ახალი ამბები

განათლების სამინისტრო გრძელვადიან სტრატეგიაზე მუშაობს

21 იანვარი, 2012 • 1282
განათლების სამინისტრო გრძელვადიან სტრატეგიაზე მუშაობს

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დღეს სპეციალური კომისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც განათლების  სფეროში გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავებაზე მუშაობენ.

“პირველ მარტამდე იფუნქციონირებს ეს კომისია, რომელშიც შედის ყველა ის ადამიანი, რომელსაც ეხება ეს საკითხები და რომელიც მართავს სისტემას და პირველ მარტამდე იქნება მიღებული ძალიან მნიშვნელოვანი, სტრატეგიული გადაწყვეტილებები, რომლებიც განაპირობებს სისტემის განვითრებას 2015 წლამდე”, – განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.

დღევანდელ შეხვედრაზე ზოგადი, უმაღლესი და პროფესიული განათლების მიმართულებით რამდენიმე საკითხზე იმსჯელეს, როგორებიცაა: საქართველოში საერთაშორისო IBI ბაკალავრიატის ამოქმედება; როგორ ემზადებიან უმაღლესები ინგლისური ენის B1, B2 დონის გამოცდებისთვის (2015 წლიდან სტუდენტებს ბაკალავრის დიპლომის მისაღებად ინგლისური ენის ცოდნის დადასტურება B1, B2 დონეზე მოუწევთ); უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტებით გაანგარიშების წესის დახვეწა; სასწავლო დაწესებულებათა აკრედიტაციის პროცესი; წარმატებული სპორტსმენებისთვის უმაღლესებში ჩარიცხვისას ქვოტების დადგენა; უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების ბაზაზე პროფესიული კოლეჯების დაარსების შესაძლებლობა; საატესტატო და ერთიანი ეროვნული გამოცდების დახვეწა და სხვა.

დიმიტრი შაშკინის თქმით, განათლების სისტემაში 47 მიმართულებით უკვე ჩატარდა რეფორმა:

“და ამ რეფორმების შედეგად ჩვენ უკვე მივედით იქამდე, რომ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები არის გადასწყვეტი, რომელიც განაპირობებს სისტემის განვითარებას 2015 წლამდე”.

სამინისტროში სპეციალური კომისია გრძელვადიანი სტრატეგიული გეგმის შემუშავების მიზნით შეიქმნა, მის შემადგენლობაში არიან:  განათლებისა და მეცნიერების სამინიტროს წარმომადგენლები, საქართველოს წამყვანი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორები, საჯარო და კერძო სკოლების დირექტორები. კომისია იმ პრიორიტეტებს შეიმუშავებს, რომელთაც სამინისტრო მომავალი რამდენიმე წლის განმავლობაში  ეტაპობრივად განახორციელებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი