ახალი ამბები

“ტფილისის ჰამქრის” წერილი “თბილისის განვითარების ფონდს”

18 იანვარი, 2012 • 1225
“ტფილისის ჰამქრის” წერილი “თბილისის განვითარების ფონდს”

“ტფილისის ჰამქარმა” ოფიციალური წერილით მიმართა “თბილისის განვითარების ფონდს”, რომელშიც ფონდსა და შპს “ირაო მაგნატ გუდიაშვილს” შორის დადებული ხელშეკრულების ასლს ითხოვს გუდიაშვილის მოედანზე მდებარე უძრავი ქონების ნასყიდობასთან დაკავშირებით.

“გთხოვთ, ხელშეკრულება მოგვცეთ სრულად, ქართულ-ინგლისური ტექსტით, მასში შემავალი ყველა მუხლისა და დანართის ჩათვლით”, – ნათქვამია განცხადებაში

ინფორმაციის მოთხოვნის ერთ–ერთი მიზეზი ისაა, რომ ბოლო დროს გუდიაშვილის მოედანზე განხორციელებული აქტივობების შედეგად მოედანი ყურადღების ცენტრში მოექცა და ინფორმაცია მისი რეაბილიტაციის შესახებ საჯარო ინტერესის საგანს წარმოადგენს.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ 2011 წლის დეკემბერში, მას შემდეგ, რაც თბილისის მერმა გიგი უგულავამ გუდიაშვილის სკვერის რეაბილიტაციის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა, მან აღნიშნა, რომ ამ ტერიტორიაზე მდებარე კულტურული მემკვიდრეობის მქონე ძეგლებს საფრთხე არ ემუქრებათ, თუმცა მას პროექტის კონკრეტულ დეტალებზე არ უსაუბრია, ეს ინფორმაცია კი სწორედ ამ ხელშეკრულებაში უნდა იყოს მოცემული.

როგორც ცნობილია, გუდიაშვილის სკვერის რეაბილიტაციას “თბილისის განვითარების ფონდთან” დადებული ხელშეკრულების საფუძველზე შპს “ირაო მაგნატ გუდიაშვილი” განახორციელებს.

worldarchitecturenews.com-ის ცნობით კონკურსში ავსტიულმა  კომპანიამ Zechner & Zechner  გაიმარჯვა  და გუდიაშვილის მოედანზე მულტიფუნქციური პროექტის განხორციელება უნდა დაიწყოს.

საზოგადოება კი იმის დასამტკიცებლად, რომ გუდიაშვილის სკვერი და მისი სიძველის შენარჩუნება მნიშვნელოვანია, ბოლო თვეების განმავლობაში აქ მშვიდობიანი აქცია–გამოფენებს აწყობს.

“ტფილისის ჰამქრის” მიმართვის სრული ტექსტი მათ ოფიციალურ facebook გვერდზე შეგიძლიათ იხილოთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი