ახალი ამბები

სასოფლო-სამეურნეო სფეროში არსებული საგადასახადო შეღავათები შესაძლოა 1 წლით გაგრძელდეს

21 ივნისი, 2016 • 1749
სასოფლო-სამეურნეო სფეროში არსებული საგადასახადო შეღავათები შესაძლოა 1 წლით გაგრძელდეს

სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში დასაქმებული პირისათვის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის საშემოსავლო/ მოგების და ქონების გადასახადში არსებული საგადასახადო შეღავათების მოქმედება შესაძლოა დამატებით 1 წლით გაგრძელდეს. შესაბამისი ინიციატივით პარლამენტს გია ჟორჟოლიანმა და გელა სამხარაულმა მიმართეს.

“საგადასახადო კოდექსში” ცვლილებების შეტანის შესახებ მომზადებული კანონპროექტის თანახმად, გადასახადისგან გათავისუფლდება 2018 წლის 1 იანვრამდე სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში დასაქმებული პირის მიერ საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის პირველადი მიწოდებით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი, ასევე,  სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში დასაქმებული პირის მიერ ამ საქმიანობის ფარგლებში გაცემული ხელფასი, თუ კალენდარული წლის განმავლობაში ასეთი მიწოდებით მიღებული ერთობლივი შემოსავალი არ აღემატება 200 000 ლარს.

გადასახადისგან ასევე გათავისუფლდება 2018 წლის 1 იანვრამდე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივსა და მის წევრთა (მეპაიეთა) შორის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის შედეგად მიღებული, საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის მიწოდება ან/და ამ საქმიანობასთან დაკავშირებული მომსახურების გაწევა. ხოლო  2018 წლის 1 იანვრამდე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრის მიერ ამ კოოპერატივისაგან მიღებული დივიდენდები გადახდის წყაროსთან არ იბეგრება და დივიდენდების მიმღები პირის მიერ ერთობლივ შემოსავალში არ ჩაირთვება.

დღეს მოქმედი ნორმით, შეღავათები 2017 წლის 1 იანვრამდე ვრცელდება.

“კანონპროექტი ითვალისწინებს გარკვეული საგადასახადო შეღავათების გაგრძელებას, რაც გავლენას მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. თუმცა, რა ოდენობით, ამის განსაზღვრა წინასწარ შეუძლებელია,” – აღნიშნულია განამრტებით ბარათში.

მასალების გადაბეჭდვის წესი