ახალი ამბები

ალეკო ელისაშვილი და სოსო მანჯავიძე გადაცემაში ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

9 ივნისი, 2016 • 3208
ალეკო ელისაშვილი და სოსო მანჯავიძე გადაცემაში ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

თბილისის საკრებულოს დეპუტატი ალეკო ელისაშვილი და  “პატრიოტთა ალიანსის” ყოფილი წევრი, სოსო მანჯავიძე გადაცემა მაესტროს ფაქტორში ერთმანეთს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

ინციდენტი ალეკო ელისაშვილის მიერ კონკრეტულ პროექტებზე მშენებლობის ნებართვების გაცემის გამო თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელის, დიმიტრი მოსულიშვილის ქრთამის აღებაში დადანაშაულებას მოჰყვა.

ალეკო ელისაშვლმა განაცხადა, რომ გაცემულია ბევრი ნებართვა მშენებლობებზე ისეთ ადგილას, სადაც აშენება არ შეიძლება. მისი განცხადებით, ამ მშენებლობებს მოსახლეობას აპროტესტებს. ელისაშვილის თქმით, არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელმა ან არ იცის, რაზე აწერს ხელს, ან ქრთამი აქვს აღებული.

სოსო მანჯავიძემ ამ გამონათქვამის გამო ელისაშვილი გააკრიტიკა:

“როდესაც საჯარო პირი უწოდებს საჯარო პირს მექრთამეს, ამაზე უნდა მიდიოდეს სამართალდამცავი ორგანოების რეაგირება და ან ერთი უნდა იქნას დასჯილი, ან მეორე. რას ნიშნავს, შენ ხარ მექრთამე, იმიტომ, რომ ჩემი ლოგიკური მსჯელობით და დაჟინებული მზერით ეს დავადგინე? ეს ნორმალურად მიგაჩნიათ?”- განაცხადა სოსო მანჯავიძემ.

ამ რეპლიკის შემდეგ ალეკო ელისაშვილმა მანჯავიძეს “პატრიოტთა ალიანსიდან” გაგდებული უწოდა, რასაც ორმხივი სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მოჰყვა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება დაიწყება იმ შემთხვევაში, თუკი რომელიმე მხარე საჩივრით მიმართავს პოლიციას.

მასალების გადაბეჭდვის წესი