ახალი ამბები

უფლებათა კომიტეტმა თამბაქოსთან დაკავშირებით ახალი რეგულაციების დაწესებას მხარი დაუჭირა

20 ივნისი, 2016 • 1254
უფლებათა კომიტეტმა თამბაქოსთან დაკავშირებით ახალი რეგულაციების დაწესებას მხარი დაუჭირა

ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტმა განიხილა და მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს,  რომლის მიხედვით შენობა-ნაგებობებში მოწევაზე შეზღუდვები დაწესდება.

ცვლილებების მიზანია, “მიზანმიმართულად და სრულყოფილად გაიწეროს ყველა ის ფაქტობრივი გარემოება და შემზღუდველი ნორმები, რომლის განუხრელად შესრულების შედეგად შესაძლებელი გახდება საზოგადოებაში ჯანმრთელი ცხოვრების წესის დამკვიდრება თამბაქოს მოხმარების მავნე ნივთიერებების ზემოქმედების გარეშე.”

“თამბაქოს კონტროლის შესახებ” კანონპროექტის თანახმად, გარდამავალი დებულების სახით ისაზღვრება, რომ 2017 წლის 1 ივლისამდე შენობა-ნაგებობებიდან სასტუმროებს ეძლევათ ვადა, როცა მათ შეუძლიათ სრულ აკრძალვამდე დაუშვან მოწევა ნომრების არაუმეტეს 50%-ში, საჯარო დაწესებულებებს, საზოგადოებრივი კვების ობიექტებს, სილამაზის სალონებს, მაღაზიებს და სავაჭრო ობიექტებს სრულად აკრალვამდე შენობის 20%-ში კედლებით გამოყონ მოსაწევი ადგილები. 2018 წლის 1 იანვრამდე ოფისებს, ქარხანა-ფაბრიკებს, საამქროებს, ტერმინალებს, სტადიონებს და სხვა მსგავს დაწესებულებებს- დაუშვან მოწევა მკაფიოდ განსაზღვრულ ადგილებში.

ცვლილებები შედის “რეკლამის შესახებ” კანონშიც. კერძოდ, იკრძალება თამბაქოს ნაწარმის, მისი აქსესუარებისა და მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობების ყველა სახის რეკლამა. აგრეთვე დგინდება რეგულაცია 2017 წლის 1 იანვრამდე დამზადებული ფილმების და სხვა იმ პროდუქციის მასობრივი ჩვენებისთვის, რომელიც შეიცავს ამგვარ რეკლამას.  ასეთი პროდუქციის ჩვენებისას თამბაქოს რეკლამა ან მოხმარების დემონსტრირება სრულად უნდა დაიფაროს, ხოლო ჩვენების დასაწყისში და ბოლოში ნაჩვენები უნდა იყოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული სატელევიზიო ან რადიორგოლი, ან ბეჭდვითი მასალისთვის პიქტოგრამა მოწევის მავნებლობის შესახებ.

ამასთან, იკრძალება თამბაქოს ნაწარმის, მისი აქსესუარების და მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობების  განლაგება ვიტრინებზე, ვიტრაჟებზე, დახლზე, თაროზე, ან ნებისმიერი სხვა სახით იმგვარად, რომ ის ხილვადი იყოს ობიექტის შიგნიდან ან გარედან.

მასალების გადაბეჭდვის წესი