ახალი ამბები

MDF-ის კვლევა – საქართველოში მედია მრავალფეროვანია, თუმცა, პოლარიზებული

17 ივნისი, 2016 • 2363
MDF-ის კვლევა – საქართველოში მედია მრავალფეროვანია, თუმცა, პოლარიზებული

“მედიის განვითარების ფონდის” მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, მედია ნაწილობრივ პოლარიზებულია, რადგან ზოგი მედია მეტად კრიტიკულია ოპოზიციის მიმართ და ნაკლებად კრიტიკულია მთავრობის, ან -პირიქით. 

“მედიის განვითარების ფონდის” აღმასრულებელი დირექტორი თამარ ხორბალაძე ამბობს, რომ შეიძლება ითქვას, მედია არის მრავალფეროვანი, თუმცა ნაწილობრივ პოლარიზებულია, რაც გამოიხატება იმით, რომ მედიასაშუალებების ნაწილი ნალებად კრიტიკულია ხელისუფლების მიმართ, ნაწილი კი კრიტიკულია ოპოზიციის მიმართ.

“ყველა ტიპის პოლიტიკურ ძალას გარკვეული ტიპის სივრცე მაინც გააჩნია, ბოლომდე დახურული არც ერთი პოლიტიკური ძალისთვის არ არის ზოგადად მედიასივრცე”, – ამბობს თამარ ხორბალაძე.

მედიის განვითარების ფონდმა კვლევის პრეზენტაცია დღეს, 17 ივნისს გამართა. კვლევაში მათ შეისწავლეს ტელევიზიების მთავარი საინფორმაციო გამოშვებები: საზოგადოებრივი მაუწყებელი, რუსთავი 2, იმედი, მაესტრო, კავკასია, ტაბულა, GDS, 1 ივნისიდან ასევე დაემატა ტვ ობიექტივი.

ინტერნეტგამოცემები: ინტერპრესნიუსი, PIA, ნეტგაზეთი, პირველი რადიო, მარშალპრესი.

კვლევის შედეგად გამოიკვეთა:

მთავრობის პირდაპირ გაშუქებას მთავარ საინფორმაციო გამოშვებებში ყველაზე მეტი დრო “საზოგადეობრივმა მაუწყებელმა” (59%) და GDS-მა (58.9%) დაუთმეს.

ოპოზიციურ პარტიებს და სუბიექტებს ყველაზე მეტი დრო პირდაპირი გაშუქების ფორმით, ტელეკომპანიებმა “კავკასიამ” (41%), “ტაბულამ” (37%) და რუსთავი 2-მა (34%) დაუთმეს.

საარჩევნო სუბიექტების დროის მეოთხედზე ნაკლები, ყველა ოპოზიციური პარტიის ჩათვლით, GDS-მა (19%), საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველმა არხმა (20%), მაესტრომ (21%), იმედმა (22%) დაუთმეს.

კონტენტის ყველაზე მაღალი უარყოფითი ტონი მთავრობასა და სახელისუფლებო ბლოკის მიმართ ჰქონდათ ტელევიზიებს: “კავკასია”, “რუსთავი 2”, “ტაბულა”, ყველაზე დაბალი ნეგატიური ტონი- GDS-სა და საზოგადოებრივ მაუწყებელს.

იმედში პრეზიდენტის გაშუქების ნეგატიური ტონი (12%) აღემატებოდა მთავრობის გაშუქების ნეგატიურ ტონს (9%).

ნეგატიური კონტენტის ყველაზე მაღალი ტონი ტელემედიაში გამოვლინდა “რუსთავი 2”-ზე (45%), “ტაბულა” (45%) და “კავკასია” (33%). ნეგატიური კონტენტის ყველაზე დაბალი მაჩვენებლი ტელევიზიებში- GDS-სა (18%) და “საზოგადოებრივ მაუწყებელზე” (25%) იყო.

რაც შეეხება ინტერნეტმედიას, კვლევის მიხედვით, მთავრობა პირდაპირ და ირიბად ყველაზე ფართოდ სააგენტოებში PIA {(პირდაპირი 52%, ირიბი 65%) და IPN (პირდაპირი 49%, ირიბი 63%) იყო წარმოდგენილი.

“მარშალპრესი” ერთადერთი მედიასაშუალება იყო, სადაც ზოგიერთი სუბიექტის მიმართ კონტენტის ნეგატიური ტონი სჭარბობდა ნეიტრალურს. მთავრობის კონტენტის ნეგატიური ტონით “მარშალპრესი” პირველ ადგილას იყო (30%). სააგენტო მკვეთრად განსხვავებულად უდგებოდა სახელისუფლებო ბლოკის სუბიექტებს. მაგალითად, “რესპუბლიკურ პარტიას” კონტენტის 19% ნეგატიურია, პარტია “ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოსი” – 5%.

პირდაპირი გაშუქების ფორმით ოპოზიცია ყველაზე მეტად “პირველ რადიოსა” (31%) და “ნეტგაზეთში” (27%) იყო წარმოდგენილი.

პირველი რადიოს ონლაინგამოცემა ყველაზე მაღალი ნეგატიური ტონით მთავრობის (17%) და ქართული ოცნების (35%)  გაშუქებით გამოირჩეოდა.

სააგენტო PIA-ს მთავრობისადმი ყველაზე დაბალი (1%) კრიტიკული კონტენტის ტონი ჰქონდა.

ონლაინმედიიდან ყველაზე მაღალი ნეგატიური კონტენტის ტონი “ნეტგაზეთსა” (23%) და მარშალპრესზე (20%) დაფიქსირდა, ყველაზე დაბალი – სააგენტოებში IPN (9%) და PIA (9%)

თამარ ხორბალაძის განმარტებით, კონტენტის ტონი აჩვენებს სუბიექტის მიმართ სხვა სუბიექტების ტონს. კონტენტის ტონი აჩვენებს, თვითონ თემა/საკითხი, რომლის ფაგლებშიც სუბიექტი შუქდება, არის პოზიტიური, ნეიტრალური თუ ნეგატიური.

მაგალითად, კორცხელში დაპირისპირების ტონი არის ნეგატიური, თუმცა კონტენტი შეიძლება ნაციონალური წევრის მიმართ იყოს პოზიტიური ან ნეიტრალური და ქართული ოცნების წევრის მიმართ იყოს ნეგატიური,

“შესაბამისად, კონტენტის ტონი გვაძლევს წარმოდგენას იმაზე, მედია რამდენად პრობლემურ თემებს აშუქებს”, – ამბობს ხორბალაძე. 

დაკვირვება ტელევიზიებზე 1 აპრილიდან 1 ივნისამდე ჩატარდა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი