ახალი ამბები

რა მდგომარეობაა ნენსკრას ხეობაში, სადაც ჰესის მშენებლობა იგეგმება [ფოტო/ვიდეო]

13 ივნისი, 2016 • 3490
რა მდგომარეობაა ნენსკრას ხეობაში, სადაც ჰესის მშენებლობა იგეგმება [ფოტო/ვიდეო]

28 ივნისს მესტიის მუნიციპალიტეტში შემავალი თემების წარმომადგენლები შეიკრიბებიან და დაიფიცებენ, რომ არ დაუშვებენ სვანეთში ნენსკრაჰესის და სხვა ჰიდროელექტროსადგურების აშენებას, რომლებიც საფრთხეს შეუქმნის ზემო სვანეთის მოსახლეობას.

ეს გადაწყვეტილება მესტიის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლების ნაწილმა 12 ივნისს, სოფელ ხაიშში შეკრების შემდეგ მიიღო. შეკრებაზე მათ იმ პრობლემებზე ისაუბრეს, რომლებიც მესტიის მოსახლეობას აწუხებს.

შეკრების შემდეგ მათ დაწერეს მიმართვის ტექსტის სამუშაო ვერსია, რომელსაც გაუგზავნიან საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, პატრიარქ ილია მეორეს, სხვადასხვა საფინანსო ორგანიზაციებს. მანამდე კი მიმართვას გაუგზავნიან ზემო სვანეთის მცხოვრებლებს, რათა ხელი მოაწერონ და შეიტანონ შესწორებები.

შეკრების ორგანიზატორმა ზურაბ ნიჟარაძემ განაცხადა, რომ უნდა გაუქმდეს ტრანსელექტრიკასა და K Waters-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულება. ასევე, უნდა დაუბრუნდეს მიტაცემული მიწები სვანეთის მოსახლეობას, რომლებიც ისტორიულ-მემკვიდრეობით განპირობებული სათემო საკუთრება იყო.

ნიჟარაძის თქმით, თემების წარმომადგენლები შეთანხმდნენ, რომ ზემო სვანეთის მოსახლეობა აირჩევს ლალხორს – მოსახლეობის წარმომადგენლობით საბჭოს, რომელიც უნდა ჩაერთოს მესტიის მუნიციპალიტეტში დაგეგმილი ნებისმიერი ინფრასტრუქტურული პროექტის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

ნიჟარაძე ამბობს, რომ ზემო სვანეთში უნდა განვითარდეს ტურიზმი და მიწათმოქმედება.

სოფელ ნაკრას მცხოვრები გიორგი ცინდელიანი ამბობს, რომ ამ შეხვედრის ორგანიზება გამოიწვია ჰესების მშენებლობამ და წიაღისეულის მოპოვებამ. ცინდელიანის თქმით, დიდი ჰესების მშენებლობა მოსახლეობის აყრის საფრთხესთანაა დაკავშირებული.

“დიდი ჰესების  ნაცვლად თუ მთავრობა შეჯერდება ალტერნატიულ, მცირე ჰესებზე, კარგი იქნება”, – ამბობს ცინდელიანი.

მისი თქმით, დიდი ჰესი შეცვლის მიკროკლიმატს ხეობაში.

ცინდელიანი ამბობს, რომ სადაც ნენსკრაჰესის მშენებლობა იგეგმება, ეს ადგილი შედგება ღვარცოფული მდინარეებისგან, ხოლო ტენიანობის ზრდა მეწყერსაშიში პროცესების გამომწვევი გახდება.

სოფელ ხაიშის მკვიდრი აკაკი ზუმაძე ჰესების მშენებლობის კატეგორიული წინააღმდეგია.

“ჰესებზე ლაპარაკიც არ გვინდა. ამის ჩაძირვაზე რომ დათანხმდე, გიჟი უნდა იყოს”, – ამბობს ზუმაძე.

ზუმაძის თქმით, ხაიშში ძველი წელთაღრიცხვის მეოთხე საუკუნით დათარიღებული არქეოლოგიური მასალა არსებობს და  ასეთი ხანდაზმული სოფლის წყლით დაფარვას არავინ დათანხმდება.

ამჟამად მესტიის მუნიციპალიტეტში, მდინარე ენგურის შენაკადზე, მდინარე ნენსკრაზე, ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებული გეოლოგიური სამუშაოები მიმდინარეობს.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ბურღვების შედეგად დაზიანდა მდინარე ნენსკრასთან მდებარე მაშრიჭალა, ხოლო მიწის ზედაპირზე წყაროებმა დაიწყო ამოსვლა. 

არასამთვარობო ორგანიზაციის “მწვანე ალტერნატივა” წარმომადგენელი დავით ჭიპაშვილი ამბობს, რომ კაშხლის აშენების გამო ნენსკრას წლის მოცულობა 90%-ით შემცირდება, რადგან რამდენიმე კილომეტრის მანძილზე მდინარეს მილებში გადაისვრიან, რის შედეგადაც ჰიდროელექტროსადგურში მოხვდება, შემდეგ კი დაუბრუნდება თავის კალაპოტს.

დათო ჭიპაშვილი, “მწვანე ალტერნატივის” წარმომადგენელი ამბობს, რომ ნენსკრაჰესის აშენება ხეობის ეკოსისტემის ბიომრავალფეროვნებისთვის სახიფათოა.

“ამ ტერიტორიის წყლით დაფარვა ბიომრავალფეროვნების თვალსაზრისით არ არის მხოლოდ ხეების მოჭრა. აქ ეკოსისტემებია. თვითონვე წერენ, რომ მიკროკლიმატის ცვლილების არეალი გავრცელდება მთელ ხეობაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ, თავისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, გაიზრდება წაყინვების რიცხვი, გამოიწვევს ხეების ნაადრევ დაბერებასა და კვდომას, შემცირდება მოსავალი”, – ამბობს ჭიპაშვილი.

ჭიპაშვილის თქმით, კაშხალი ჰესისთვის უნდა აშენდეს მდინარე ნენსკრას ხეობაში, მაშრიჭალის ტერიტორიაზე, მყინვარის ძირში. ჰესს, ნენსკრას გარდა, მდინარე ნაკრაც მოამარაგებს წყლით, რომელსაც მილების საშუალებით წყალსაცავს დაუკავშირებენ.

280 მეგავატის სიმძლავრის ჰესის მშენებლობის დაწყების შესახებ ხელშეკრულებას ხელი 2015 წლის აგვისტოში მოაწერეს. მშენებლობას კორეული კომპანია K waters ახორციელებს. ოფიციალური ინფორმაციით, ჰესი ელექტროენერგიის გამომუშავებას 2019 წლიდან დაიწყებს, ხოლო პროექტის მშენებლობა 2021 წელს დასრულდება.

ოფიციალური ინფორმაციით, პროექტის ღირებულება 1 მილიარდი აშშ დოლარია. ჰესის შმენებლობას საბანკო სესხის ნაწილში “ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი“, “აზიის განვითარების ბანკი” და კორეის “ექსიმ ბანკი” ახორციელებენ.

სოფელ ხაიშისკენ მიმავალ გზაზე. 12.06.2016 ფოტო: მიხეილ მეფარიშვილი

სოფელ ხაიშისკენ მიმავალ გზაზე. 12.06.2016 ფოტო: მიხეილ მეფარიშვილი

სოფელი ხაიში. 12.06.2016 ფოტო: მიხეილ მეფარიშვილი

სოფელი ხაიში. 12.06.2016 ფოტო: მიხეილ მეფარიშვილი

მდინარე ნენსკრას ხეობა. 12.06.2016 ფოტო: მიხეილ მეფარიშვილი

მდინარე ნენსკრას ხეობა. 12.06.2016 ფოტო: მიხეილ მეფარიშვილი

მაშრიჭალა - ადგილი, სადაც ნენსკრა ჰესთან დაკავშირებული სამუშაოები მიმდინარეობს. 12.06.2016 ფოტო: მიხეილ მეფარიშვილი

მაშრიჭალა – ადგილი, სადაც ნენსკრა ჰესთან დაკავშირებული სამუშაოები მიმდინარეობს. 12.06.2016 ფოტო: მიხეილ მეფარიშვილი

მანქანა იმ ადგილას, სადაც, ნენსკრა ჰესთან დაკავშირებული სამუშაოები მიმდინარეობს. 12.06.2016 ფოტო: მიხეილ მეფარიშვილი

მანქანა იმ ადგილას, სადაც, ნენსკრა ჰესთან დაკავშირებული სამუშაოები მიმდინარეობს. 12.06.2016 ფოტო: მიხეილ მეფარიშვილი

წყლის ავზი იმ ადგილას, სადაც, ნენსკრა ჰესთან დაკავშირებული სამუშაოები მიმდინარეობს. 12.06.2016 ფოტო: მიხეილ მეფარიშვილი

წყლის ავზი იმ ადგილას, სადაც, ნენსკრა ჰესთან დაკავშირებული სამუშაოები მიმდინარეობს. 12.06.2016 ფოტო: მიხეილ მეფარიშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი