ახალი ამბები

ნოდარ ჯავახიშვილი: მერაბიშვილი სიცოცხლის ბოლომდე ციხეში უნდა იჯდეს

21 ივნისი, 2016 • 1597
ნოდარ ჯავახიშვილი: მერაბიშვილი სიცოცხლის ბოლომდე ციხეში უნდა იჯდეს

ვანო მერაბიშვილის საკნიდან შესაძლო გაყვანის თაობაზე გამოძიების დაწყების შესახებ კომენტარი მინისტრთა კაბინეტის წევრებმა გააკეთეს. ჟურნალისტებთან საქართველოს რეგიონული განვითარებისა ინფრასტრუქტურის მინისტრმაც ისაუბრა. ნოდარ ჯავახიშვილის თქმით, მისი აზრით, ვანო მერაბიშვილი ციხეში სიცოცხლის ბოლომდე უნდა იჯდეს:

“როგორც მინისტრი, ისე არ გეტყვით და ვანო მერაბიშვილი სიცოცხლის ბოლომდე უნდა ციხეში იჯდეს. ვანო მერაბიშვილი ციხეში იჯდება თუ არ იჯდება, ეს არც არაფორმალურ მმართველობაზე მიუთითებს და არც ადამიანის უფლებების დარღვევაზე. ვანო მერაბიშვილი გარეთ როცა იყო, მაშინ იყო ადამიანის უფლებები დარღვეული – ყველასი, სხვათა შორის, მთელ საქართველოში. და არა მარტო ვანო მერაბიშვილის, მის გვერდით უნდა იჯდეს უამრავი მისი ძმა და მეგობარი,” – ამბობს ნოდარ ჯავახიშვილი.

ვანო მერაბიშვილის საკნიდან შესაძლო გაყვანის თაობაზე პროკურატურამ გამოძიება დღეს დაიწყო.

“ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაიწყო გამოძიება ცალკეულ საჯარო მოხელეთა მიერ სამსახურეობრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით[სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება – მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია]”, – ნათქვამის საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებაში.

14 ივნისს სტრასბურგში ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ ვანო მერაბიშვილის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაქვეყნა. გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობის მიერ არ იქნა გამოძიებული ვანო მერაბიშვილის განცხადება, რომლის მიხედვითაც ის მალულად გაიყვანეს საკნიდან და შეახვედრეს მაშინდელ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს და ზეწოლის გზით შეეცადნენ მისგან ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას.

მასალების გადაბეჭდვის წესი