ახალი ამბებისაზოგადოება

NDI: იქმნება შთაბეჭდილება, რომ პარტიები ნაკლებად იცნობენ საზოგადოების პრობლემებს

17 ივნისი, 2016 • 1607
NDI: იქმნება შთაბეჭდილება, რომ პარტიები ნაკლებად იცნობენ საზოგადოების პრობლემებს

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) სადამკვირვებლო დელეგაციის საარჩევნო გარემოს შეფასებისას დელეგატებმა აღნიშნეს, რომ იქმნება შთაბეჭდილება, პოლიტიკური პარტიები ნაკლებად იცნობენ საზოგადოების პრობლემებს.

“საზოგადოებრივი აზრის კვლევების თანახმად, საქართველოს მოქალაქეებს ყველაზე მეტად სამუშაო ადგილები, სიღარიბე და ეკონომიკური მდგომარეობა აწუხებთ. მიუხედავად ამისა, მოსახლეობის შეფასებით, პოლიტიკური პარტიები ძირითად ყურადღებას პირად დაპირისპირებებსა და წარსული წყენის განხილვას უთმობენ”, – აღნიშნულია NDI-ის დელეგაციის მიერ მომზადებულ ანგარიშში.

“ადამიანებს მაინცდამაინც კარგად არ ესმით, თუ რას წარმოადგენს ესა თუ ის პარტია, რას სთავაზობს ამომრჩეველს და რა წინადადებები აქვს მათთან. და იქმნება შთაბეჭდილება, რომ პარტიები ნაკლებად იცნობენ იმ ძირითად პრობლემებს და წუხილს, რაც საზოგადოებაში არსებობს”, – თქვა 17 ივნისს პრესკონფერენციაზე NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორმა, ლორა თორნტონმა და დასძინა, რომ “პოლიტიკოსების მიდგომები არ არის დაფუძნებული იმ რეალობასა და მოთხოვნებზე, რაც მოსახლეობას ნამდვილად აწუხებს”.

“ამის გათვალისწინებით, გასაკვირი არ არის, რომ მოსახლეობის ნახევარზე მეტი თავის პოლიტიკურ არჩევანთან დაკავშირებით გადაუწყვეტელია. თუ მოსახლეობა პოლიტიკური სისტემიდან თავს გარიყულად იგრძნობს, ამან შეიძლება დროთა განმავლობაში ქვეყანაში დემოკრატიული წყობა დაასუსტოს და ასპარეზი ნაკლებად დემოკრატიულ ძალებს გაუხსნას”, – აღნიშნა NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორმა.

“მეტიც, არის გარკვეული მცდელობები ყურადღების გადატანისა, რაღაც საკითხების არასაკმარისად გაშუქების, მაგალითად, ერთ-ერთი ასეთი საკითხი იყო რეფერენდუმი ქორწინებასთან დაკავშირებით – თუ რა უნდა ითვლებოდეს ქორწინებად, – ეს გარკვეულწილად ყურადღების გადამისამართებაა”, – ამბობს თორნტონი.

ლორა თორნტონი, NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორი დღევანდელ პრესკონფერენციაზე [მარცხნივ]. დღეს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) სადამკვირვებლო დელეგაციამ საპარლამენტო არჩევნებისთვის სამზადისი, საარჩევნო პროცესის ძირითადი სუბიექტების პოლიტიკური აქტივობები და, ზოგადად, საარჩევნო გარემო შეაფასა. 17.06.2016 ფოტო © ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

ლორა თორნტონი, NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორი დღევანდელ პრესკონფერენციაზე [მარცხნივ]. დღეს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) სადამკვირვებლო დელეგაციამ საპარლამენტო არჩევნებისთვის სამზადისი, საარჩევნო პროცესის ძირითადი სუბიექტების პოლიტიკური აქტივობები და, ზოგადად, საარჩევნო გარემო შეაფასა. 17.06.2016 ფოტო © ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის საარჩევნო გარემოს შეფასების ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ პარლამენტში ქალთა უფრო თანაბარი წარმომადგენლობის უზრუნველსაყოფი ბერკეტები პოლიტიკური პარტიების ხელშია მოქცეული:

“რამდენიმე პარტიამ განაცხადა, რომ აპირებს ნებაყოფლობითი შიდაპარტიული გენდერული კვოტის დანერგვას. დელეგაცია გამოხატავს მხარდაჭერას ამ ინიციატივების მიმართ, განსაკუთრებით კი, საარჩევნო კანონმდებლობაში სავალდებულო გენდერული კვოტის არარსებობის ფონზე”.

ამ პრობლემების მოსაგვარებლად NDI-ის დელეგაცია პოლიტიკურ პარტიებს რამდენიმე რეკომენდაციას სთავაზობს:

  • პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა გამოკვეთონ და წარადგინონ ნათელი პლატფორმები სოციალური და პოლიტიკური რეფორმების პოზიტიური ხედვის ასახსნელად.
  • პარტიებმა და კანდიდატებმა მონაწილეობა უნდა მიიღონ მოდერირებულ საჯარო დებატებში, რაც ამომრჩეველს საშუალებას მისცემს, გაიგოს არსებითი პოლიტიკური განსხვავებები. ამასთანავე, პარტიებმა და კანდიდატებმა თავი უნდა შეიკავონ ისეთი სიტყვით გამოსვლისგან და ქცევისგან, რაც აკნინებს საზოგადოების ნდობას პოლიტიკური პროცესის მიმართ.
  • პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა მოიზიდონ, გადაამზადონ და მხარი დაუჭირონ ქალებს, როგორც საპარლამენტო, ასევე შემდგომი არჩევნებისთვის და კიდევ უფრო განავითარონ პარტიული ინფრასტრუქტურა ქალების მხარდასაჭერად, ხოლო პარტიის პოლიტიკურ დღის წესრიგში შეიტანონ ისეთი საკითხები, რომლებიც ქალებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

მასალების გადაბეჭდვის წესი