ახალი ამბები

ენმ: კორცხელის ინციდენტში ბრალდებულ 2 პირს კალა კაპიტალ ლიმიტედმა თანხა ჩაურიცხა

17 ივნისი, 2016 • 1590
ენმ: კორცხელის ინციდენტში ბრალდებულ 2 პირს კალა კაპიტალ ლიმიტედმა თანხა ჩაურიცხა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კორცხელის ინციდენტამდე რამდენიმე დღით ადრე, 17 მაისს რუსეთის ალფა-ბანკის მეშვეობით კალა კაპიტალ ლიმიტედმა (რეგისტრირებულია კვიპროსში, პარტნიორი კახა კალაძე) და ფიზიკურმა პირმა დავით ქარსელაძემ გიორგი გიგაურსა და ვლადიმერ გეგეშიძეს, ჯამში, 35 ათასი ამერიკული დოლარი ჩაურიცხეს.

25 ათასი დოლარი კალა კაპიტალ ლიმიტედმა, ხოლო 10 ათასი დავით ქარსელაძემ ჩარიცხა, რომელიც ნაციონალური მოძრაობის მტკიცებით, იგივე “კალატოზაა”.

გიორგი გიგაური და ვლადიმერ გეგეშიძე კორცხელის ინციდენტის დროს ნაციონალური მოძრაობის ლიდერებისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებისთვის ხულიგნობის მუხლით არიან ბრალდებული.

ნაციონალური მოძრაობის წევრებმა, ირმა ნადირაშვილმა და ოთო კახიძემ დღეს, 17 ივნისს პრესკონფერენციაც გამართეს და ზემოხსენებული ფინანსური ტრანზაქციების ამსახველი დოკუმენტები [რომელთა ავთენტურობა ჯერ დადგენილი არ არის] წარმოადგინეს, რომელიც მათი თქმით, ენმ-ს მიაწოდეს. ნადირაშვილი და კახიძე არ აკონკრეტებნ, ვინ მიაწოდა დოკუმენტები მათ.

ენმ ამ საქმეზე მოითხოვს გამოძიების გაგრძელებას და მომხდარში კალაძის შესაძლო მონაწილეობის გამოკვლევას.

ჯერჯერობით უცნობია კახა კალაძის კომენტარი. ნეტგაზეთი ენერგეტიკის სამინისტროსთან პრესსამსახურთან დაკავშირებას ცდილობს.

რუსთავი 2-თან საუბარში ზემოხსენებულ საკითხზე ვლადიმერ გეგეშიძემ რუსთავი 2-ს განუცხადა, რომ ენმ-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ტყუილია:

“ტყუილია, არაფერი ჩამრიცხვია. დოკუმენტები რა, დაამტკიცონ. ეს ყველაფერი ტყუილია”, – ამბობს გეგეშიძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი