ახალი ამბები

გოჩა თევდორაძე: მაჩაიძემ წინასწარ ივარაუდა, რომ საარჩევნო სიაში არ იქნებოდა

15 ივნისი, 2016 • 3096
გოჩა თევდორაძე: მაჩაიძემ წინასწარ ივარაუდა, რომ საარჩევნო სიაში არ იქნებოდა

“საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” პოლიტიკურმა მდივანმა და პოლიტსაბჭოს წევრმა, მანუჩარ მაჩაიძემ დღეს ბრიფინგზე პარტის დატოვების მიზეზად ნიკოლოზ რამიშვილის პარტიულ (საარჩევნო) სიაში მოხვედრა დაასახელა. პარტიაში ამ ინფორმაციას უარყოფენ. 

პატრიოტთა ალიანსის ლიდერის, გოჩა თევდორაძის თქმით, საარჩევნო სია ჩამოყალიბებული არ არის. 

“საარჩევნო სიები ფორმირებული არ არის, ამიტომ ვერ ვისაუბრებთ, იყო თუ არა ვინმე სიაში. ბატონი მანუჩარისთავის უკმაყოფილების საგანი გახდა ის, რომ სიის ფორმირების პროცესში მხოლოდ ალიანსის წევრები არ მონაწილეობენ. ჩვენ შევქმენით ბლოკი, სახელად „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი – გაერთიანებული ოპოზიცია“, სადაც 6 ძალა შედის. სიის ფორმირების პროცესში ეს პარტიები მიიღებენ მონაწილეობას”, – უთხრა “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთმა ლიდერმა, გოჩა თევდორაძემ “ნეტგაზეთს”.

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ პოლიტიკურმა მდივანმა და პოლიტსაბჭოს წევრმა, მანუჩარ მაჩაიძემ „საქართველოს პატიოტთა ალიანსი“ დატოვა. მისი თქმით, პარტიის დატოვების მიზეზი ნიკოლოზ რამიშვილის პარტიულ (საარჩევნო) სიაში მოხვედრა გახდა.

“მინდა პირდაპირ განვაცხადო, რომ საქართველოს ნაციონალური მოძრაობის ლიდერებთან და მათ მეგობრებთან ერთ პარტიაში ვერ ვიქნები. ეს ჩემთვის ძალიან მიუღებელია. ამ საკითხს პარტიაში სხვაგვარად შეხედეს. აქედან გამომდინარე, იძულებული ვიყავი, დამეტოვებინა პარტია”, – ამბობს “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” ყოფილი პოლიტიკური მდივანი.

ნიკოლოზ რამიშვილი საქართველოს დასაქმების სახელმწიფო მინისტრის აპარატში  სახელმწიფო მინისტრის მოადგილე იყო. მაჩაიძის თქმით, “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” საარჩევნო სიაში ნიკოლოზ რამიშვილის შესვლას მხარი პოლიტსაბჭოს ყველა წევრმა დაუჭირა, მის გარდა.

კითხვაზე, იქნება თუ არა ნიკოლოზ რამიშვილი საარჩევნო სიაში, გოჩა თევდორაძემ “ნეტგაზეთს” უპასუხა, რომ წინასაარჩევნო სიები ჯერ არ ჩამოყალიბებულა. “ნიკოლოზ რამიშვილი რომელიმე ბლოკს ან პარტიას რომ წარმოადგენდეს, ასეთი ინფორმაცია ჩემთვის ცნობილი არ არის”, – დასძინა თევდორაძემ.

“საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” წევრის, გოჩა თევდორაძის თქმით, მანუჩარ მაჩაიძემ “წინასწარ ივარაუდა, რომ არ იქნებოდა სიაში იმის გათვალისწინებით, რომ საკრებულოს წევრია. საკრებულოს უფლებამოსილება კი კიდევ წელიწადნახევარს გაგრძელდება. შესაბამისად, ის ვერ მოხვდებოდა სიაში. ეს იყო მისი უკმაყოფილების საგანი”, – ამბობს გოჩა თევდორაძე.

 

8 ივნისს პატრიოტთა ალიანსის ოფისში 6 პარტიისაგან შემდგარი საარჩევნო ბლოკის პრეზენტაცია გაიმართა. ბლოკში შემდეგი პარტიები ერთიანდებიან:

  • დავით თარხან-მოურავი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი;
  • კონსტანტინე გამსახურდია – პარტია „თავისუფლება“;
  • კახა კუკავა – პარტია“თავისუფალი საქართველო“;
  • აკაკი ასათიანი – საქართველოს ტრადიციონალისტთა კავშირი;
  • გოჩა ჯოჯუა – პარტია „ახალი ქრისტიან-დემოკრატები“;
  • გია ბერძენიძე – ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა.

აუდიტის სამსახურის მონაცემების მიხედვით,  2016 წლის აპრილში მანუჩარ მაჩაიძემ “საქართველოს პატრიოტთა” ალიანსს 60 000 ლარი გადაურიცხა. “მე არ ვაპირებდი პატიოტთა ალიანსის დატოვებას”, – განაცხადა მაჩაიძემ დღევანდელ ბრიფინგზე და თქვა, რომ “შეცდომები ცხოვრებაში ხდება ხოლმე”.

“ჩვენთვის ძალიან ცუდია, რომ ის [მანუჩარ მაჩაიძე] იღებს ასეთ გადაწყვეტილებას”, – თქვა თევდორაძემ “ნეტგაზეთთან” საუბრისას. 

“ჯერჯერობით გამოკვეთილი გეგმა არა მაქვს, მაგრამ ვნახოთ, რას მოიტანს მომავალი. შეიძლება დამოუკიდებელ დეპუტატად ვიყარო კენჭო თბილისის რომელიმე რაიონში ან საქართველოს რომელიმე რეგიონში”, – განაცხადა მანუჩარ მაჩაიძემ 15 ივნისს თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე. მისი თქმით, იგი თბილისის საკრებულოში მუშაობას დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით გააგრძელებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი