ახალი ამბები

საპარლამენტო კომიტეტებმა არჩევნებთან დაკავშირებული კანონპროექტი განიხილეს

17 ივნისი, 2016 • 1188
საპარლამენტო კომიტეტებმა არჩევნებთან დაკავშირებული კანონპროექტი განიხილეს

დღეს, 17 ივნისს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის  კომიტეტებმა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი განიხილეს, რომლის მიზანი კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით წინასაარჩევნო კამპანიის და არჩევნების მიმდინარეობისას ძალადობის პრეცვენციაა.

ადამიანის უფლებათა კომიტეტში უკვე ჩატარდა კენჭისყრა და კანონპროექტს მხარი დაუჭირეს, ხოლო იურიდიულ კომიტეტს კენჭისყრა ჯერ არ გაუმართავს.

“საარჩევნო კოდექსში” შესატანი ცვლილებების თანახმად, გამონაკლის შემთხვევაში, კენჭისყრის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, მაგრამ არა საკუთრივ კენჭისყრის შენობაში, პოლიციის მუშაკები შეიძლება იმყოფებოდნენ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოთხოვნისა და თანხმობის გარეშეც, თუ ეს სრულიად აუცილებელია საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის აღკვეთის ან დაცვის მიზნით.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საარჩევნო პროგრამის კოორდინატორი ამბობს, რომ ეს ნორმა ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა:

“შესაძლებელია გაჩნდეს გამონაკლისი შემთხვევების ინტერპრეტირების რისკები და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების ყოფნა საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე შესაძლებელია აღქმული იყოს როგორც თავისუფალი არჩევნების ხელის შეშლა, რადგან ამომრჩეველმა თუ სხვადასხვა სუბიექტის წარმომადგენელმა კონტროლის მექანიზმად შეიძლება ჩათვალოს,”- ამბობს ირმა პავლიაშვილი.

იუსტიციის მინისტრის, სანდრო ბარამიძის მტკიცებით, კანონპროექტის მიმართ არსებული ეჭვები, რომ პოლიცია პირდაპირ ან ირიბ ზეგავლენას მოახდენს საარჩევნო პროცესზე, საფუძველს მოკლებულია:

“შემოთავაზებული ნორმით, მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში შეიძლება პოლიცია ადგილზე მივიდეს,  ასევე მაშინ, როდესაც ეს სრულიად აუცილებელია საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით. ეს ძალიან მკაფიო და მკაცრი გამონათქვამები – “გამონაკლის შემთხვევაში” და “როდესაც ეს სრულიად აუცილებელია”- გამორიცხავს იმას, რომ ნებისმიერ უბანზე პოლიცია გამოცხადდეს იმის მიუხედავად, საჭიროა თუ არა მათი მისვლა. იქ რეალურად უნდა ხდებოდეს რაღაც ისეთი ექსცესი, რომელიც პოლიციის ჩარევას საჭიროებს,”- აღნიშნა ბარამიძემ.

ინიცირებული პროექტით,  კოდექსს ემატება ახალი მუხლი, რომლის მიხედვით საარჩევნო უბანზე, საარჩევნო კომისიის განთავსების, ან მათ მიმდებარე ტერიტორიაზე, ან წინასაარჩევნო აგიტაციის ან წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიების დროს ძალადობა ან ძალადობის მუქარა ისჯება ჯარიმით, ან ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთით.  ხოლო ძალადობა, რომელმაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება გამოიწვია, ისჯება ჯარიმით ან/და სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთით. ამასთან, ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება – ჩადენილი ჯგუფურად, ისჯება 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.

მასალების გადაბეჭდვის წესი