ახალი ამბები

პროტესტის ნიშნად გოგირდის აბანოების ფუნქციონირება სამი დღით შეჩერდება

21 ივნისი, 2016 • 1373
პროტესტის ნიშნად გოგირდის აბანოების ფუნქციონირება სამი დღით შეჩერდება

თბილისში, აბანოთუბანში მდებარე გოგირდის აბანოების თანამშრომლები მორიგ გამაფრთხილებელ აქციას გეგმავენ. აქციის ორგანიზატორების თქმით, ისინი აბანოების ფუნქციონირებას სამი დღით  შეაჩერებენ. ამის მიზეზი, აბანოს მფლობელთა თქმით, მათი დაწესებულებებისთვის საკანილიზაციო მომსახურებაზე ტარიფების ზრდაა. იმ შემთხვევაში კი, თუ “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერთან”, რომელიც აბანოების მომსახურებას უზურნველყოფს, ტარიფის დაწევაზე შეთანხმება ვერ შედგება,  1 ივლისიდან აბანოების ფუნქციონირება შეწყდება.

როგორც აბანოთუბანში მდებარე ერთ-ერთი დაწესებულების მფლობელი, ნოდარ ტოტოღაშვილი ამბობს,  გადასახადის ზრდა მათ ტარიფების გადახედვას აიძულებს  და თუ დღეისთვის აბანოს საერთო განყოფილებით სარგებლობა 3-4 ლარი ღირს, ფასი 15-20 ლარამდე გაიზრდება. ტოტოღაშვილის თქმით, მომხმარებელი გაზრდილი გადასახადის დაფარვას ვერ შეძლებს, რაც აბანოების დახურვას და იქ დასაქმებული ადამიანების სამსახურის გარეშე დარჩენას გამოიწვევს.

2015 წლის თებერვლამდე აბანოები იხდიდნენ ფიქსირებულ გადასახადს, თვეში 700 ლარის ოდენობით. 2015 წლის თებერვლიდან კი, მას შემდეგ, რაც კომპანია GWP-ში მენეჯმენტი შეიცვალა, დაიწყო აღრიცხვის მოწესრიგება, რის შედეგადაც აბანოებს საკანალიზაციო მომსახურების გადასახადი ერიცხებათ სემეკის მიერ დადგენილი ტარიფის მიხედვით, რაც არის კომერციული ორგანიზაციებისთვის 85 თეთრი 1მჩამდინარე სითხის გატარება-გაწმენდის მომსახურებისთვის.

დავა სასამართლოშიც მიმდინარეობს. აქციის მონაწილეების თქმით, 5 მაისს გამართულ პროცესზე მოსამართლემ მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდა, თუმცა „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” მხრიდან მათ მიერ გაგზავნილ წერილს რეაგირება არ მოჰყოლია.

მე მივმართე განცხადებით GWP-ის ხელმძღვანელობას კონკრეტული ტექსტით, რომ მზად ვარ შეხვედრისათვის და მოლაპარაკებისთვის. მზადყოფნა გამოვთქვი ჩემი კომპანიის სახელით, რომ გადავიხდიდი თვეში 15000 ლარს. რაზეც მივიღე არაფრის მომცემი პასუხი,” – ამბობს ტოტოღაშვილი.

მისი თქმით, გაზრდილი ტარიფის პირობებში, აბანოს მფლობელები გადასახადს კვლავ ძველი ტარიფით იხდიდნენ, რამაც ჯარიმის დაგროვება გამოიწვია:

წელიწადნახევარია ვიბრძვით, რომ ცივილური წესით მოგვეხდინა შეთანხმება, მივმართეთ ყველა სტრუქტურას, მათ შორის GWP-საც, რათა შექმნილიყო კომისია, შეესწავლათ საკითხი და მიგვეღო რეალური გადაწყვეტილება. მხოლოდ და მხოლოდ გაიზარდა დავალიანება ამ წელიწადნახევრის მანძილზე 5 აბანოსთვის და შეადგინა 400 000 ლარზე მეტი,” – ამბობს ტოტოღაშვილი.

“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” ოფიციალურ განცხადებაში ნათქვმია, რომ კომპანია აბანოებს უწყვეტ, 24-საათიან მომსახურებას უწევს და საკუთარი კოლექტორის საშუალებით გარდაბნის გამწმენდ ნაგებობამდე ჩააქვს გოგირდის წყლები, რომელიც მნიშვნელოვნად აზიანებს კომპანიის ინფრასტრუქტურას და დაკავშირებულია კომპანიის მხრიდან არსებით ხარჯებთან. სწორედ ამ ხარჯების მიხედვითაა დათვლილი სემეკის მიერ ჩამდინარე წყლების ტარიფი.

“შეუძლებელია კომპანიამ დაუშვას გამონაკლისი და დაუწესოს აბანოებს უფრო დაბალი ტარიფი, რადგან სხვა კომპანიებს დისკრიმინაციულ მდგომარეობაში ვერ ჩავაყენებთ. ჯერ კიდევ დავის სასამართლოში გადატანამდე, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ შესთავაზა გოგირდის აბანოებს დაგროვილი დავალიანების გადანაწილება, თუმცა მათგან თანხმობა ვერ მიიღო. არაერთხელ გვქონდა მოლაპარაკების მცდელობაც, მაგრამ ნაცვლად მოლაპარაკებისა, აბანოების ხელმძღვანელები  დესტრუქციულ ქმედებებს მიმართავენ.მიუხედავად ზემოთ მოყვანილი ფაქტებისა, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს აბაოებისთვის მომსახურების გაწევას და კატეგორიულად ეწინააღმდეგება მათი მხრიდან ასეთი ტიპის განცხადებებსა და ქმედებებს” – ნათქვამია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” 17 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი