ახალი ამბები

ივანიშვილი “კვირიკაშვილის ეფექტის” წინააღმდეგ?

21 ივნისი, 2016 • 1922
ივანიშვილი “კვირიკაშვილის ეფექტის” წინააღმდეგ?

როგორ აისახება ბიძინა ივანიშვილის გააქტიურება გიორგი კვირიკაშვილზე, როგორც “ქართული ოცნების” ლიდერზე? უწევს თუ არა ივანიშვილის აქტიურობის გამო კვირიკაშვილს “ჩრდილში გადაწევა” და ხომ არ თამაშობენ პრემიერი და ექსპრემიერი “ცუდი და კარგი პოლიციელების” როლებს?

“კვირიკაშვილისა და ბიძინა ივანიშვილის სტილში გარკვეული განსხვავება არსებობს. მაგალითად, პრემიერ-მინისტრი, ზოგადად, არ არის ივანიშვილივით პირდაპირი და ძალისმიერი, ის უფრო ადვილი და ნიუანსირებული პერსონაა. თუმცა ამ ორ ადამიანს მსგავსი თვისებებიც აქვს. ორივე მათგანი მშვიდია, მაშინაც კი, როცა ძლიერი მოსაზრებების წინააღმდეგ აღმოჩნდებიან, წინა ხელისუფლების ლიდერებს თუ შევადარებთ”, – ეს კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორის, ლინკოლნ მიტჩელის მოსაზრებაა, რომელიც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების კამპანიის პროცესში ივანიშვილის მრჩევლად მუშაობდა.

“კვირიკაშვილის ეფექტი” – ამ სიტყვებში ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი პრემიერ-მინისტრის ახალ ეკონომიკურ მიდგომებსა და ინიციატივებს გულისხმობდა. თუმცა ზემოხსენებულ
“ფენომენში” ალბათ მართვისა და კომუნიკაციის ის სტილიც უნდა მოვიაზროთ, რომელიც კვირიკაშვილს
მისი თუნდაც წინამორბედისაგან განასხვავებს. საქართველოში პოლიტიკური პროცესების არაერთი დამკვირვებლის აზრით, კვირიკაშვილი ნაკლებად შემტევი, მშვიდი და უფრო კონსტრუქციული
სტილის დამკვიდრებას ცდილობს.

ახალმა პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებთან თავისი პირველი პრესკონფერენცია სწორედ ზემოხსენებული “კონსტრუქციული სტილის” ფარგლებში ჩაატარა, დააანონსა მომდევნო შეხვედრებიც მედიასაშუალებებთან, რომელიც ჯერ არ ჩატარებულა, თუმცა პოლიტიკურ პროცესში და ტელეეკრანებზე ცოტა ხნის წინ ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდა.

ხომ არ ამცირებს სივრცეს “კვირიკაშვილის კონსტრუქციული ეფექტისთვის” ბიძინა ივანიშვილი თავისი განსხვავებული სტილით და სადაა “ქართული ოცნების” გათვლა, როდესაც, ერთი მხრივ, ფსონს განსხვავებული რიტორიკის მქონე “კონსტრუქციულ ლიდერზე” დებს, ხოლო, მეორე მხრივ, პოლიტიკურ პროცესში საზოგადოებასთან კომუნიკატორად ბიძინა ივანიშვილს აბრუნებს?

“როგორც ჩანს, ივანიშვილს სწამს, რომ, პირველ რიგში, ის არის ძირითადი ძალა და საარჩევნო რესურსი, რომელმაც არჩევნები უნდა მოაგებინოს “ქართულ ოცნებას”. მისი გააქტიურება, ცხადია, წინააღმდეგობაში მოდის მის ზოგად განცხადებებთან, რომ ის პოლიტიკიდან წასულია, მაგრამ ლოგიკურ წინააღმდეგობებს არ ერიდება. მას სწამს, რომ თუ თვითონ ჩაებმება დისკუსიაში ჟურნალისტებთან თუ ექსპერტებთან, ამით ხალხს თავის სიმართლეში დააჯერებს. როგორც ჩანს, მას აქვს პირადი რწმენა და ესაა მთავარი. ის, რომ ამით გარკვეულწილად პრემიერის იმიჯი ზიანდება და ჩრდილში გადადის, როგორც ჩანს, ნაკლებად აწუხებს”, – ამბობს პოლიტოლოგი გია ნოდია.

რას მოუტანს ივანიშვილის წინა პლანზე წამოწევა “ქართულ ოცნებას”? NDI-ის ბოლო კვლევის მიხედვით,
რომელიც აპრილში გამოქვეყნდა, კვირიკაშვილისა და ივანიშვილის პერსონალური რეიტინგი დაახლოებით თანაბარია. კვირიკაშვილი ივანიშვილს 1 პროცენტით უსწრებს. თუმცა უნდა ითქვას, რომ “ქართული ოცნება” NDI-ის პოლიტიკურ რეიტინგებს უნდობლობას უცხადებს. ივანიშვილმა ერთ-ერთ ბოლო პრესკონფერენციაზე დაადასტურა, რომ ისინი თვითონ ატარებენ შიდა კვლევებს და საზოგადოების განწყობების შესახებ საქმის კურსში არიან.

ბიძინა ივანიშვილის არაფორმალური მმართველობის შესახებ საქართველოში არაერთხელ დაწერილა. საზოგადოებას ამ სტილის მმართველობის კრიტიკაც არაერთხელ მოუსმენია. თუმცა გია ნოდიას აზრით, მაშინ, როდესაც უკვე ცხადია, რომ ივანიშვილია “ქართული ოცნების” რეალური ლიდერი და ჟურნალისტების, ექსპერტებისა თუ ამომრჩევლის დიდ ნაწილს სწორედ ასეთი განცდა აქვს, ალბათ უფრო ჯანსაღია, რომ ივანიშვილი საარჩევნო პროცესში ღიად გამოჩნდა და ის გახდა საზოგადოებასთან ურთიერთობების თვალსაზრისით ძირითადი კომუნიკატორი.

ივანიშვილის გამოჩენასთან დაკავშირებით ნოდიასა და ლინკოლნ მიტჩელის აზრი ერთმანეთს ემთხვევა.

“პრემიერ-მინისტრი ფორმალური ლიდერია და, ცხადია, ქვეყანაში ყველაზე ძლიერ თანამდებობას იკავებს. მან ამ პოზიციაზე უფრო მეტი დამოუკიდებლობის დაფიქსირება მოახერხა, ვიდრე ეს მისმა წინამორბედმა შეძლო. საიდუმლო არ არის, რომ ივანიშვილი ქვეყანასა და “ქართულ ოცნებაში” კვლავ რჩება ძალიან ძლევამოსილ პირად. მე ველი, რომ ჩვენ ამ ორივე ადამიანისგან მომდევნო თვეებში უფრო მეტს მოვისმენთ. მე არ ვუყურებ ამას როგორც დემოკრატიის ტრაგედიას. ალბათ დემოკრატიისთვის უკეთესი იქნება, თუ ამომრჩევლები ივანიშვილს წინასაარჩევნო პროცესში უფრო ხშირად ნახავენ, რათა შეაჯამონ თავიანთი შეხედულებები, როდესაც ხმის მიცემის დრო დადგება”, – აცხადებს მიტჩელი.

ხომ არ ცდილობს ივანიშვილი საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფთან დისკუსიაში ჩაბმით და აქცენტის უშუალოდ მასზე გადატანით იმას, რომ კვირიკაშვილი შედარებით უფრო კომფორტულ სიტუაციაში
ჩააყენოს და თვითონ მიიღოს დარტყმა თუნდაც კრიტიკულ შეკითხვებზე პასუხის გაცემის თვალსაზრისით?

“არ მგონია, ივანიშვილი თვლიდეს, რომ ხალხისათვის “ქართული ოცნების” პოლიტიკის მიყიდვა კვირიკაშვილის საქმეა. ივანიშვილის აზრით, ეს მისი ფუნქციაა, (ივანიშვილის გათვლით) შეიძლება
კვირიკაშვილის მთავარი ფუნქცია არის შეხვედრები დასავლეთის ლიდერებთან და ყოველდღიური მენეჯმენტი, მაგრამ, ეტყობა, ივანიშვილი მიიჩნევს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში “ქართული ოცნების”
გზავნილის გამხმოვანებელი ის უნდა იყოს და უკეთესად შეუძლია ამის გაკეთება”, – ამბობს ნოდია.

მასალების გადაბეჭდვის წესი