ახალი ამბებიეკონომიკა

ბიძინა ივანიშვილმა თბილისში ეკონომიკური ფორუმი გახსნა

20 ივნისი, 2016 • 1541
ბიძინა ივანიშვილმა თბილისში ეკონომიკური ფორუმი გახსნა

ქორთიარდ მერიოტში არასამთავრობო ორგანიზაცია “მოქალაქის” ორგანიზებით ეკონომიკური ფორუმი იმართება, რომელსაც ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის მინისტრები, ბიზნესმენები, ეკონომიკის ექსპერტები ესწრებიან.

ეკონომიკურ ფორუმში ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი მონაწილეობს, რომელმაც დამსწრეებს სიტყვით მიმართა და კიდევ ერთხელ ისაუბრა საკუთარი წერილის თაობაზე, რომელიც რამდენიმე კვირის წინ გამოაქვეყნა, ქვეყანაში შექმნილ ეკონომიკურ ვითარებაზე, წარსულ გამოცდილებასა და მედიასივრცეზე.

“სიტყვის თავისუფლება, თავისუფალი მედია და ის ატრიბუტები, რაც დემოკრატიულ სახელმწიფოს გააჩნია, საშუალებას იძლევა, რომ ის სიდუხჭირე გადაჭარბებულად წარმოვუჩინოთ მოსახლეობას, რამაც შეიძლება ცუდი შედეგები მოგვიტანოს.

მედია არის აბსოლუტურად თავისუფალი. ყველას აქვს უფლება ილაპარაკოს ის, რაც მას სურს და წარმოაჩინოს ისე, როგორც სურს, და ამაზე მინდა, რომ შევჩერდეთ. ოპოზიციური პარტიული ძალები და მათ მიერ მართული მედია ქმნის გარკვეულ ხიბლს იმისას, რომ კიდევ ერთხელ დაარწმუნონ მოსახლეობა იმაში, რომ ასეთი ხელისფლება უნდა მოვიშოროთ და ნაცვლად სთავაზობენ ძალიან ხშირად აბსოლუტურად არაარგუმენტირებულ, გაუაზრებელ დაპირებებს. ხიბლი გაჭირვებული მოსახლეობის ამ დროს, რომ გადააბრალოს ეს ყველაფერი ხელისუფლებას, არის დიდი. აქ ბიზნესს და მოსახლეობას უნდა ჰქონდეს ჩამოყალიბებული პოზიცია.

ეიფორიული წინადადებებით საზოგადოების შეცდომაში შეყვანა შეიძლება გარკვეულ ხიფათთან იყოს დაკავშირებული, “- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ექსპრემიერ-მინისტრის განცხადებით, მოქმედი ხელისუფლება ქმნის ეკონომიკურ გარემოს, რომელშიც თავისუფალ ბიზნესს განვითარება შეუძლია, თუმცა ეკონომიკური დისბალანსის გამო საქართველო ჩამორჩება ევროპის ქვეყნებს.

“ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს დღეს კვირიკაშვილის მეთაურობით. აზრადაც ვერ გავივლებ, რომ კვირიკაშვილმა და მისმა ხელისუფლებამ გადააჭარბოს კანონს.”

ფორუმს არ ესწრებიან ოპოზიციურად განწყობილი დარგის ექსპერტები. ივანიშვილის განცხადებით, ისინი იყვნენ მოწვეული.

ივანიშვილის მიმართვის შემდეგ ფორუმი დახურულ კარს მიღმა გაგრძელდა.

ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა ბიზნესმენებთან და ეკონომისტებთან, 20.06.2016. ფოტო: გუკი გიუნაშვილი/ნეტგაზეთი

ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა ბიზნესმენებთან და ეკონომისტებთან, 20.06.2016. ფოტო: გუკი გიუნაშვილი/ნეტგაზეთი

მასალების გადაბეჭდვის წესი