ახალი ამბები

საპატრიარქოს განცხადება სადავო ეკლესიებთან დაკავშირებით

22 იანვარი, 2012 • 1041
საპატრიარქოს განცხადება  სადავო ეკლესიებთან დაკავშირებით

“როგორც საზოგადოებისათვის არის ცნობილი, ახალი წლის დღეებში თბილისის ძველ უბანში, ვერცხლის ქუჩაზე მდებარე წმინდა ნიკოლოზის უმოქმედო ეკლესიაში, რომელსაც სომხები “სურბ ნშან”-ს უწოდებენ, ცეცხლი გაჩნდა და ტაძარი დაზიანდა.

ეს ფაქტი ჩვენს გულისტკივილს იწვევს. სამწუხაროა, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით მასმედიაში გავრცელებული ინფორმაცია გარკვეულ ცდომილებებს შეიცავს.

საქართველოს საპატრიარქოს მიაჩნია, რომ ვერცხლის ქუჩაზე მდებარე ტაძარში, პირველ რიგში, გადაუდებელი გამაგრებითი სამუშაოები უნდა განხორციელდეს, შემდეგ კი ერთობლივი კომისია შეიქმნას, რომელიც არქეოლოგიურ კვლევებს ჩაატარებს და სათანადო დასკვნას დადებს. ამ საქმეში კი როგორც საქართველოს საპატრიარქოს, ისე სომხური მხარის წარმომადგენლებმა მონაწილეობა აუცილებლად უნდა მიიღონ, რათა ტაძრის წარმომავლობა მიუკერძოებლად განისაზღვროს, აქედან გამომდინარე კი – მისი კუთვნილების საკითხი.

სხვა სადავო ტაძრების მეცნიერული შესწავლაც ანალოგიური მიდგომით უნდა განხორციელდეს და მხოლოდ ამის შემდეგ  მოხდეს პარიტეტულ საწყისებზე მათი გადაცემა სომხეთში, ლორე-ტაშირის ეპარქიაში, საქართველოს ეკლესიისთვის, საქართველოში კი – სომხური მხარისთვის”, – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში, რომელსაც საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებენ.

ამავე თემაზე:სადავო ეკლესიები საქართველოსა და სომხეთში

მასალების გადაბეჭდვის წესი