ახალი ამბები

ექიმებმა გიორგი კარბელაშვილს დიაგნოზი დაუსვეს

15 იანვარი, 2012 • 1879
ექიმებმა გიორგი კარბელაშვილს დიაგნოზი დაუსვეს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეს, გიორგი კარბელაშვილს ექიმებმა ვირუსული ინფექციის დიაგნოზი დაუსვეს.

“მისი დღევანდელი მდგომარეობა არის უკეთესი, ვიდრე წინა დღეებში. მისი მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა, ჯერჯერობით, მკურნალობას მაინც აგრძელებს ჩვენთან. კიდევ 24 საათის განმავლობაში ნამდვილად დარჩება საავადმყოფოში,”–ამბობს ნეტგაზეთთან საუბარში ნ.ყიფშიძის სახელობის ცენტრალური კლინიკის (ყოფილი რესპუბლიკური საავადმყოფო) მიმღები გადაუდებელი განყოფილების გამგე, გიორგი გოცაძე.

გოცაძის განმარტებით, კარბელაშვილის მდგომარეობა სამედიცინო დაწესებულებაში შესვლისას საკმაოდ სერიოზული იყო, რის შემდეგაც, მისი თქმით, კარბელაშვილს კვლევა იმ სპეციფიკური დაავადებების მიმართ ჩაუტარდა, რომლებიც აფრიკის რეგიონისთვის არის დამახასიათებელი (მალარია და სხვადასხვა ვირუსული დაავადებები).

მინისტრის მოადგილე, როგორც პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი, ხელმძღვანელობდა მეკობრეების ტყვეობიდან დახსნილი ქართველი და თურქი მეზღავურების გათავისუფლების პროცესს, რომლებიც საქართველოში გუშინ დაბრუნდნენ. გიორგი კარბელაშვილი აფრიკაში სწორედ მეზღვაურებთან შესახვედრად და მათ საქართველოში დასაბრუნებლად იმყოფებოდა მიხეილ სააკაშვილის დავალებით.

“სამწუხაროდ, მოხდა ისე, რომ გუშინდელი დღიდან გიორგი საავადმყოფოშია – აფრიკაში სიარულის დროს მას რომელიღაც აფრიკული ვირუსი შეეყარა. გუშინ თვითმფრინავში უკვე თავს ცუდად გრძნობდა, მაგრამ ეს დაღლილობას მივაწერეთ. წუხელ მას ძალიან მძიმე ღამე ჰქონდა, მაგრამ დღეს ექიმები ამბობენ, რომ უკვე არანაირი საფრთხე აღარ არსებობს.”–განაცხადა საქართველოს პრეზინდეტმა გუშინ, 14 იანვარს, მეზღვაურებთან შეხვედრის დროს.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი