ახალი ამბები

ქალთა მოძრაობა სექსისტური განცხადების გამო რუსთავი 2-ს საჩივრით მიმართავს

20 ივნისი, 2016 • 2035
ქალთა მოძრაობა სექსისტური განცხადების გამო რუსთავი 2-ს საჩივრით მიმართავს

ქალთა მოძრაობა ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის თვითრეგულირების ორგანოს საჩივრით მიმართავს. საჩივარი მომზადდა გადაცემა “შაბათის კურიერის” წამყვანის, გიორგი გაბუნიას სექსისტური შინაარსის განცხადებასთან დაკავშირებით. განცხადების ფორმა ინტერნეტში განთავსდა და მსურველებს მხარდაჭერის დაფიქსირება ხელმოწერებით შეუძლიათ. ოფიციალურად საჩივარი ტელეკომპანიას 21 ივნისს წარედგინება.

11 ივნისს “შაბათის კურიერში” გასული სიუჟეტი რუსთავის 2-ის საქმეზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხებოდა. სიუჟეტის წარდგენისას წამყვანმა გიორგი გაბუნიამ თქვა შემდეგი ფრაზა: „ცუდია, რომ ნიკა გვარამია არ აყვა მოსამართლე ნათია გუჯაბიძის თამაშს, თორემ ახლა ხომ მოუწევდა ქალბატონ ნათიას მანტიის გახდა. არა მგონია, მანტიის ქვეშ რამე დიდად საინტერესო დაგვხვედროდა, მაგრამ მაინც… ” – სწორედ, ეს ფრაზა იწვევს ქალთა მოძრაობის პროტესტს. მათი განცხადებით, გაბუნიას მიერ გაკეთებული შეფასება არღვევს მაუწყებელის ქცევის კოდექსის რამდენიმე ნორმას და ხელს უწყობს ქალის სტერეოტიპული იმიჯის დამკვიდრებას:

“რუსთავი 2″-ის პირდაპირ ეთერში გაკეთებული ეს შეფასება სექსისტური და გენდერის ნიშით შეურაცხმყოფელია, რადგან გიორგი გაბუნიამ, განზრახ თუ გაუფრთხილებლად, სექსუალურ ობიექტად წარმოაჩინა მოსამართლე ნათია გუჯაბიძე. ხოლო, „მანტიის გახდის“ (რაც მოსამართლის პროფესიული უფლებამოსილების შეწყვეტას გულისხმობს) ისეთი ინტერპრეტაცია გააკეთა, რომ მაყურებელს აქცენტი გადაატანინა მოსამართლის სხეულზე და მისი სხეულის შესაძლო არასრულყოფილებაზე. წამყვანის ეს შეფასება კვებავს და ამყარებს ჩვენს ისედაც უკიდურესად პატრიარქალურ საზოგადოებაში არსებულ იმ სტერეოტიპებს, რომელთა თანახმადაც ქალის განათლება, კარიერა და საქმიანობა ნაკლებად მნიშვნელოვანია, ვიდრე მისი გარეგნობა, ჩაცმულობა და ასე შემდეგ.” – ნათქვამია მოძრაობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ქალთა მოძრაობა მოუწოდებს თვითრეგულირების ორგანოს, მათი სარჩელი ზეპირ მოსმენაზე განიხილოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი