ახალი ამბები

ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 7.0%-მდე შეამცირა

15 ივნისი, 2016 • 1398
ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 7.0%-მდე შეამცირა

დღეს, 15 ივნისს საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი 50 საბაზისო პუნქტით 7.0%-მდე შეამცირა

ეროვნული ბანკის ცნობით, მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილება მიღებულია მაკროეკონომიკური პროგნოზის გათვალისწინებით, რომლის მიხედვით საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 2015 წლის განმავლობაში მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება დადებითად აისახა ინფლაციური მოლოდინების შემცირებაზე.

მიმდინარე პროგნოზის მიხედვით, წლიური ინფლაცია შემდგომ კვარტლებში შემცირდება და დროებით მიმდინარე მიზნობრივ მაჩვენებელზე დაბლა შენარჩუნდება. ინფლაცია 4%-იან მიზნობრივ მაჩვენებელს 2017 წლის პირველ ნახევარში დაუახლოვდება, აცხადებს ბანკი. 

ბანკის მონაცემით, მაისში წლიური ინფლაცია 2.1%-მდე შემცირდა. ინფლაციის მაჩვენებლის კლებაზე მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდა საბაზო ეფექტის ამოწურვასა და ინფლაციური მოლოდინების შემცირებას. ინფლაციაზე შემცირების მიმართულებით ასევე მოქმედებს  სუსტი ერთობლივი მოთხოვნა.

ბოლო პერიოდში ეკონომიკურ ზრდაზე პოზიტიური გავლენა ჰქონდა ინვესტიციების გააქტიურებასა და საგარეო მოთხოვნის ნაწილობრივ გაუმჯობესებას. მოსალოდნელია, რომ ეს ტენდენცია მომდევნო პერიოდებშიც გაგრძელდება. მეორე მხრივ, ლარით დენომინირებულ სესხებზე გაზრდილი საპროცენტო განაკვეთები და მთლიანი საკრედიტო პორტფელის ზრდის შენელება ასუსტებს ერთობლივ მოთხოვნას. ეროვნული ბანკის მიმდინარე პროგნოზით 2016 წელს ეკონომიკური ზრდა პოტენციური დონის ქვემოთ იქნება.

“მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი მიზანშეწონილად მიიჩნევს გააგრძელოს გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკიდან ეტაპობრივი გამოსვლის პროცესი, რაც საშუალოვადიან პერიოდში რეფინანსირების განაკვეთის ნეიტრალურ დონემდე შემცირებას გულისხმობს. მონეტარული პოლიტიკის ნორმალიზაციის შემდგომი ტემპი დამოკიდებული იქნება ინფლაციის განახლებულ საპროგნოზო მაჩვენებელზე და ზოგადად  ეკონომიკის გაჯანსაღების პროცესის დინამიკაზე”, – აცხადებს ეროვნული ბანკი დღეს გავრცელებულ განცხადებაში.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2016 წლის 27 ივლისს გაიმართება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი