ახალი ამბები

რუსეთის გულშემატკივრები ინგლისისა და უელსის ნაკრების გულშემატკივრებს დაუპირისპირდნენ

15 ივნისი, 2016 • 2085
რუსეთის გულშემატკივრები ინგლისისა და უელსის ნაკრების გულშემატკივრებს დაუპირისპირდნენ

ევროპის ჩემპიონატზე რუსეთის საფეხბურთო ნაკრებისთვის პირობითი დისკვალიფიკაციის მიცემიდან რამდენიმე საათში მათი გულშემატკივრები ინგლისისა და უელსის საფეხბურთო ნაკრების გულშემატკივრებს დაუპირისპირდნენ.

ტელეგრაფის” ინფორმაციით, ლილის ცენტრში ერთმანეთს ინგლისელებისა და რუსების მცირე ჯგუფები დაუპირისპირდნენ. სკამებისა და ქილების სროლის პროცესს უელსის გულშემატკივრები შეუერთდნენ და ინგლისელებთან ერთად შეუტიეს შავმაისურიან  მოწინააღმდეგეებს, წერს ტელეგრაფი.

მათი ცნობით, ეს დაპირისპირება საკმარისი არაა იმისათვის, რომ უეფას, რომელმაც რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს პირობითი დისკვალიფიკაცია მისცა, შემდგომი მოქმედებებისკენ უბიძგოს. უეფა ვითარებას სტადიონებზე არეგულირებს, ხოლო ქუჩის დაპირისპირებების ჩაშლა სამართალდამცავთა პრეროგიატივაა, ამიტომ საფეხბურთო ორგანიზაციას ამ ეტაპზე სხვა ბერკეტი რუსეთის ნაკრების გულშემატკივრების წინააღმდეგ არ გააჩნია.

ევროპის 2016 წლის ჩემპიონატი 10 ივნისს საფრანგეთში დაიწყო, 11 ივნისს კი – რუსეთისა და ინგლისის საფეხბურთო ნაკრებების შეხვედრის შემდეგ – გულშემატკივრები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

14 ივნისს უეფამ რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე პირობითი დისკვალიფიკაცია მისცა და 150 000 ევროს ოდენობით ჯარიმის გადახდაც დააკისრა.  თუ რუსეთის გულშემატკივრები სტადიონზე პრობლემებს ისევ გამოიწვევენ, რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს ევროპის ჩემპიონატიდან მოხსნიან.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი