ახალი ამბებიეკონომიკა

ფორუმი ეკონომიკისა და ბიზნესგარემოს მიღწევების შესახებ ნაკლები კრიტიკით

20 ივნისი, 2016 • 1463
ფორუმი ეკონომიკისა და ბიზნესგარემოს მიღწევების შესახებ ნაკლები კრიტიკით

თბილისში არასამთავრობო ორგანიზაცია “მოქალაქისა” და “საქართველოს ბიზნესასოციაცისს” ორგანიზებით ბიზნესფორუმი გაიმართა, რომელსაც საქართველოში მოღვაწე მსხვილი ბიზნსმენები, ეკონომიკური სფეროს ექსპერტები, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმოამდგენლები და ყოფილი პრემიერ-მინისტრი, “მოქალაქის” დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდნენ. შეხვედრა მედიისათვის დახურული იყო.

როგორც ბიზნესმენები ფორუმის დასრულების შემდეგ აცხადებდნენ, დისკუსია ბიზნესსექტორის პრობლემებს, გაუმჯობესებულ ეკონომიკურ გარემოს და საკანონმდებლო რეგულაციებს შეეხო. ისინი მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ პარლამენტში განსახილველად წარმოადგენილ კანონპროექტს არ იწონებენ და მათი თქმით, საკითხი ფორუმის განხილვის ერთ-ერთი მთავარ თემას წარმოადგენდა.

“ძალიან ღიად მოგვეცა აზრის დაფიქსირების საშუალება. მომხმარებელთა შესახებ კანონი ჩვენ არ მოგვწონს და ეს გავაჟღერეთ. პოლიციური გამოსახლების შესახებ კანონი მიღებულია უკვე და ჩვენ თავიდანვე აღვნიშნავდით, რომ ეს არ არის სწორი და ჩანს, რომ ხელისუფლებაც ამ აზრზეა. მიწების დაკანონებასთან დაკავშირებით საკითხებიც მიმოვიხილეთ და ამ მხრივ კარგად არის საქმე,” – განაცხადა ბიზნესმენმა სოსო ფხაკაძემ.

ეკონომიკის მინისტრის, ვიცეპრემიერის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ფორუმზე მოქმედი ეკონომიკური პოლიტიკა, საინვესტიციო გარემო და მოქმედი ხელისუფლების მიღწეული შედეგები განიხილეს.

“ამ თვის დასაწყისში მსოფლიო ბანკმა დაასრულა კვლევა სიღარიბესთან დაკავშირებით. კვლევის მიხედვით ადამიანთა რაოდენობა, რომელთაც არ აქვთ საშუალება საკუთარ თავზე 2.5$ დახარჯონ, 2012 წელს იყო 1 900 000 ადამიანი. ჩვენი ხელისუფლების პიროებებში 400 000 ადამიანმა დააღწია თავი ამ ზღვარს. თუმცა დღეს 1 400 000 ასეთი ადამიანია დარჩენილი. მე პირდაპირ შემიძლია განვაცხადო, რომ წინა ხელისუფლება არა მხოლოდ ძალადობდა მოსახლეობაზე, არამედ აშიმშილებდა მათ. დღეს ჩვენ ეს საკითხი გავშალეთ და დეტალურად ვისაუბრეთ,” – აცხადებს ქუმსიშვილი.

ეკონომიკურ ფორუმს აკრიტიკებდა “პოლიტიკური ცენტრი გირჩის” წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი. მისი თქმით, ფორუმის ძირითადი მიზანი ბიზნესმენებისათვის იმის დამტკიცება იყო, რომ საქართველოში კარგი ბიზნესგარემოა. შეკრებაზე, მისი აზრით, ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებას ლობირებდა.

“მთავრობა, ბატონი ბიძინა და მათ შორის ექსპერტებიც ესაუბრებიან ბიზნესმენებს იმაზე, თუ რა კარგია ის გარემო, რომელიც შეიქმნა ამ რამდენიმე წლის განმავლობაში და რომ ისინი ამას უნდა აფასებდნენ. რეალური მიზეზი ამ შეხვედრის, ჩემი აზრით, არის ეს. არ ვიცი, რამდენად ეთანმებიან ამას ბიზნესმენები, თუმცა მე ყოველ შემთხვევაში კონტრპოზიცია არ მომისმენია,” – აცხადებს მეგრელიშვილი.

ფორუმის დასაწყისში საზოგადოებას სიტყვით ივანიშვილმა მიმართა. ბიძინა ივანიშვილმა ქვეყანაში შექმნილ ეკონომიკურ ვითარებაზე ისაუბრა. მისი თქმით, მდგომარეობა რთულია, მოსახლეობის დიდი ნაწილი მატერიალურად შეჭირვებულია, თუმცა ხელისუფლება პრემიერის, გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით საუკეთესო გარემოს ქმნის თავისუფალი ბიზნესგარემოს გასავითარებლად, რაც შესაბამის შედეგს გამოიღებს. ივანიშვილმა ასევე ვრცლად ისაუბრა ქართულ მედიასივრცეზე.

ფორუმს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიდან მხოლოდ გირჩის წევრი, ვახტანგ მეგრელიშვილი ესწრებოდა. როგორც ორგანიზატორებმა აღნიშნეს, ფორუმზე მოწვეული იყვნენ ოპოზიციურად განწყობილი ეკონომიკური ექსპერტებიც, თუმცა ისინი შეხვედრას არ დაესწრნენ. ფორუმის დასრულების შემდეგ ივანიშვილმა აღნიშნა, რომ ის კრიტიკული მოსაზრებების მოსასმენად მზად არის:

“დღევანდელ შეხვედრას აკლდა კრიტიკა. იყო მხოლოდ რამდენიმე კრიტიკულად განწყობილი ექსპერტი. და შევეცადე მათთან პოლემიკაში შესვლას. მომავალში ვისურვებდი, რომ ენმ-მ თავისი ექსპერტები აღარ დამალოს. გოცირიძე, რომელიც პირველ ფორუმზე გაიპარა, დღეს არ მობრძანდა. მებმგონი, ასევე დაპატიჟებული იყო სერგო კაპანაძე, რომელიც ოპონირებს ხელისუფლების ეკონომიკურ გუნდს,” – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ივანიშვილი საქართველოში ეკონომიკურ გარემოს დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ სირთულეების მიუხედავად ბიზნესსექტორი განვითარდა, ამას კი სწორი შეფასება სჭირდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი