ახალი ამბები

სპეციალური განცხადება ჯაბა იოსელიანის გადასვენებასთან დაკავშირებით

20 იანვარი, 2012 • 1756
სპეციალური განცხადება ჯაბა იოსელიანის გადასვენებასთან დაკავშირებით

ჯაბა იოსელიანის გადასვენებასთან დაკავშირებით საინიციატივო ჯგუფი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

განცხადების ადრესატი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი, ნიკა რურუა და ქალაქ თბილისის მერი გიგი უგულავა არიან.

როგორც წერილშია აღნიშნული, “საქართველოს პრეზიდენტმა ბატონმა მიხეილ სააკაშვილმა 2004 წლის 26 იანვარს პოლიტიკური შეფასება უკვე მისცა სამხედრო გადატრიალებას და შემდგომში ჯაბა იოსელიანის, როგორც მხედრიონის მეთაურის, მოქმედებებს და ის საქართველოს სახელმწიფოებრიობის და ქართველი ერის წინაშე ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებად აღიარა”, აქედან გამომდინარე, საინიციატივო ჯგუფი ჯაბა იოსელიანის დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონიდან გადასვენებას ითხოვს.

“მიგვაჩნია რა, რომ დიდუბის პანთეონში ჯაბა იოსელიანის დაკრძალვა ქართველი ერის ნების საწინააღმდეგოდ მოხდა, მოვითხოვთ, რომ ჯაბა იოსელიანის ნეშტი დაუყონებლივ იქნას გადასვენებული დიდუბის პანთეონიდან და დაიკრძალოს იქ, სადაც ამას მისი ოჯახი ჩათვლის საჭიროდ”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს მიხეილ ჯაფარიძე, ნინო ბანძელაძე, ვაჟა ამირანაშვილი, ნანა დურგლიშვილი, ლაშა ბერულავა, მალხაზ ბატონისაშვილი, ნიკოლოზ დეისაძე, გიორგი ბარამიძე და გივი გ. ქარჩავა აწერენ.

სოციალურ ქსელ Facebook-ზე ინიციატივის მომხრეებს უკვე შეუძლიათ მხარდაჭერის დაფიქსირება. როგორც საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელი მიხეილ ჯაფარიძე ამბობს, წერილის მიზანი მერიის ზეწოლის ქვეშ მოქცევაა:

“ეს არის, ასე ვთქვათ, ღია წერილი. ჯერჯერობით, ჩვენ გვჭირდება ბევრი ხელმომწერი, რომ მერე გავუგზავნით მერიას და მერიაც და კულტურის სამინისტროც რეაგირების გარეშე ვეღარ დარტოვებს ამ მოწოდებას”, – განაცხადა ჯაფარიძემ.

ამავე თემაზე:

“გადავასვენოთ ჯაბა იოსელიანი პანთეონიდან!”

მასალების გადაბეჭდვის წესი