ახალი ამბებიხელოვნება

უფუნქციოდ დარჩენილი თეატრი და მოხეტიალე დასი

16 ივნისი, 2016 • 3461
უფუნქციოდ დარჩენილი თეატრი  და მოხეტიალე  დასი

თბილისში, გორგასლის პირველ ნომერში მდებარე თეატრის სცენაზე უკვე 30 წელია დრამა თამაშდება, ოღონდ მსახიობებისა და მაყურებლის გარეშე.

დახეული ფარდები, ძველი და დამტვრეული პროექტორები, ჩამონგრეული სახურავი, ჩამპალი იატაკი და ცივი ოთახები  – ეს ჰეიდარ ალიევის სახელობის თბილისის სახელმწიფო აზერბაიჯანული დრამატული თეატრია.  12-კაციანი დასი წლებია უკვე მოხეტიალე ცხოვრებას  ეწევა და სპექტაკლებს სხვადასხვა თეატრებში დგამს.

ჰეიდარ ალიევის სახელობის თბილისის სახელმწიფო აზერბაიჯანული დრამატული თეატრი, 2016 წლის ივნისი. ფოტო: ჯავიდ აბდუაევ

ჰეიდარ ალიევის სახელობის თბილისის სახელმწიფო აზერბაიჯანული დრამატული თეატრი, 2016 წლის ივნისი. ფოტო: ჯავიდ აბდულაევ

თბილისის სახელმწიფო აზერბაიჯანული დრამატული თეატრის რეჟისორი, თურგაი ვალიზადე სცენარის ფურცელს ჯიბეში იდებს და ამბობს, რომ თეატრმა საკუთარ სცენაზე ბოლოს როდის დადგა სპექტაკლი, აღარც კი ახსოვს: „წარმოიდგინეთ, ეს შემოქმედი ადამიანისთვის რა მძიმეა. მინიმუმ ორი თვე ვმუშაობთ,  ღამეებს ვათენებთ, რომ სპექტაკლი დავდგათ და იმის გამო, რომ საკუთარი სცენა არ გვაქვს, სპექტაკლს მხოლოდ ერთხელ – პრემიერაზე ვთამაშობთ: თანხის გადახდის გარეშე სპექტაკლის დადგმის ნებართვას ერთჯერადად გვაძლევენ. ჩვენ იმდენი ფული არ გვაქვს, რომ ყოველ ჯერზე სცენისთვის თანხა გადავიხადოთ. საკუთარი სცენა რომ გვქონდეს, პრემიერის გარდა თვეში 3-4  წარმოდგენის გამართვას შევძლებდით და მაყურებელიც გვეყოლებოდა,“ – ამბობს ვალიზადე.

თბილისის სახელმწიფო აზერბაიჯანული დრამატული  თეატრი 1909 წელს დაარსდა. საბჭოთა პერიოდში, 1922 წელს მას  სახელმწიფო სტატუსი მიენიჭა. ნაგებობა, რომელიც 135 წლის წინ აშენდა, ბოლო 30 წლის განმავლობაში უფუნქციოდაა მიტოვებული. 2004 წელს  შენობა ნაწილობრივ შეაკეთეს და ისევ თეატრს გადასცეს გამოსაყენებლად. თუმცა საფუძვლიანი რესტავრაციის გარეშე თეატრში სპექტაკლის ჩვენება შეუძლებელია: შენობაში არც სკამებია, არც სცენა, არც ფარდა, არც ჭერი და არც იატაკი….

ჰეიდარ ალიევის სახელობის თბილისის სახელმწიფო აზერბაიჯანული დრამატული თეატრი, 2016 წლის ივნისი. ფოტო: ჯავიდ აბდუაევ

ჰეიდარ ალიევის სახელობის თბილისის სახელმწიფო აზერბაიჯანული დრამატული თეატრი, 2016 წლის ივნისი. ფოტო: ჯავიდ აბდულაევ

თეატრის დირექტორი, ვარლამ ნიკოლაძე აცხადებს, რომ შენობას საფუძვლიანი შეკეთება და რემონტი  სჭირდება: „დღეს ქართული თეატრი რომ გვაქვს, ეს დიდწილად იმის შედეგია, რომ 1920 წლამდე ბაქოში ქართული თეატრი არსებობდა. ამის გამო მე,  როგორც ქართველი, აზერბაიჯანულენოვანი თეატრის წინაშე ვალში ვარ. ბევრი ქართველი მსახიობის მსგავსად მეც უზეირ ჰაჯიბეიოვის სიმღერაზე –  „არშინ მალ ალან“ გავიზარდე. ჰაჯიბეიოვი დიდი კომპოზიტორი იყო. მაგრამ ახლა ეთნიკური აზერბაიჯანელებისათვის თეატრი თითქმის აღარ არსებობს იმის გამო, რომ შენობა სავალალო მდგომარეობაშია.“

ნიკოლაძის თქმით, მან თეატრისთვის დახმარების აღმოჩენის თხოვნით რამდენიმე ორგანიზაციას მიმართა: „შეხედეთ,  ჭერი თავზე გვენგრევა. ასეთ მდგომარეობაში თეატრი შეიძლება არსებობდეს?! აუცილებელია ფინანსური მხარდაჭერა. დირექტორად დანიშვნის პირველივე დღიდან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს არაერთხელ მივმართე. ჩემი წინამორბედებიც მიმართავდნენ, მაგრამ მუდმივად გვპასუხობენ, რომ ამ შენობის რესტავრაციისთვის საჭირო თანხა არ აქვთ.“

თეატრში დასაქმებული თორმეტივე  მსახიობი საქართველოს სახელმწიფო თეატრალური უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია. თურქაი ვალიზადე ამბობს, რომ დაბრკოლებებმა, რომლებიც სპექტაკლების დადგმას აფერხებს, რამდენიმე ახალგაზრდა მსახიობს თეატრში მუშაობის  ენთუზიაზმი გაუქრო. თეატრთან და საყვარელ საქმესთან დაშორების კიდევ ერთი მიზეზი შრომის ანაზღაურების სიმცირეა:

„ჩვენი თანამშრომლების უმეტესობა სტუდენტია. 18-კაციანი  კოლექტივიდან თეატრში ახლა მხოლოდ 12 ადამიანი მუშაობს. ხელფასი ძალიან დაბალია – 300 ლარი. ეს თანხა გზის ხარჯებსაც კი ვერ ფარავს. სპექტაკლები რომ იმართებოდეს, ბილეთების გაყიდვიდან შემოსავალს მივიღებდით.“

აიდა თაღიევამ, რომელიც თეატრში ცხრა წლის განმავლობაში მუშაობდა, თეატრში შესაბამისი პირობების არარსებობის და დაბალი ანაზღაურების გამო სამსახურზე უარი თქვა. ახლა ის სპექტაკლებში მხოლოდ ინდივიდუალური მიწვევის შემთხვევაში თამაშობს: „მსახიობი ვარ, მაგრამ თეატრში არსებული ძალიან სავალალო მდგომარეობის გამო აქ მუშაობაზე უარი ვთქვი: ამხელა შრომის შედეგად მომზადებული სპექტაკლის ჩვენება მხოლოდ ერთხელაა შესაძლებელი. გვინდა, რომ  ჩვენი სპექტაკლები ჩვენი თეატრის სცენაზე დავდგათ. მე თბილისის სხვადასხვა თეატრებში დადგმულ არაერთ სპექტაკლში მითამაშია და ვხედავ, რომ სხვა თეატრებში გაცილებით უკეთესი პირობებია,“ – ამბობს აიდა.

ვარლამ ნიკოლაძე აცხადებს, რომ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წინაშე მსახიობებისთვის ხელფასის გაზრდის საკითხიც დააყენა:

„მსახიობს 350 ლარი რომ აქვს ხელფასი, ეს არის საშინელება. მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში ხელოვან ადამიანს ასეთ დაბალ  ხელფასს არ უხდიან. მინდა თეატრი გამოვაცოცხლოთ და თურქეთიდან და აზერბაიჯანიდან პროფესიონალი მსახიობები მოვიწვიოთ.  მაგრამ მეგობრობის ხათრით მსახიობი შეიძლება ერთხელ ჩამოვიდეს. კარგი მსახიობი რომ  მოიყვანო, მას მაღალი ანაზღაურება უნდა შესთავაზო.“

თეატრთან ახლოს ჰეიდარ ალიევის სახელობის პარკია. მეიდანთან ახლოს მცხოვრები ადამიანების უმეტესობა ეთნიკური აზერბაიჯანელია. ამ უბანში მცხოვრები ელმან აბბასლის თქმით, სპექტაკლები რომ იმართებოდეს, მის სანახავად თეატრში ახალგაზრდობასთან ერთად უფროსი თაობაც წავიდოდა.

საქართველოს ძეგლთა დაცვისა და კულტურის სამინისტროს ხელოვნებისა და განათლების დეპარტამენტის დირექტორი, ირინა საგანელიძე ამბობს, რომ აზერბაიჯანული თეატრისთვის ალტერნატიული ფართის შეთავაზებაა დაგეგმილი: „ეს ზუსტად როდის მოხდება, ამის თქმა  ახლა არ შემიძლია. ჯერჯერობით ეს საკითხი განხილვის პროცესშია. ამჟამად სახელმწიფოს მხრიდან სუბსიდიას იღებს ეთნიკური უმცირესობებისთვის გათვალისწინებული ხუთი  ორგანიზაცია.  მათ შორისაა თბილისის სახელმწიფო აზერბაიჯანული დრამატული თეატრი და ფათალი ახუნდოვის მუზეუმი.“

„კავკასიური სახლის“  კულტურულ ურთიერთობათა ცენტრის დირექტორთა საბჭოს წევრი, თეა გალდავა ამბობს, რომ საქართველოში კულტურისა და ხელოვნების სფეროში არსებული მდგომარეობა საზოგადოების მოთხოვნებს არ პასუხობს:

„შენობების უმეტესობა საბჭოთა კავშირის დროს არის აშენებული. ბოლო წლებში ძალიან ცოტა  შენობას ჩაუტარდა სარემონტო და სარეაბილიტაციო სამუშაოები. თუმცა მთავარი  პრობლემა შენობების და ინფრასტრუქტურის მდგომარეობა არ არის. მთავარი ის არის, რომ  საზოგადოება ამ სფეროში ჩართული არ არის და კულტურაში გრძელვადიანი პროექტები არ იგეგმება.“

ჰეიდარ ალიევის სახელობის თბილისის სახელმწიფო აზერბაიჯანული დრამატული თეატრის  მსახიობების ერთადერთი ოცნება საკუთარ სცენაზე თამაში და  მაყურებლებისგან აპლოდისმენტების მიღებაა.


სტატია მომზადებულია თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის პროექტისფარგლებში, რომელიც საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსურიმხარდაჭერით ხორციელდება. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია თბილისისადამიანის უფლებათა სახლი. ავტორის/ავტორების
მიერ სტატიაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ნიდერლანდებისსამეფოს საელჩოს პოზიციას

მასალების გადაბეჭდვის წესი