ახალი ამბები

დღეს ევროკავშირის მინისტრები საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭების საკითხზე იმსჯელებენ

20 ივნისი, 2016 • 1289
დღეს ევროკავშირის მინისტრები საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭების საკითხზე იმსჯელებენ

დღეს, 20 ივნისს ევროკავშირის საბჭოში ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესის ფარგლებში საქართველოს საკითხს განიხილავენ.

სხდომას საგარეო პოლიტიკის და უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ფედერიკა მოგერინი უხელმძღვანელებს.

საქართველოს საკითხზე სხდომა საქართველოს დროით დაახლოებით 17:00 საათზე იმსჯელებს. რის შემდეგაც საბჭოში პრესკონფერენცია ჩატარდება.

ევროკავშირის წევრი ქვეყნების შინაგან საქმეთა მინისტრებმა საბჭოს 10 ივნისს გამართულ სხდომაზე ვერ მიაღწიეს შეთანხმებას საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭების თაობაზე.

“ბევრი ქვეყანა ფიქრობს, რომ საქართველო აკმაყოფილებს მოთხოვნებს [უვიზო რეჟიმის მისანიჭებლად], ქვეყნების მცირე რაოდენობა კი, არა”, -განაცხადა სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე კლაას დაიჰოფმა, ნიდერლანდების სახელმწიფო მდივანმა უსაფრთხოებისა და იუსტიციის საკითხებში.

“ჩვენ გვჯერა, რომ საქართველომ ყველა რეკომენდაცია, ყველა სტანდარტი დაკმაყოფილა. ჩვენ ასევე გვესმის, რომ არის რამდენიმე წევრი, რომელიც ბოლომდე ვერ შეჯერდა. მე შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ ვაგრძელებთ, ვუბიძგოთ მათ, რათა შეთანხმება დროულად იქნეს მიღწეული”, – განაცხადა ევროკომისარმა მიგრაციის საკითხებში დიმიტრის ავრამოპულოსმა პრესკონფერენციაზე. 
ევროკავშირის საბჭომ 10 ივნისს სავიზო რეჟიმის  ლიბერალიზაციის საკითხი განიხილა საქართველოს, უკრაინის, თურქეთისა და კოსოვოსთან დაკავშირებით, 20 ივნისს კი საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის საკითხს მინისტრთა საბჭო ცალკე განიხილავს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი