ახალი ამბები

თამბაქოს ყველა სახის რეკლამა შესაძლოა აიკრძალოს

13 ივნისი, 2016 • 3416
თამბაქოს ყველა სახის რეკლამა შესაძლოა აიკრძალოს

“ქართული ოცნების” წევრმა, გუგული მაღრაძემ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი მოამზადა, რომლის მიზანია, “მიზანმიმართულად და სრულყოფილად გაიწეროს ყველა ის ფაქტობრივი გარემოება და შემზღუდველი ნორმები, რომლის განუხრელად შესრულების შედეგად შესაძლებელი გახდება საზოგადოებაში ჯანმრთელი ცხოვრების წესის დამკვიდრება თამბაქოს მოხმარების მავნე ნივთიერებების ზემოქმედების გარეშე.”

“თამბაქოს კონტროლის შესახებ” კანონპროექტის თანახმად, გარდამავალი დებულების სახით ისაზღვრება, რომ 2017 წლის 1 ივლისამდე შენობა-ნაგებობებიდან სასტუმროებს ეძლევათ ვადა, როცა მათ შეუძლიათ სრულ აკრძალვამდე დაუშვან მოწევა ნომრების არაუმეტეს 50%-ში, საჯარო დაწესებულებებს, საზოგადოებრივი კვების ობიექტებს, სილამაზის სალონებს, მაღაზიებს და სავაჭრო ობიექტებს სრულად აკრალვამდე შენობის 20%-ში კედლებით გამოყონ მოსაწევი ადგილები. 2018 წლის 1 იანვრამდე ოფისებს, ქარხანა-ფაბრიკებს, საამქროებს, ტერმინალებს, სტადიონებს და სხვა მსგავს დაწესებულებებს- დაუშვან მოწევა მკაფიოდ განსაზღვრულ ადგილებში.

ცვლილებები შედის “რეკლამის შესახებ” კანონშიც. კერძოდ, იკრძალება თამბაქოს ნაწარმის, მისი აქსესუარებისა და მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობების ყველა სახის რეკლამა. აგრეთვე დგინდება რეგულაცია 2017 წლის 1 იანვრამდე დამზადებული ფილმების და სხვა იმ პროდუქციის მასობრივი ჩვენებისთვის, რომელიც შეიცავს ამგვარ რეკლამას.  ასეთი პროდუქციის ჩვენებისას თამბაქოს რეკლამა ან მოხმარების დემონსტრირება სრულად უნდა დაიფაროს, ხოლო ჩვენების დასაწყისში და ბოლოში ნაჩვენები უნდა იყოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული სატელევიზიო ან რადიორგოლი, ან ბეჭდვითი მასალისთვის პიქტოგრამა მოწევის მავნებლობის შესახებ.

ამასთან, იკრძალება თამბაქოს ნაწარმის, მისი აქსესუარების და მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობების  განლაგება ვიტრინებზე, ვიტრაჟებზე, დახლზე, თაროზე, ან ნებისმიერი სხვა სახით იმგვარად, რომ ის ხილვადი იყოს ობიექტის შიგნიდან ან გარედან.

თამბაქოს ნაწარმი მოიცავს  ფილტრიან და უფილტრო სიგარეტებს; პაპიროსებს, სიგარებს, სიგარილებს; საჩიბუხე და ჩილიმისთვის განკუთვნილ თამბაქოს, შესახვევ თუთუნს, დასაღეჭ, საწუწნ და შესასუნთ თამბაქოს, ასევე ელექტრონულ სიგარეტებსა და სხვა მსგავს მოწყობილობებს.

კანონპროექტით გამნისაზღვრება თამბაქოს აქსესუარი და მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობა. ესენია სიგარეტის ასანთები, სპეციალური სანთებლები, თამბაქოს გასახვევი ქაღალდი, თამბაქოს შესახვევი ან დასაჭრელი აპარატი, საფერფლე, ნებისმიერი სახის პორტსიგარა, ან სხვა საგნები, რომლებიც უპირატესად გაკუთვნილია თამბაქოს მოხმარებისთვის.

ასევე კანონში ჩნდება ტერმინი  – თამბაქოს ახალი სახის ნაწარმი, რაც გულისხმობს თამბაქოს ნაწარმს, რომელიც 2016 წლის 1 დეკემბრის მდგომარეობისთ განთავსებული არ არის საქართველოს ბაზარზე, ან არ მიეკუთვნება ზემოთ აღნიშნულ ჩამონათვალს. პროექტის თანახმად, თამბაქოს ახალი სახის ნაწარმის რეალიზება იკრძალება.

ამასთან, 30%-დან 65%-მდე იზრდება სამედიცინო გაფრთხილების მიერ თამბაქოს ნაწარმის შეფუთვაზე დაკავებული ფართობი.

მასალების გადაბეჭდვის წესი