ახალი ამბები

ჯიოევა საკუთარი ინაუგურაციის თარიღის გამოცხადებას აპირებს

21 იანვარი, 2012 • 1947
ჯიოევა საკუთარი ინაუგურაციის თარიღის გამოცხადებას აპირებს
ალა ჯიოევა
ალა ჯიოევა

სამხრეთ ოსეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს, რომელიც 25 მარტს უნდა გაიმართოს, ოპოზიციის ლიდერი ალა ჯიოევა უკანონოდ ცნობს და მასში მონაწილეობას არ აპირებს.

ჯიოევამ ამის თაობაზე დღეს ცხინვალში გამართული მიტინგის დროს განაცხადა, რომელზეც, “ინტერფაქსის” ცნობით, 100–ზე მეტი ადამიანი იყო მისული:
“ველოდები პასუხს სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელ ვადიმ ბროვცევისგან იმ მიმართვაზე, რომელიც გავუგაზვნე და რომელშიც განვაცხადე, რომ უკან ვიწვევ ჩემს ხელმოწერას შეთანხმებაზე “ერთობლივი მოქმედებების შესახებ სამხრეთ ოსეთში პოლიტიკური კრიზისის დასარეგულირებლად, რომელიც 2011 წლის ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად წარმოიშვა”.
ჯიოევამ წერილობითი შეტყობინება ბროვცევს 17 იანვარს გაუგზავნა იმ მოტივით, რომ, როგორც თავად ამბობს, ამ შეთანხმების არც ერთი პუნქტი ამ დრომდე არ შესრულებულა. აქედან გამომდინარე, ის მოითხოვს “კანონით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებას ხელისუფლების გადასაცემად სამხრეთ ოსეთის ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტისათვის”.
ჯიოევა ამბობს, რომ ბოლომდე აპირებს ბრძოლას გასული წლის ნოემბერში ჩატარებული არჩევნების შედეგების ასაღიარებლად, რომლის მიხედვითაც არჩევნებში გამარჯვება მას ხვდა წილად. მისივე თქმით, უზენაესმა სასამართლომ დაარღვია კანონი და კონსტიტუცია, როდესაც არჩევნების შედეგები გააუქმა, რომელიც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ აღიარა.
ალა ჯიოევა  ბროვცევის პასუხს 23 იანვრამდე ელოდება. ამის შემდეგ ოფიციალურად აპირებს საკუთარი ინაუგურაციის თარიღის გამოცხადებას.
სამხრეთ ოსეთის ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის შედეგებით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, რომელიც გასული წლის 27 ნოემბერს გაიმართ, ალა ჯიოევამ დაამარცხა მოწინააღმდეგე კანდიდატი ანატოლი ბიბილოვი, თუმცა, ბიბილოვის პარტიის სარჩელის საფუძველზე, სამხრეთ ოსეთის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ გააუქმა არჩევნების შედეგები და იმავე დღეს პარლამენტმა განმეორებითი არჩევნები 2012 წლის 25 მარტისთვის დანიშნა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ჯიოევას ამ არჩევნებში მონაწილეობის უფლება აეკრძალა.
ამის შემდეგ ჯიოევას მომხრეებმა დაიკავეს ცხინვალის ცენტრალური მოედანი, საპროტესტო აქციები 9 დეკემბრამდე გრძელდებოდა. 9 დეკემბერს კი სამხრეთ ოსეთის მაშინდელ ე.წ. პრეზიდენტ ედუარდ კოკოთსა და ალა ჯიოევას შორის გაფორმდა შეთანხმება, რის შემდეგაც კოკოითიმ ხელისუფლება ბროვცევს გადააბარა, ჯიოევას კი 25 მარტის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება მიეცა.

მასალების გადაბეჭდვის წესი