ახალი ამბები

ბოტანიკურ ბაღს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

18 იანვარი, 2012 • 1375
ბოტანიკურ ბაღს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

უახლოეს მომავალში ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაცია იგეგმება. პროექტზე თბილისის განვითარების ფონდი მუშაობს.

ბოტანიკური ბაღის დირექტორის, მაია თავართქილაძის განცხადებით, ბაღის კეთილმოწყობასთან ერთად გაკეთდება ვერანდა, საიდანაც ხედი იქნება ლეღვთახევზე.

როგორც მაია თავართქილაძემ “ნეტგაზეთთან” საუბარში აღნიშნა, ბოტანიკური ბაღის შემთხვევაში ხელოვნებათმცოდნეები საქმეში თავიდანვე ჩაერთნენ:

“ვფიქრობ, რეაბილიტაცია წარმატებით დასრულდება, რადგან საქმეში ხელოვნებათმცოდნეები და ძეგლთა დაცვის სპეციალისტები თავიდანვე ჩაერთნენ. მე მოხარული ვარ, რომ ჩვენს შეთხვევაში ყველა საჭირო სპეციალისტი პროექტში არა დაგვიანებულად, არამედ პირველივე ეტაპიდან მუშაობს”

თავართქილაძის განცხადებით, პირველ ეტაპზე მერიის თხოვნით ბოტანიკურმა ბაღმა ისტორიული ნაწილის განვითარების გეგმა შეადგინა:

“ჩვენ შევადგინეთ ბაღის საჭიროებიდან გამომდინარე და იმ მოთხოვნებიდან გამომდინარე, რაც ბოტანიკურმა ბაღმა დამსვენებელს უნდა შესთავაზოს”

მისივე თქმით, გათვალისწინებული იქნება მსოფლიო ბოტანიკური ბაღების გამოცდილებაც და საერთაშორისო დონის სტანდარტები ქართულ რეალობასთან ადაპტირებულად დაინერგება.

ჯერჯერობით რეაბილიტაციის დაწყების თარიღები ცნობილი არაა.

თბილისის ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე რამდენიმე ძეგლია განთავსებული, მათ შორის 1914 წელს აშენებული თაღოვანი ხიდი. ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებულ თავად ბაღსაც.

ბოტანიკური ბაღის ტერიტორია 128 000 ჰექტარია, თუმცა რეაბილიტაცია მხოლოდ ნაწილს ჩაუტარდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი