ქართული მხარის ცნობით, ჟენევაში აფხაზურ მხარეს ოთხოზორიას მკვლელზე ღირებული ინფორმაცია არ მიუწოდებია

“მონაწილეებმა საქართველოდან ორივე სამუშაო ჯგუფში მწვავედ დააყენეს 19 მაისს სოფელ ხურჩაში მომხდარი მკვლელობის საკითხი. ქართულმა მხარემ მონაწილეებს დამატებითი ინფორმაცია მიაწოდა მკვლელობის ფაქტზე და კატეგორიულად მოითხოვა დამნაშავის დაუყოვნებლივ დაკავება, რასაც მხარი დაუჭირეს თანათავმჯდომარეებმა და დანარჩენმა მონაწილეებმა. სამწუხაროდ, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს არ გააჩნდათ ღირებული ინფორმაცია აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით”, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელიც უწყებამ 14-15 ივნისს ჟენევის დისკუსიების მორიგი რაუნდის შემდეგ გაავრცელა.

ქართული მხარის ცნობითვე, მონაწილეებმა იმედი გამოთქვეს, რომ 6 ივლისს გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა მეტ სიცხადეს შეიტანს ხურჩაში მომხდარი მკვლელობის საქმეში.

რაც შეეხება შეხვედრის სხვა განსახილველ საკითხებს, მეორე სამუშაო ჯგუფში, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნების საკითხის განხილვისას, რუსეთის ფედერაციისა და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკების წარმომადგენლებმა დატოვეს მოლაპარაკებების დარბაზი. ამის შესახებ აფხაზეთის საგარეო უწყების განცხადებაშიც წერია.

“ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მათ არაკონსტრუქციულ დამოკიდებულებას ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული თემების, ისევე, როგორც ზოგადად, მოლაპარაკების პრინციპების მიმართ”, – აცხადებს ქართული მხარე.

პირველ სამუშაო ჯგუფში კი, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება, დეტალურად განიხილეს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში უსაფრთხოების კუთხით არსებული მძიმე ვითარება, მათ შორის, მილიტარიზაციის, სამხედრო წვრთნებისა და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ფაქტობრივი ანექსიის პროცესები.

“ამ ფონზე ქართულმა მხარემ რუსეთის ფედერაციას მოუწოდა 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებისაკენ და მოითხოვა საქართველოს მიერ ცალმხრივად არაერთხელ აღებული ვალდებულების საპასუხოდ რუსეთის ფედერაციის მიერ ძალის არგამოყენების მკაფიო დადასტურება, რაც გარანტირებული უნდა იქნას ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმებით”, – წერია განცხადებაში,

ამასთან, “ქართულმა მხარემ ორივე სამუშაო ჯგუფში განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართების, ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ნიშნებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვის გაგრძელებას, რაც უხეშად არღვევს ადგილობრივი მოსახლეობის ფუნდამენტურ უფლებებს. მწვავე დისკუსია შედგა ასევე ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით საქართველოს მოქალაქეების დაკავებისა და გატაცების შემთხვევებზე. მონაწილეებმა საქართველოდან მოითხოვეს საოკუპაციო ხაზზე თავისუფალი და უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფის გარანტიების შექმნა, რისი აუცილებლობაც კიდევ ერთელ დაადასტურა ე.წ. მესაზღვრეების მიერ საოკუპაციო ხაზთან ჩადენილმა მკვლელობამ”.

გარდა ამისა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხანგრძლივი დისკუსიის საგანს წარმოადგენდა აფხაზეთში ქართველი მოსახლეობის მშობლიურ ენაზე განათლების მიღების პრობლემა.

“ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე საკითხის მოსაგვარებლად ქმედითი ზომების გატარების აუცილებლობას. მონაწილეებმა საქართველოდან ვრცლად ისაუბრეს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნების მნიშვნელობაზე. რუსეთის ფედერაციის მხრიდან ადგილი ჰქონდა საკითხის ტრადიციულ პოლიტიზებას გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ რეზოლუციის მიღების საბაბით. აღსანიშნავია, რომ თანამოდერატორებმა, ისევე, როგორც აშშ-ის წარმომადგენლებმა, ხაზი გაუსვეს დევნილთა დაბრუნების შესახებ არსებითი განხილვის აუცილებლობას”.

ჟენევის საერთშორისო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გაიმართება 2016 წლის 4-5 ოქტომბერს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი