ახალი ამბები

დოლი: EPP საქართველოს ხელისუფლებისაგან არჩევნებამდე პოლიპატიმრების გათავისუფლებას ითხოვს

21 ივნისი, 2016 • 1576
დოლი: EPP საქართველოს ხელისუფლებისაგან არჩევნებამდე პოლიპატიმრების გათავისუფლებას ითხოვს

“ევროპის სახალხო პარტია (EPP) საქართველოს ხელისუფლებისაგან პოლიტიკური პატიმრების, მათ შორის ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებას ითხოვს შემოდგომის საპარლამენტო არჩევნებამდე”, – ამის შესახებ დოლი ტვიტერზე, მის ოფიციალურ გვერდზე წერს.

იგი ასევე ეხმაურება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ვანო მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობის საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას და წერს, რომ მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობის გაგრძელება სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია:

“პოლიტიკურად მოტივირებულ სასამართლო პროცესებს დემოკრატიაში ადგილი არ აქვს”, – წერს დოლი.

14 ივნისს სტრასბურგში ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ ვანო მერაბიშვილის საქმზე გადაწყვეტილება გამოაქვეყნა.

პრესრელიზში, რომელიც სასამარლომ ამ გადაწყვეტილბასთან დაკავშირებით გამოაქვეყნა, ვკითხულობთ, რომ “საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის წინასწარი პატიმრობა იყო კანონიერი და ეფუძნებოდა გონივრულ საფუძველს, მაგრამ ასევე გამოიყენებოდა მასზე ზეწოლის მოხდენის საშუალებად”.

სასამართლომ დაადგინა, რომ ვანო მერაბიშვილის მიმართ ადგილი ჰქონდა ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის შემდეგი მუხლების დარღვევას:

  • მეხუთე მუხლის მესამე პუნქტი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. კერძოდ, ამ გადაწყვეტილებით, სასამართლომ არსებითი განხილვის დროს არ დააკმაყოფილა ვანო მერაბიშვილის მხარის შუამდგომლობა წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლების შესახებ. ეს გადაწყვეტილება ზეპირსიტყვიერად გამოაცხადა სასამართლომ ისე, რომ აუდიოჩანაწერში არ ჩანს, რომ სასამართლომ რაიმე განმარტება გააკეთა, თუ რატომ არ ათავისუფლებს მერაბიშვილს წინასწარი პატიმრობიდან. ევროპული კონვენციის მეხუთე მუხლი ეხება თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლებას, ხოლო მესამე პუქტში წერია:  ამ მუხლის 1-ლი პუნქტის (c) ქვეპუნტის დებულებების თანახმად, დაკავებული ან დაპატიმრებული ყველა პირი დაუყოვნებლივ უნდა წარედგინოს მოსამართლეს ან სასამართლო ხელისუფლების განხორციელებისათვის კანონით უფლებამოსილ სხვა მოხელეს და მას უფლება უნდა ჰქონდეს, მისი საქმე განიხილოს სასამართლომ გონივრულ ვადაში, ან გათავისუფლდეს საქმის განხილვის განმავლობაში. გათავისუფლება შეიძლება უზრუნველყოფილ იქნეს სასამართლო პროცესზე გამოცხადების გარანტიებით. პირველი მუხლის (c) ქვეპუნტი გულისხმობს: ყველას აქვს თავისუფლებისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლება. არავის შეიძლება აღეკვეთოს თავისუფლება, გარდა შემდეგი შემთხვევებისა და კანონით განსაზღვრული პროცედურის შესაბამისად, ესენია: c) პირის კანონიერი დაკავება ან დაპატიმრება უფლებამოსილი სასამართლო ორგანოს წინაშე მის წარსადგენად, როდესაც არსებობს სამართალდარღვევის ჩადენის საფუძვლიანი ეჭვი, ან საფუძვლიანად არის მიჩნეული პირის მიერ სამართალდარღვევის ჩადენის თუ მისი ჩადენის შემდეგ მიმალვის აღკვეთის აუცილებლობა;
  • მეხუთე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებაში დაირღვა მე-18 მუხლი, რომელიც ეხება უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლებს: “ხსენებულ უფლებათა და თავისუფლებათა კონვენციით დაშვებული შეზღუდვები გამოიყენება მხოლოდ და მხოლოდ მათთვის გათვალისწინებული მიზნებისათვის”.

ამას გარდა:

სასამართლოს გადაწყვეტილებით, მთავრობამ მომჩივან მერაბიშვილს უნდა გადაუხადოს შემდეგი ოდენობის თანხა: მორალური ზიანის ანაზღაურებისთვის 4 ათასი ევრო, რასაც ემატება ყველა შესაბამისი გადასახადი; 8 ათასი ევრო ყველა ხარჯის დასაფარად.

სასამართლომ არ დააკმაყოფილა შემდეგი მუხლები:

  • მეხუთე მუხლის პირველი პუნქტი, ამავე მუხლის მესამე პუნქტი სასამართლოს 2013 წლის 22 და 25 მაისის გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით. კერძოდ, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 22 მაისის გადაწყვეტილებით, ვანო მერაბიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა. ხოლო ქუთაისის  სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებით, კვლავაც წინასწარ პატიმრობაში იქნა დატოვებული ვანო მერაბიშვილი.
  • სასამართლომ მიიჩნია, რომ არ იყო მეხუთე მუხლის მეოთხე პუნქტის განხილვის აუცილებლობა (მეოთხე პუნქტში წერია: ყველას, ვისაც დაკავებით ან დაპატიმრებით აღეკვეთა თავისუფლება, უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს, რომელიც სწრაფად განიხილავს მისი დაპატიმრების მართლზომიერების საკითხს და გამოსცემს ბრძანებას მისი გათავისუფლების შესახებ, თუ დაპატიმრება არ არის კანონიერი)

“მე მინდა ვანო მერაბიშვილის ყველა გულშემატკივარს მივულოცო ეს გადაწყვეტილება, ეს გადაწყვეტილება არის ძალიან დიდი გამარჯვება. ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს ისტორიაში სულ არის 6 საქმე, როდესაც დადგინდა კონვენციის მე-18 მუხლის დარღვევა. ეს არის მეშვიდე საქმე, ეს არის უიშვიათესი შემთხვევა, როდესაც ამგვარი დარღვევა დგინდება ასი ათასობით საქმიდან. მე ასევე მინდა განვაცხადო, რომ ვანო მერაბიშვილი არის მესამე პოლიტიკოსი იულია ტიმოშენკოსა და ბატონი ლუცენკოს შემდეგ, რომელზეც მე-18 მუხლის დარღვევა დადგინდა. ევროპის სასამართლომ ერთხმად დაადგინა, რომ ვანო მერაბიშვილს დაუსაბუთებლად შეეფარდა პატიმრობა, ვანო მერაბიშვილის აპელაცია პატიმრობის შესახებ ასევე დაუსაბუთებელი განჩინებით გამოვიდა, ასევე, ვანო მერაბიშვილს დაუსაბუთებლად გაუგრძელდა წინასწარი პატიმრობა და, რაც ყველაზე მთავარია, ვანო მერაბიშვილის პატიმრობა, მისი სისხლის სამართლებრივი დევნა, მისი პატიმრობის გაგრძელება არ ემსახურებოდა კონვენციით გათვალისწინებულ მიზნებს. სასამართლომ გაითვალისწინა პოლიტიკური კონტექსტი და მიუთითა პირდაპირ გადაწყვეტილებაში, გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ ვანო მერაბიშვილის გაყვანა ციხიდან მასზე ზეწოლის განხორციელების მიზნით არ იქნა გამოძიებული და ამ პოლიტიკური კონტექსტიდან გამომდინარე დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა უხეშ დარღვევას თავისუფლების უფლების. პრაქტიკულად, პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით, სასამართლოს გადაწყვეტილებიდან იკითხება, რომ ვანო მერაბიშვილი არის პოლიტიკური პატიმარი,” – ასე აფასებს ევროპის ადამიანის უფლებების სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას ვანო მერაბიშვილის ადვოკატი ოთარ კახიძე.

სასამართლოს გადაწყვეტილებას კახიძისგან განსხვავებულად კითხულობენ საიაში, სადაც არ ფიქრობენ, რომ ამ გადაწყვეტილებიდან მერაბიშვილის დაკავების პოლიტიკური მოტივაცია გამომდინარეობს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი