ახალი ამბები

განმარტება აფხაზეთის სასულიერო პირების მსოფლიო პატრიარქთან შეხვედრის შესახებ

14 იანვარი, 2012 • 1670
განმარტება აფხაზეთის სასულიერო პირების მსოფლიო პატრიარქთან შეხვედრის შესახებ

საქართველოს საპატრიარქო აფხაზეთის წმინდა მიტროპოლიის საბჭოს წევრების მსოფლიო პატრიარქთან შეხვედრის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება:

“საქართველოს საპატრიარქო დაუკავშირდა მსოფლიო პატრიარქის მთავარ მდივანს, არქიმანდრიტ ბართლომეს (სამარასი), რომელმაც განაცხადა, რომ ეს შეხვედრა დანიშნა პირადად მან, რადგან აფხაზთა მხრიდან გამოგზავნილი იყო არაერთი წერილი მსოფლიო პატრიარქთან აუდიენციის თხოვნით და, როგორც ამის მსურველ ნებისმიერ ქრისტიანს, აღნიშნულ პიროვნებებსაც მიეცათ საუბრის შესაძლებლობა”, – აცხადებენ საქართველოს საპატრიარქოში.

მათივე თქმით, არქიმანდრიტმა ბართლომემ კატეგორიულად უარყო მსოფლიო პატრიარქისგან აფხაზეთის წმინდა მიტროპოლიის საბჭოს წევრების მიწვევის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია და თქვა, რომ არ არის სწორი, ამ ფაქტს ეწოდოს მსოფლიო პატრიარქთან “ოფიციალური ვიზიტი”, ან თუნდაც “ოფიციალური შეხვედრა”.

“მან, ასევე, განაცხადა შემდეგი: კონსტანტინეპოლის სინოდზე გარკვევით ითქვა, რომ აფხაზეთი ტერიტორიულად საქართველოს განუყოფელი ნაწილია, ხოლო აფხაზეთის ეკლესია საქართველოს ეკლესიის იურისდიქციაში შედის. აქედან გამომდინარე, აფხაზი სამღვდელოების საკითხი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის პრეროგატივას წარმოადგენს”, – აცხადებენ საპატრიარქოში.

მიმდინარე წლის 9 იანვარს მსოფლიო პატრიარქმა, ბართოლომეოს I–მა თავის რეზიდენციაში მიიღო ე. წ. აფხაზეთის წმინდა მიტროპოლიის საბჭო, რომლის შემადგენლობაშიც შედიან: არქიმანდრიტი დოროთე (დბარი), მღვდელმონოზონი ანდრია (ამფარი), იეროდიაკონი დავითი (სარსანია), თემურ ძიძარია და გერმანე მარშანია.

საქართველოს საპატრიარქოში აცხადებენ, რომ დაწვრილებით ინფორმაციას ამ ვიზიტის თაობაზე ილია II მსოფლიო საპატრიარქოსგან უახლოეს მომავალში მიიღებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი