ახალი ამბები

აშშ–ის მთავრობა ამომრჩეველთა სიების დასაზუსტებლად მილიონს გამოყოფს

18 იანვარი, 2012 • • 1011
აშშ–ის მთავრობა ამომრჩეველთა სიების დასაზუსტებლად მილიონს გამოყოფს

აშშ–ის მთავრობა არჩევნებისთვის ამომრჩეველთა სიების დაზუსტებისა და დამისამართების პროექტს 1 მილიონი დოლარით დააფინანსებს.

“პროექტი მიზნად ისახავს ამომრჩეველთა სიების დახვეწას თბილისში დამისამართების მოწესრიგების გზით. პროექტის ფარგლებში დაზუსტდება 474 ათასი ობიექტის მდებარეობა და დაახლოებით 1,2 მილიონი მოქალაქე კონკრეტულ მისამართზე მიმაგრდება. დამისამართების მოწესრიგება ამომრჩეველთა სიის ხარისხს გააუმჯობესებს. აშშ–ის მთავრობა თბილისის დამისამართების პროექტს 1 მილიონი დოლარით დააფინანსებს” – აღნიშნულია აშშ–ის საელჩოს განცხადებაში.

აღნიშნულ საკითხზე დღეს, 18 იანვარს, 15 საათზე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროში აშშ–ის ელჩი ჯონ ბასი, იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი, USAID-ის საქართველოს მისიის დირექტორი სტივენ ჰეიკინი და თბილისის მერი გიგი უგულავა ხელს მოაწერენ ურთიერთგაგების მემორანდუმს ახალი პროექტის გასახორციელებლად.

დამისამართების პროექტი ნაწილია დემოკრატიული მმართველობის პროექტისა, რომელსაც აშშ–ის მთავრობა 16 მილიონი დოლარით აფინანსებს. დემოკრატიული მმართველობის პროექტი მიზნად ისახავს სახელმწიფო გამჭვირვალობისა და ეფექტურობის ხელმისაწვდომობას მოქალაქეთათვის უკეთესი სერვისის მისაწოდებლად, აგრეთვე, სამთავრობო უწყებებს, სამოქალაქო საზოგადოებისა და მოქალაქეებს შორის კომუნიკაციის გასაუმჯობესებლად. დემოკრატიული მმართველობის პროექტს აშშ–ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო  USAID ახორციელებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი