ახალი ამბები

ზვიად ძიძიგური: ივანიშვილი მთელს ქართულ ოპოზიციაში პირველი ვიოლინოა

18 იანვარი, 2012 • • 1163
ზვიად ძიძიგური: ივანიშვილი მთელს ქართულ ოპოზიციაში პირველი ვიოლინოა

“ივანიშვილი არა მარტო მის პარტიაში, არამედ მთელ ქართულ ოპოზიციაში პირველი ვიოლინოა და ყველაფერი მის ირგვლივ ტრიალებს. სწორედ ის არის დღევანდელი პოლიტიკური სიტუაციის ლოკომოტივი,” – განაცხადა “კონსერვატიული პარტიის” ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა ITV-ის მედიაკლუბში სტუმრობისას.

ძიძიგურმა მიმოიხილა ქვეყანაში არსებული პოლიტიკური სიტუაცია და აღნიშნა, რომ დღეს ოპოზიცია აღარ ფიქრობს იმაზე, რომ მხოლოდ ბარიერი გადალახოს, არამედ იმაზე, რომ მოახდინოს არჩევნების გზით ხელისუფლების დამარცხება.

მისივე განცხადებით, ერთიანი კოალიციის სტრუქტურის ჩამოყალიბება უკვე ინტენსიურად მიმდინარეობს.

“ინტესიური მუშაობა საარჩევნო სტრუქტურების ჩამოყალიბების კუთხით  უკვე აქტიურად მიმდინარეობს. საარჩევნო სტრუქტურებში 100 ათასი კაცი იქნება ჩაბმული, რაც აქამდე არც ერთი პოლიტიკური გაერთიანების დროს არ ყოფილა. ოპოზიციურ პოლიტიკურ რუკაზე აღარ იქნება თეთრი ლაქები იმ რეგიონების თვალსაზისით, საიდანაც ხელისუფლებას მუდამ ხვავის ბეღელი ჰქონდა და მის სასარგებლოდ ხმების 90-100% შემოდიოდა. უპრეცედენტოა ასევე ის, რომ სტრუქტურების ჩამოყალიბებაზე მუშაობა არჩევნებამდე 7-8 თვით ადრე მიმდინაროებს, რადგან ადრე ყოველთვის დროის დეფიციტი გვქონდა. 7 თვე ბევრი არ არის, თუმცა არც ცოტაა და ამ პერიოდში ბევრი საორგანიზაციო საკითხის მოგვარება შეიძლება,” – განაცხადა ძიძიგურმა.

კითხვაზე, იგეგმება თუ არა კოალიციაში სხვა პოლიტიკური ძალების შემატება, ძიძიგური ვერ აკონკრეტებს, ვინ შეიძლება შეუერთდეს კოალიციას. თუმცა გამოთქვამს სურვილს, რომ  ყველა პოზიტიური პოლიტიკური ძალა იმ პოლიტიკური ალტერნატივის რიგებში იყოს, რომელიც ამჟამად ჩამოყალიბების პროცესშია.

“ეროვნულ ფორუმთან” რომ კონსულტაციები მიმდინარეობს, ეს ყველამ კარგად იცის, თუმცა, რა ფაზაზეა პროცესი ამ ეტაპზე – ამას არ გავახმაურებ. “კონსერვატორებთან” თვენახევრის განმავლობაში კონსულტაციები დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა. შემდეგ გაკეთდა განცხადება და საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ “ხალხის პარტია” და “კონსერვატორები” კოალიციაში შევიდნენ. ჯერ პირდაპირ არავინ დააფიქსირებს პოზიციებს. სწორედ კონსულტაციების შემდეგ ასეთი განცხადებები გაკეთდება სხვებთან დაკავშირებითაც,” – აღნიშნა ძიძიგურმა.

კონსერვატორების ლიდერი ივანიშვილის მოქალაქეობის საკითხსა და მისი მეუღლის ეკატერინე ხვედელიძის პოლიტიკაში გამოჩენასაც შეეხო და აღნიშნა, რომ ივანიშვილის მეუღლის ეკატერინე ხვედელიძის პოლიტიკური ორგანიზაციის ლიდერად წარდგენა სწორედ იმ იურიდიული ომის ნაწილია, რომელიც ივანიშვილსა და პრეზიდენტ სააკაშვილს შორის მიმდინარეობს.

“ამ სვლის შემდეგ სასამართლო იძულებული გახდება, მის მიერ ხვედელიძისთვის საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების პროცესი დააჩქაროს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო ამ პროცესს გააჭიანურებდა და შესაძლოა, იგი არჩევნების შემდგომ განეხორციელებინა, რაც ივანიშვილს პოლიტიკური თვალსაზრისით არ აწყობდა. მას საკუთარი პოლიტიკური  ორგანიზაციის შექმნა და მის სათავეში ეკატერინე ხვედელიძის ჩაყენება სურს, თუმცა, როგორც თავად ივანიშვილმა განაცხადა, მთავარი პოლიტიკური პერსონა თავად იქნება,” – განაცხადა ძიძიგურმა.

“ნეტგაზეთის” შეკითხვას, რამდენად აქტიურია კოალიცია რეგიონებში, ძიძიგურმა უპასუხა, რომ ჰიპერაქტიური ქმედებების დრო ჯერ არ არის, რადგან, მისი თქმით, ამ ეტაპზე საარჩევნო სტრუქტურების ჩამოყალიბების კუთხით მიდის სამუშაოები.

“მალე რეგიონებში კოალიციის ოფისები გაიხსნება. ამ ოფისების საშუალებით ზეწოლის იმ ფაქტებზე, რომელიც ხელისუფლების მხრიდან ბიძინა ივანიშვილის მომხრეების მიმართ ხორციელდება, სამართლებრივი თუ პოლიტიკური რეაგირება ბევრად გაგვიადვილდება. ასევე, მიმდინარეობს მუშაობა საერთო აბრების დიზაინზე, რომელიც კოალიციაში შემავალი ყველა პარტიის ოფისში გამოიკვრება. თუმცა აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ჰიპერაქტიური ქმედებების დრო ჯერ არ არის, რადგან ამ ეტაპზე საარჩევნო სტრუქტურების ჩამოყალიბების კუთხით ვმუშაობთ,” – აღნიშნა ძიძიგურმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი