სახის ძალადობის, მისი პროვოცირებისა და წახალისების თავიდან აცილება;
 საარჩევნო ადმინისტრაციამ უნდა უზრუნველყოს საარჩევნო დავებთან დაკავშირებით არსებული ბუნდოვანების ერთგვაროვანი ინტერპრეტირება და ჩართული მხარეების ინფორმირება;
 უზრუნველყოფილი უნდა იყოს საარჩევნო პროცესების მრავალმხრივი, განსაკუთრებით კრიტიკული გაშუქება. უნდა გამოირიცხოს მედიის სარედაქციო პოლიტიკაში პოლიტიკური და ხელოვნური ჩარევის ნებისმიერი მცდელობა.
„სამართლიანი არჩევნები“ წინასაარჩევნო პერიოდს 70-მდე გრძელვადიანი დამკვირვებლის მეშვეობით მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე დააკვირდება. ორგანიზაციის დაკვირვების საგანი იქნება საარჩევნო ადმინისტრაციების საქმიანობა, პოლიტიკური პარტიების ამომრჩეველთან შეხვედრები, სავარაუდო წინასაარჩევნო დარღვევების ფაქტები, როგორიცაა ზეწოლა/მუქარის, ამომრჩევლის მოსყიდვისა თუ საარჩევნო მიზნებისთვის ამომრჩევლის მოსყიდვის შემთხვევები.
2016 წლის 8 ივნისს გამოქვეყნდა საქართველოს პრეზიდენტის 3 ივნისის განკარგულება, რომლითაც საპარლამენტო არჩევნების თარიღად 2016 წლის 8 ოქტომბერი განისაზღვრა. შესაბამისად, ოფიციალური წინასაარჩევნო პერიოდი 2016 წლის 8 ივნისიდან დაიწყო და 4 თვე გაგრძელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი