ახალი ამბები

17 მაისს დაკავებულ აქტივისტს პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა არ დაუდასტურდა

10 ივნისი, 2016 • 1371
17 მაისს დაკავებულ აქტივისტს პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა არ დაუდასტურდა

დღეს, 10 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლი) ფაქტი არ დაუდასტურდა 2016 წლის 17 მაისს სტენსილების გაკეთბისთვის დაკავებულ აქტივისტს მარი კურტანიძეს. თუმცა სასამართლომ ის სამართალდამრღვევად ცნო წარწერის გაკეთვისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლით (შენობის იერსახის დამახინჯება) და 50 ლარით დააჯარიმა.

წინა სასამართლო სხდომაზე მარი კურტანიძემ განაცხადა, რომ პოლიციელისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია, რადგან არც იცოდა, რომ პირი, რომელიც მათ მისდევდა, პოლიციელი იყო. ამის დამადასტურებლად სასამართლოს წარუდგინა ფოტო, რომელზეც ასახულ პირს არ აცვია პოლიციის ფორმა.

სასამართლო 17 მაისის ღამეს დაკავებული 6 პირის საქმეს ცალკ-ცალკე იხილავს. ყველა მათგანს ბრალი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე (იერსახის დამახინჯება) და 173 (პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევა) მუხლების დარღვევაში ედებათ.

17 მაისის ღამეს პოლიციამ 10 პირი დააკავა ანტიჰომოფობიური წარწერების გაკეთების მცდელობის გამო- 7 საპატრიარქოს შენობასთან, 3 კი- პარლამენტის.

წელს, 17 მაისს ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღე საქართველოში ამ დაკავებებით აღინიშნა – ლგბტ უფლებების დამცველმა ორგანიზაციებმა განაცხადეს, რომ 17 მაისს ვერ გამართავდნენ საჯარო აქციას, რადგანაც მათ პოლიციამ უსაფრთხოების გარანტიები არ მისცა. ის აქტივისტები კი, რომლებიც ანტიჰომოფობიურ წარწერებს აკეთებდნენ, დააკავეს, ხოლო წარწერები გადაღებეს.

ჰომოფობიასთან ბრძოლის დღის საჯაროდ აღნიშვნას ეწინააღმდეგება მართლმადიდებელი ეკლესია და მისი მრევლი, ასევე, ჰომოფობიურად განწყობილი საზოგადოება.

ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასთან და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე 2005 წლიდან აღინიშნება 17 მაისს.  თარიღი სიმბოლურად უკავშირდება 1990 წლის 17 მაისს, როცა მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციამ ჰომოსექსუალობა დაავადებათა სიიდან ამოიღო.

მასალების გადაბეჭდვის წესი