ახალი ამბები

“გადავასვენოთ ჯაბა იოსელიანი პანთეონიდან!”

18 იანვარი, 2012 • 5122
“გადავასვენოთ ჯაბა იოსელიანი პანთეონიდან!”

საზოგადოების ნაწილი ჯაბა იოსელიანის დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონიდან გადასვენებას ითხოვს.

ამ თემასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელ facebook-ზე სპეციალური ჯგუფიც შეიქმნა, სადაც 1300–ზე მეტი ადამიანია გაწევრიანებული და მათი რაოდენობა მუდმივად იზრდება.

ჯგუფის შექმნის იდეა მიხეილ ჯაფარიძეს ეკუთვნის. როგორც მისივე გავრცელებული ვიდეოდან ირკვევა, მიხეილ ჯაფარიძე სწორედ საზოგადოების მხრიდან ამ საკითხზე ყურადღების მიპყრობის მიზნით 6 იანვარს დიდუბის პანთეონში შეიპარა, იოსელიანის საფლავის გათხრა სცადა და  ადგილზე ფოტოებიც მიიტანა. ფოტოებზე, როგორც თავად აღნიშნავს, “ძმათა მკვლელი” ჯაბა იოსელიანი და მისი თანამოაზრეები იყვნენ გამოსახული.

მიხეილ ჯაფარიძე წლებია გერმანიაში ცხოვრობს. 6 იანვრის შემდეგ მან კვლავ დატოვა საქართველო. პანთეონის დაცვამ კი საფლავის გათხრის მცდელობაში დამნაშავე პირების აღმოჩენა ვერ შეძლო და ნაწილი ფაქტს ზვიად გამსახურდიას მომხრეებსაც უკავშირებდა.

მიხეილ ჯაფარიძემ საქართველოს დატოვების შემდეგ ინფორმაცია გაავრცელა იმის გამო, რომ, როგორც თავად აღნიშნავს, აქციას არასწორი ინტერპრეტაცია მიეცა და ვანდალიზმად შეფასდა:

“ჯაბა იოსელიანი არის ძმათა მკვლელი და ომის ერთ–ერთი ორგანიზატორი, რის გამოც მისი საფლავი არ უნდა იყოს საქართველოში არსებულ არც ერთ პანთეონში და ის ფაქტი, რომ ის დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონშია დაკრძალული, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობისთვის შეურაცხმყოფელია”, – ნათქვამია განცხადებაში.

ვიდეოს გავრცელებასთან ერთად facebook-ზე შეიქმნა ჯგუფიც სახელწოდებით “გადავასვენოთ ჯაბა იოსელიანი პანთეონიდან!”

ჯგუფის წევრების ნაწილი ამბობს, რომ ისინი სრულიად ეთანხმებიან და უერთდებიან მიხეილ ჯაფარიძის განცხადებას. ერთ–ერთი წევრი ვაჟა ამირანაშვილია:

“დიდუბის პანთეონი, ჩემი აზრით, უნდა იყოს ის სიმბოლური ადგილი, სადაც ქვეყნის წინაშე დამსახურებული და ღვაწლმოსილი ადამინები არიან დასაფლავებული. ყველა სხვა წასულის ადგილი ჩვეულებრივ სასაფლაოებზეა. სწორედ ამიტომ მიმაჩნია გამართლებულად ჯაბა იოსელიანის ჩვეულებრივ სასაფლაოზე გადასვენება, რადგან მას, ჩემი ღრმა რწმენით, ქვეყნის წინაშე არც დამსახურება და არც ღვაწლი არ მიუძღვის”

გადასვენების იდეას ემხრობა გივი გ. ქარჩავაც, რომელიც ამ იდეისთვის ხორცის შესხმას 2009 წელსაც ცდილობდა. მისი ორგანიზებით 2009 წელს სპეციალური პეტიციაც შედგა, რომელიც იყო მიმართვა საქართველოს პრეზიდენტის, პარლამენტის, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და საზოგადოების მიმართ.
პეტიციაში აღნიშნული იყო, რომ “ვასო გოძიაშვილის, ელენე ახვლედიანის, დოდო აბაშიძის და სხვა ღირსეულ მამულიშვილთა გვერდით ბოროტმოქმედისა და ქვეყნის მტრის ადგილი არ არის, მეტიც – ჯაბა იოსელიანის საფლავის არსებობა დიდუბის პანთეონში იქ დაკრძალულ მამულიშვილთა, აგრეთვე, სამოქალაქო ომის დროს მხედრიონის მიერ უდანაშაულოდ დახოცილ ადამიანთა სულების შეურაცხყოფაა.” პეტიციაზე ხელის მოწერა ნებისმიერ ადამიანს შეეძლო, თუმცა გივი გ. ქარჩავა აღნიშნავს, რომ მაშინ ხმათა საჭირო რაოდენობის მოგროვება ვერ მოხერხდა:

“არაფერი არ მოჰყოლია ამ პეტიციას. დაიწერა, რამდენიმე კაცმა მოაწერა ონლაინ ხელი და სულ ეს იყო. ხელმოწერების რაოდენობა არ გვაძლევდა იმის საშუალებას, რომ მიგვემართა პეტიციის ადრესატებისთვის. შემდეგ თავისთავად ჩაკვდა ეს აქცია და ახლა ისევ გაცოცხლებულა მიხეილ ჯაფარიძის მეშვეობით”, – ამბობს ქარჩავა და აღნიშნავს, რომ თუკი ჯაფარიძე და სხვები აქციას განაახლებენ, ის მათ მხარს დაუჭერს.

აღსანიშნავია, რომ ჯაბა იოსელიანის დიდუბის პანთეონიდან გადასვენების მომხრეებს იდეის განხორციელება მხოლოდ კანონისა ფარგლებში სურთ, საფლავის ყოველგვარი შეურაცხყოფის გარეშე.

თუმცა ჯგუფში ისეთი ადამიანებიც არიან გაერთიანებული, ვინც ჯაბა იოსელიანის გადასვენების წინააღმდეგია. მათი თქმით, ერთი ადამიანის გადასვენება გამოიწვევს იმას, რომ აუცილებლად გამოჩნდებიან ადამიანები, ვინც იგივე მიზეზით სხვა მიცვალებულების გადასვენებასაც მოინდომებს.

საზოგადოების ნაწილი კი თვლის, რომ დასაშევბია თუ არა მიცვალებულების გადასვენება, საპატრიარქოს მოსაზრების მიხედვით უნდა გადაწყდეს. თუმცა, როგორც საპატრიარქოს წარმომადგენელი მიქაელ ბოტკოველი აცხადებს, ამ საკითხზე საპატრიარქოში არანაირი მსჯელობა არ ყოფილა, რადგან ეს მათი კომპეტენცია არ არის:

“ჯაბა იოსელიანი რომ სასულიერო პირი ყოფილიყო, მაშინ შეიძლება გამოგვეჩინა ინიციატივა, მაგრამ ის ჩვეულებრივი ადამიანი იყო. რა თქმა უნდა, მისი სახელის ირგვლივ აზრთა სხვადასხვაობა არსებობს, მაგრამ ეს ეკლესიის სამსჯელო საგნი არ არის, ეს საზოგადოებამ უნდა გადაწყვიტოს”, – განაცხადა მიქაელ ბოტკოველმა. მან ასევე არ დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჯაბა იოსელიანი დიდუბის პანთეონში პატრიარქის კურთხევით დაიკრძალა.

ჯგუფის წევრები უახლოეს მომავალში ახალ აქციას ან აქტივობას არ გეგმავენ, თუმცა არც ახალი პეტიციის შედგენას გამორიცხავენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი