ახალი ამბები

ქარტია: რუსთავი 2-ის ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტს შესაბამისი კვალიფიკაცია უნდა მიენიჭოს

19 ივნისი, 2016 • 1100
ქარტია: რუსთავი 2-ის ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტს შესაბამისი კვალიფიკაცია უნდა მიენიჭოს

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის საბჭო რუსთავი 2-ის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმას ეხმაურება. როგორც, საბჭოს განცახებაში ვკითხულობთ, ბოლო პერიოდში ჟურნალისტებზე თავდასხმის არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა, თუმცა საზოგადოებისთვის უცნობია გამოძიების შედეგი. ქარტიის საბჭო ყურადღებას ამახვლებს, რომ მსგავს შემთხევებში გამოძიება სისხლის სამართლის 154-ე მუხლით ხშირს შემთხევაში არ მიმდინარეობს, რომელიც ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონო ხელის შეშლას გულისხმობს.
ჟურნალისტური ეთიკის საბჭო მიიჩნევს, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, გადამღებ ჯგუფს სწორედ პროფესიული მოვალეობის განხორციელებაში შეუშალეს ხელი და მას შესაბამისი კვალიფიკაცია უნდა მიენიჭოს.

უცვლელად გთავაზობთ საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის საბჭოს განცხადებას:

“საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის საბჭო ეხმაურება ტელეკომპანია „რუსთავი 2”-ის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის ფაქტს. მაუწყებლის ინფორმაციით, 19 ივნისს, გამთენიისას  ჟურნალისტი ელენე ფირცხალაიშვილი და ოპერატორი გიორგი ცანავა აეროპორტის ტერმინალში საქართველოს პარლამენტის წევრებისაგან ინტერვიუს იღებდნენ,  როდესაც უცნობმა პირმა მათ ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ოპერატორს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

ბოლო პერიოდში ჟურნალისტებზე თავდასხმის უკვე არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა, თუმცა, საზოგადოებისთვის უცნობია, რა შედეგით დასრულდა გამოძიება. არ გავრცელებულა ინფორმაცია, დაისაჯა თუ არა ვინმე ჟურნალისტის საქმიანობის ხელშეშლის გამო. უფრო მეტიც, ხშირ შემთხვევაში გამოძიება არ მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლით, რომლის თანახმადაც, ისჯება „ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ესე იგი მისი იძულება, გაავრცელოს ინფორმაცია ან თავი შეიკავოს მისი გავრცელებისაგან“.

„რუსთავი 2-ის“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმაც, ტელეკომპანიის ინფორმაციით, სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით (ცემა) დაიწყო, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ ჟურნალისტის საქმიანობის დაცვის მიზნით კოდექსში არსებული 154-ე მუხლი პრაქტიკულად არ გამოიყენება.

ამ კონკრეტულ შემთხვევაში გადამღებ ჯგუფს სწორედ პროფესიული მოვალეობის განხორციელებაში შეუშალეს ხელი. ამიტომაც მნიშვნელოვანია, მას მიენიჭოს შესაბამისი კვალიფიკაცია, დადგეს დამნაშავე პირის პასუხისმგებლობა და საზოგადოებამ იცოდეს, რომ ჟურნალისტის საქმიანობას იცავს კანონი, რომლის დარღვევის შემთხვევაში დამნაშავე ადეკვატურად დაისჯება”.

შემთხვევა გამთენიისას მოხდა.  ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მათი გადამღები ჯგუფის წევრებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ტელევიზიაში აცხადებენ, რომ კურიერის ჟურნალისტი ელენე ფირცხალაიშვილი და ოპერატორი გიორგი ცანავა, საქართველოს პარლამენტის წევრისაგან, დეპუტატ ჩიორა თაქთაქიშვილისაგან ინტერვიუს იღებდნენ, როდესაც მათ უცნობმა პირმა ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი ოპერატორს ფიზიკურად გაუსწორდა.

შსს-ს ცნობით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 125-ე მუხლით მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი