ახალი ამბები

“ეს შენ გეხება”: მოსმენების შესახებ კანონპროექტის ინიცირების გაჭიანურება მიუღებელია

18 ივნისი, 2016 • 1829
“ეს შენ გეხება”: მოსმენების შესახებ კანონპროექტის ინიცირების გაჭიანურება მიუღებელია

კამპანია “ეს შენ გეხება”  ფარული მოსმენა-მიყურადების რეფორმის საკითხზე მომზადებული კანონპროექტების ინიცირებასთან დაკავშირებით იმედოვნებს, რომ მომავალი მოწვევის პარლამენტი უფრო მეტ ყურადღებას დაუთმობს ამ საკითხს.

კამპანია ასევე აცხადებს, რომ მოქმედი პარლამენტის პირობებში ნაკლებია ალბათობა იმისა, რომ  ფარული მოსმენა-მიყურადების სისტემის რეფორმირებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი და პრინციპული გადაწყვეტილებები იყოს მიღებული.

საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო ფარული მოსმენების არსებული წესი და ხელისუფლებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის რეფორმირებისთვის ვადა 2017 წლის 31 მარტამდე მისცა. ამის შემდეგ “ეს შენ გეხებამ” მოამზადა კანონპროექტი, რომლის თანახმადაც, ფარული მოსმენების დეპარტამენტი სუს-ს უნდა გემოეყოს და შეიქმნას სააგენტო, რომელსაც საპარლამენტო ზედამხედველობის საბჭო გააკონტროლებს.

როგორც მაისში გახდა ცნობილი, მოსმენებთან დაკავშირებით “ეს შენ გეხებას” მიერ მომზადებული კანონპროექტების ინიცირება რესპუბლიკელ ვახტანგ ხმალაძეს და თავისუფალ დემოკრატ შალვა შავგულიძეს უნდა მოეხდინა.

გუშინ, 17 ივნისს, საპარლამენტო ფრაქცია რესპუბლიკელებმა განაცხადეს, რომ მიმდინარეობს ამ კანონპროექტზე მუშაობა და ამიტომ ინიცირება ივლისში იგეგმება.

“ეს შენ გეხება” კი აცხდებს, რომ ივლისში ინიცირების შემთხვევაში ამ მოწვევის პარლამენტი კანონპროექტის განხილვას ვეღარ მოასწრებს. არასამთავრობო ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ მათი კანონპროეტები საკონტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაზე დაყრდნობით არის შემუშავებული, ამიტომ მნიშვნელოვანია, დროულად მოესწროს ახალი სისტემის ამოქმედება:

“კამპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, კანონპროქტების ინიცირება გაეკეთებინა ორ ინდივიდუალურ დეპუტატს, ვახტანგ ხმალაძეს და შალვა შავგულიძეს, რომლებიც მათი წინა საქმიანობიდან გამომდინარე თავისთავად ასოცირდებოდნენ ფარული მოსმენა-მიყურადების საკითხის რეფორმასთან. ამ გადაწყვეტილებით, კამპანიამ ჩათვალა, რომ რომელიმე კონკრეტულ პოლიტიკურ ჯგუფთან კანონპროექტების ასოცირების თავიდან აცილებით, ამ უაღრესად საპასუხისმგებლო და საჭირო რეფორმას განხორციელების გაცილებით რეალური პერსპექტივა ექნებოდა.

პარლამენტის წევრებმა ვახტანგ ხმალაძემ და შალვა შავგულიძემ მზადყოფნა გამოთქვეს მოეხდინათ კანონპროექტების ინიცირება. 2016 წლის 13 მაისს საბოლოოდ იქნა მიღწეული შეთანხმება პარლამენტის წევრებსა და კამპანია „ეს შენ გეხებას შორის“. თუმცა კამპანიისთვის განსაკუთრებულად რთული აღმოჩნდა კანონპროექტებზე მუშაობის საპარლამენტო ფორმატში გადატანა, მათ შორის, საკმაოდ გართულდა და გაჭიანურდა კანონპროექტების პოტენციურ ინიციატორებთან ინტენსიური სამუშაო რეჟიმის ორგანიზება, მიუხედავად კამპანიის მხრიდან გაწეული არაერთი ძალისხმევისა. კამპანიისთვის მნიშვნელოვანია დროულად და სრულყოფილად აღსრულდეს საკონსტიტუციო სასამართლოს 14 აპრილის გადაწყვეტილება. შესაბამისად, კამპანიის წევრები გასული კვირების განმავლობაში მუდმივად გამოთქვამდნენ მზადყოფნას დამატებითი მხარდაჭერა და დახმარება გაეწიათ დეპუტატებისთვის, რათა კანონპროექტების დარეგისტრირება გონივრულ ვადებში მომხდარიყო.

ამ პირობებში, ჩვენთვის მოულოდნელია ის განცხადება, რაც გუშინ საპარლამენტო ფრაქცია “რესპუბლიკელების” სახელით გაკეთდა. განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ კანონპროექტების დარეგისტრირება ივლისის თვეში განხორციელდება, რაც, ვფიქრობთ, რომ არაგონივრული და დაგვიანებულია. პირველ რიგში, გვსურს აღვნიშნოთ, რომ გაურკვევლია განცხადების გაკეთება ფრაქციის მიერ, ვინაიდან კანონპროექტის ინიციატორი არა ფრაქცია, არამედ კონკრეტული დეპუტატები უნდა ყოფილიყვნენ. ივლისში კანონპროექტის ინიცირება ნიშნავს, რომ კანონპროექტის განხილვას ამ მოწვევის პარლამენტი ვერ დაიწყებს, ხოლო მომდევნო მოწვევის პარლამენტს არ აქვს ვალდებულება კანონპროექტის განხილვა გააგრძელოს.

რაც შეეხება თავად ფარული მოსმენა-მიყურადების სისტემის რეფორმირებას, მოქმედი პარლამენტის პირობებში, სამწუხაროდ, ნაკლებია ალბათობა, რომ ამ საკითხზე მნიშვნელოვანი და პრინციპული გადაწყვეტილებები იყოს მიღებული. იმ პირობებში, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებისთვის უფრო და უფრო მცირე დრო რჩება (2017 წლის 31 მარტამდეა ვადა), ჩვენთვის გაუგებარია ის ინერტულობა, რასაც საკითხის მიმართ აღმასრულებელი ხელისუფლება და პარლამენტში არსებული პოლიტიკური ძალები იჩენენ. ასევე სამწუხაროა, რომ არაერთი მცდელობის მიუხედავად, ამ დრომდე ვერ მოხერხდა კამპანიის შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან.

ბოლო პერიოდში პირადი ცხოვრებით შანტაჟის მძიმე ფაქტები კიდევ ერთხელ მიუთითებს საკითხის სიმწვავესა და სისტემური რეფორმების განხორციელების საჭიროებაზე. ამ პირობებში მიგვაჩნია, რომ ეს საკითხი არ შეიძლება გახდეს პოლიტიკური სპეკულაციებისა და პოლიტიკური ქულების დაწერის საფუძველი. ასევე მიუღებელია საკანონმდებლო რეფორმების არაგონივრული გაჭიანურება. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შინაარსის გათვალისწინებით, კამპანიის მიერ მომზადებული კანონპროექტები პრაქტიკულად არის მოქმედი არაკონსტიტუციური სისტემის ერთადერთ რეალური ალტერნატივა.

ამდენად, კამპანია იმედს გამოთქვამს, რომ მომავალი პარლამენტის პირობებში საკითხის განხილვის მიმართ უფრო მეტი ყურადღება და მხარდაჭერა იქნება მობილიზებული,”- აცხადებს კამპპანია “ეს შენ გეხება”.

მასალების გადაბეჭდვის წესი