“გასკო+” “გაზპრომთან” კონტრაქტის გაფორმებას უარყოფს

რუსული “გაზპრომი” აცხადებს, რომ ხელი მოაწერა კონტრაქტს ქართულ კომპანია “გასკო+”-თან რუსული გაზის მიწოდებაზე. 

 ინფორმაცია “გაზპრომმა” გუშინ გაავრცელა, რომლის მიხედვითაც ხელშეკრულებას 16 ივნისს ხელი მოაწერეს ალექსი მილერმა “გაზპრომიდან” და გიორგი მამალაძემ, “გასკო +”-ის კომერციულმა მენეჯერმა.

კონტრაქტის მიხედვით 2016 წლის განმავლობაში გაზპრომი 100 მილიონ კუბურ მეტრ რუსულ გაზს მიაწვდის “გასკო +”-ს . კონტრაქტი ძალაში 2016 წლის 1 ივლისს  შედის და 31 დეკემბრამდე მოქმედებს.

ინფორმაცია “გაზპრომთან”  დადებულ კონტრაქტის შესახებ  “ნეტგაზეთთან” საუბარში არ დაადასტურა კომპანია “გასკო +” -ის დირექტორმა დავით ბაღათურიამ და ამ თემაზე საუბრის გაგრძელება არ ისურვა.

“გასკო +”  2007 წელს რეგისტრირებული კომპანიაა, რომელიც გაზით სენაკს ამარაგებს.

კომპანიის  90% -ს ამჟამად ირაკლი ბიწაძე ფლობს, 10 %-ს კი- გიორგი მამალაძე.  “გაზპრომის” ცნობით, კომპანიიდან ხელშეკრულებას ხელი სწორედ გიორგი მამალაძემ მოაწერა.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, ირაკლი ბიძაწეც და გიორგი მამალაძეც რუსეთის მოქალაქეები არიან. ჯერჯერობით უცნობია, აქვთ თუ არა მათ ორმაგი მოქალაქეობა.

17 ივნისს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ “გასკო +” -სა და “გაზპრომს” შორის ხელშეკრულება გაფორმებული არ არის:

” შევიტყვე ეს ყველაფერი ღია საინფორმაციო წყაროებიდან და, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, კონტრაქტი არ არის გაფორმებული და ძალიან დიდი ალბათობით, ვერ გაფორმდება. თუმცა კვლავ გავიმეორებ, არის კომერციული ურთიერთობები. არ ვართ ჩართულები, მე პირადად არ ვარ ჩართული. მგონია, რომ არც ენერგეტიკის სამინისტრო არ არის ჩართული და აქედან გამომდინარე, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, გარიგება არ არის დახურული“. 


2016 წლის 4 მარტს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ მას შემდეგ რაც ხელი მოაწერა მემორანდუმს აზერბაიჯანულ “სოკართან”  საქართველოსთვის დამატებით 500 მლნ კუბური მეტრი გაზის მოწოდების შესახებ, “გაზპრომისგან” დამატებითი გაზის მიღების საჭიროება აღარ დგას.

საქართველო გასული წლიდან მოლაპარაკებებს აწარმოებდა რუსულ სახელმწიფო კომპანია “გაზპრომთან” გაზის დამატებით მოცულობის მიღებასა და რუსეთიდან სომხეთში გაზის გატარების სანაცვლოდ მიღებული გატარებული გაზის 10% -ის მონეტიზაციაზე.

ამ მოლაპარაკებების გამო თბილისში არაერთი აქცია გაიმართა ლოზუნგით “არა გაზპრომს”.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი