ახალი ამბები

მერკელის თქმით, უვიზო რეჟიმის გადაწყვეტილების მიღებას ძალიან გრძელი ვადა არ დასჭირდება

15 ივნისი, 2016 • 1450
მერკელის თქმით, უვიზო რეჟიმის გადაწყვეტილების მიღებას ძალიან გრძელი ვადა არ დასჭირდება

“შეჩერების მექანიზმთან კომბინაციაში გადაწყვეტილება საქართველოს სასარგებლოდ იქნება მიღებული”, – ეს განცხადება გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ბერლინში, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, გერმნია სავიზო რეჟმის ლიბერალიზაციას შეჩერების მექანიზმის კონტექსტში განიხილავს, რომელიც ევროკავშირმა უნდა მიიღოს.

“ჩვენ დღესაც ვილაპარაკეთ ვიზალიბერალიზაციაზე. ევროკომისიამ დაადგინა, რომ საქართველომ ყველა კრიტერიუმი შეასრულა ვიზალიბერალიზაციისთვის. დღეს ლაპარაკია იმაზე, როდის მივიღებთ ჩვენ საბოლოო გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციის შესახებ. ჩვენ ვიზალიბერალიზაციას განვიხილავთ შეჩერების მექანიზმის კონტექსტში. ამას არა მაინცდამაინც საქართველოსთან აქვს კავშირი, არამედ ზოგადად ამ საკითხთან. თუკი ძალიან დიდი სირთულეები წარმოიქმნება… თუ რომელიმე ქვეყნის ძალიან ბევრი მოქალაქე ჩამოვა და მოითხოვს პოლიტიკურ თავშესაფარს ევროკავშირში, რაც, მაგალითად, სერბეთთან დაკავშირებით მოხდა გასულ წელიწადს, ჩვენ ამის [სერბეთის მაგალითის] გამეორება არ გვინდა და მივისწრაფით შეჩერების მექანიზმისაკენ. ეს საკითხი ახლა ევროპარლამენტმა უნდა გადაწყვიტოს და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე მიიღება გადაწყვეტილება და ჩატარდება კენჭისყრა ევროპარლამენტში საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭებაზე”, – განაცხადა მერკელმა და დასძინა, რომ ძალიან გრძელ ვადაზე ლაპარაკი არ არის.

“აქ ლაპარაკია მიმდინარე მოლაპარაკებებზე ევროპარლამენტში. ევროპარლამენტი დამოუკიდებელი სტრუქტურაა, მაგრამ ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც ჩვენს ხელთაა იმისათვის, რომ განხილვის პროცესი მალე დასრულდეს. ჩვენ ევროკომისიის დასკვნა [საქართველოზე] მხედველობაში მივიღეთ. ევროკომისია ამბობს, რომ საქართველომ ყველა კრიტერიუმი შეასრულა. გერმანია ევროკომისიის ამ რეკომენდაციას არ შეეწინააღმდეგა და შეჩერების მექანიზმთან კომბინაციაში გადაწყვეტილება საქართველოს სასარგებლოდ იქნება მიღებული”, – განაცხადა მერკელმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი