ახალი ამბები

მიზეზები, რის გამოც საქართველოს ეკლესია მართლმადიდებელ ეკლესიათა მსოფლიო კრებას პროტესტს უცხადებს

11 ივნისი, 2016 • 2989
მიზეზები, რის გამოც საქართველოს ეკლესია მართლმადიდებელ ეკლესიათა მსოფლიო კრებას პროტესტს უცხადებს

საქართველოს ეკლესიის დელეგაცია მართლმადიდებელ ეკლესიათა მსოფლიო კრებას, რომელიც 17-26 ივნისს კუნძულ კრეტაზე გაიმართება, არ დაესწრება.

ამის შესახებ ოფიციალური გადაწყვეტილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა 10 ივნისს მიიღო.
სინოდის გადაწყვეტილებაში მოყვანილია შემდეგი მიზეზები, რის გამოც ქართული ეკლესია პროტესტს უცხადებს მსოფლიო საეკლესიო კრებას:

1) მიუხედავად არაერთი მცდელობისა, ანტიოქიისა და იერუსალიმის ეკ­ლესიებს შორის დღემდე ვერ მოხერხდა ევქარისტიული კავშირის აღდგენა, რისი იმედიც ბოლო დრომდე გვქონდა;

2) ანტიოქიის ეკლესიამ, ზემო აღნიშნული მიზეზის გარდა, განსახილველ დოკუმენტებთან  მიმართებაში არსებულ  სერიოზულ პრობლემათა გამოც უარი თქვა კრებაში მონაწილეობაზე;

3) ანტიოქიის ეკლესიას ხელი არა აქვს მოწერილი 2016 წლის ეკლესიის წინამძღოლთა განჩინებაზე, რომლითაც გადაწყდა წმინდა და დიდი კრების მოწვევა, განისაზღვრა მისი ჩატარების თარიღი, ადგილი და განსახილველი საკითხების ნუსხა. მას ასევე არა აქვს ხელი მოწერილი  წმინდა და დი­დი კრების მუშაობის რეგლამენტზე, რის გამოც  ეს დოკუმენტი არ შეიძლება ჩაითვალოს დამტკიცებულად.

4) ბულგარეთის ეკლესიამ განაცხადა უარი კრებაში მონაწილეობაზე  და წარმოადგინა საკუთარი პოზიცია რიგ თემებთან მიმართებაში;

5) სერბეთის ეკლესიაც კრებაში მონაწილეობას პრობლემატურად  მიიჩნევს და ითხოვს მის გადადებას  უკეთ მომზადების მიზნით.

6) საქართველოს ეკლესიის  არაერთგზის მოთხოვნის მიუხედავად, წმინდა და დიდ კრებაზე გასატანი  დოკუმენტების პროექტები  მხოლოდ ეკლესიის წინამძღოლთა ბოლო შეხვედრის შემდგომ, ანუ ა.წ. თებერვლიდან გასაჯაროვდა. ადგილობრივ ეკლესიათა წმინდა სინოდების, სამღვდელოების, ღვთისმეტყველებისა და მორწმუნე ერის მიერ ტექსტების განხილვის შედეგად  გამოვლინდა     მათში   არსებული   არაერთი  დოგმატური,  კანონიკური  და ტერმინოლოგიური  ცდომილება.

7) მიუხედავად 2014 წლის წინამძღოლთა დადგენილებისა და წმინდა და დიდი კრების რეგლამენტის 8-ე მუხლის მკაფიო მოთხოვნისა, რომ კრებაზე მხოლოდ ერთხმად მიღებული თემები განიხილება, დღის წესრიგში შესულია დოკუმენტი: „ქორწინების შესახებ”, რომელზეც ჩვენს დელეგაციას, დოგმატური მიზეზების  გამო, ხელი არ აქვს მოწერილი; ამ ტექსტს ხელი არ მოაწერა ანტიოქიის ეკლესიამაც.

8) ტექსტი: „მართლმადიდებელი ეკლესიის დამოკიდებულება დანარჩენ ქრისტიანულ სამყაროსთან”იმთავითვე მიუღებელი იყო საქარ­თველოს ეკლესიისათვის და ჩვენი დელეგაციის მხრიდან  ხელი მხოლოდ მას შემდეგ მოეწერა, როცა მას დაემატა შენიშვნა: „საქარ­თველოსა და ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიები გამოვიდნენ ეკლესიათა მსოფლიო საბჭოდან, პირველი 1997, ხოლო მეორე – 1998 წელს, რადგან მათ საკუთარი განსხვავებული აზრი გააჩნიათ ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს საქმიანობის შესახებ, რის გამოც ისინი არ მონაწილეობენ ხსენებული საბჭოს და სხვა ქრისტიანთა შორისი ორგანიზაციების ღონისძიებებში”.

ა.წ.  25 მაისს საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდმა  დაადგინა, რომ აღნიშნული დოკუმენტი შეიცავს დიდ ეკლესიოლოგიურ და ტერმინოლოგიურ ცდომილებებს და სერიოზულ გადამუშავებას საჭიროებს; ხოლო თუ ამ სახის ცვლი­ლებები არ განხორციელდება,  საქართველოს ეკლესია ტექსტს ხელს ვერ მო­აწერს.

9) გარკვეულ ცვლილებებს საჭიროებს ასევე დოკუმენტი „მართლმადიდებელი ეკლესიის მისია თანამედროვე მსოფლიოში.“

10) უნდა ხაზგასმით აღინიშნოს, რომ კრების დღის წესრიგი, თემების განხილვისათვის გამოყოფილი დრო,  აგრეთვე, პროცედურების გაურკვევლობა შეუძლებელს ხდის   ტექსტების პუნქტობრივ განხილვას და მათში არსებითი ხასიათის ცვლი­ლე­ბების შეტანასწმინდა და დიდი კრების მსვლელობის პერიოდში.

11) წმინდა და დიდი კრების მომზადებისთვის შექმნილი საერთო მართმადიდებლური სამდივნო არის უფუნქციო, რადგან გადაწყვეტილებების მიღების საშუალება მას არ ეძლევა. საქართველოს ეკლესიამ და სხვა ეკლესიებმაც ამის გამო  არაერთხელ  დააფიქსირეს  თავისი პროტესტი.

ამასთან, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდი მიუთითებს  საქართველოს ეკლესიის კონსტრუქციულობაზე მსოფლიო საეკლესიო კრების მომზადების დროს:

“კრების დროულად ჩატარების მიზნით, 2016 წლის იანვარში, ეკლესიათა მეთაურების შეკრებაზე, ჩვენ დღის წესრიგადან მოვხსენით და შემდგომში განხილვისთვის გადავდეთ „დიპტიქების” შესახებ ჩვენთვის უდიდესი მნიშვნელობის მქონე საკითხი (რომლითაც საბოლოოდ განისაზღვრებოდა საქართველოს ეკლესიის რიგითობაც), ასევე მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ სხვა და სხვა კონფესიებთან წარმოებული დიალოგების შეფასება”, – ნათქვამია სინოდის 11 ივნისს გავრცელებულ გადაწყვეტილებაში – “მოხდა კი ისე, რომ ჩვენი დათმობა, რის გამოც საკუთარი ეკლესიის წიაღში კრიტიკა მივიღეთ, უშედეგო აღმოჩნდა, რადგან კრების ჩატარების მიზანი და ყველას მიერ აღიარებული მთავარი პრინციპები მაინც არ იქნა დაცული”. 

საპატრიარქოს ცნობით, ამ საკითხზე მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა ილია მეორემ აზრის გამოთქმა შესთავაზა სხვა მღვდელმთავრებს. 

სინოდის სხდომაზე სიტყვა წარმოთქვეს მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი), ბათუმისა და ქობულეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ (შიოლაშვილი), ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა (ფაჩუაშვილი), ზუდგიგისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ (შარაშენიძე), ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა პატრემ (ცაავა), რუსთველმა მიტროპოლიტმა იოანემ (გამრეკელი), ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა (ბერბიჭაშვილი), ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობაშვილი), სამთავისისა და კასპის ეპისკოპოსმა დამიანემ (ხუფენია), ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე), სხალთის მთავარეპისკოპოსმა სპირიდონმა (აბულაძე), ამბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა (მახარაძე), ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა ანტონმა (ბულუხია), საჩხერისა და ჭიათურის მიტროპოლიტმა დანიელმა (დათუაშვილი), ხონისა და სამტრედიის მიტოპოლიტმა საბამ (გიგიბერია), ჩრდილოეთ ამერიკისა და კანადის ეპისკოპოსმა საბამ (ინწკირველი).

საპატრიაქროს ცნობით, მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა, აქტიური მუშაობით არსებული პრობლემები შეიძლება აღმოიფხვრას. ამიტომაც საქართველოს ეკლესია ითხოვს  კრების გადადებას საყოველთაო თანხმობის მიღწევამდე. სინოდის 10 ივნისის დადგენილებით კი 17-26 ივნისს კუნძულ კრეტაზე დაგეგმილ კრებაში მონაწილეობას არ მიიღებენ და ამ გადაწყვეტილებას  ყველა ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიას გაუგზავნიან. 

მასალების გადაბეჭდვის წესი