ახალი ამბები

კომიტეტმა 2004-2012 წლებში ადამიანის უფლებების დარღვევაზე დასკვნა მოამზადა

9 ივნისი, 2016 • 1323
კომიტეტმა 2004-2012 წლებში ადამიანის უფლებების დარღვევაზე დასკვნა მოამზადა

პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის დასკვნის ,,წარსულში ( 2004-12 წლებში) ჩადენილი წამებისა და არაადამიანური მოპყრობის სისტემური დანაშაულის შესახებ“ განხილვა მიმდინარეობს.

დოკუმენტი სამუშაო ჯგუფმა მოამზადა, რომლის შემადგენლობაში იყვნენ კომიტეტის წევრები, საქართველოს მთავარი პროკურატურის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები. სამუშაო ჯგუფის მუშაობის საერთო ზედამხედველობას ახორციელებდა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია.

დასკვნის თანახმად, 2004-2012 წლებში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას სისტემატიური ხასიათი ჰქონდა:

” ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიმართ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის გამოყენება ატარებდა საყოველთაო, სისტემურ ხასიათს;

ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიმართ წამება და არაადამიანური მოპყრობის გამოყენებას ჰქონდა ინტენსიური ხასიათი;

ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიმართ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის გამოყენება სანქცირებული იყო მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ;

ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიმართ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის გამოყენება ემსახურებოდა მკაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკის განხორციელებას;

ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიმართ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის გამოყენება ემსახურებოდა ტოტალური შიშისა და დაუცველობის განცდის გაჩენას საზოგადოებაში;

ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიმართ წამება და არაადამიანური მოპყრობა იყო პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტი;

ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიმართ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მეთოდების გამოყენების თაობაზე მითითება ხშირ შემთხვევაში მომდინარეობდა  პროკურატურის მხრიდან და ემსახურებოდა კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეზე სასურველი შედეგის მიღწევას;

ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიმართ წამება და არაადამიანური მოპყრობა იყო ძალოვანი უწყებების ხელში სასურველი ჩვენების  მიღების საშუალება, ქონებისა თუ წილების დათმობის მარტივი გზა და საპროცესო შეთანხმების დადების იძულების ეფექტურ მექანიზმი;

პროკურატურა, როგორც სამართლებრივი დაცვის მექანიზმი, რომელსაც უნდა ჩაეტარებინა სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე, არ ფუნქციონირებდა;

სასამართლო ხელისუფლება პროაქტიურად არ რეაგირებდა  წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე;

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი არ იყო ეფექტური წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების  გამოვლენისა და მათზე სათანადო რეაგირების კუთხით;

ადვოკატები, ცალკეულ შემთხვევებში, არ ასაჩივრებდნენ მათი დაცვის ქვეშ მყოფთა მიმართ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის გამოყენების ფაქტებს;

ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი მასობრივი საინფორმაციო საშუალებები უარს ამბობდნენ   წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების გაშუქებაზე,”- აღნიშნულია დასკვნაში.

დასკვნაში ასევე საუბარია რეკომენდაციებზე, რომლებიც სამუშაო ჯგუფმა შეიმუშავა, მათ შორის საუბარია დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნაზე:

“1) წამების,  არასათანადო მოპყრობისა და სხვა ძალადობრივი დანაშაულების ეფექტური და სრულყოფილი გამოძიების მიზნით შეიქმნას  დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი, რომელიც ანგარიშვალდებული იქნება საქართველოს პარლამენტის წინაშე.  ასევე, შემუშავდეს დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის და მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულების გამოძიების  დეპარტამენტის თანამშრომლობის კონცეფცია;

2) დაკავებული ან სხვაგვარად თავისუფლებააღკვეთილი პირი უზრუნველყოფილი უნდა იყოს ყველა შესაბამისი საპროცესო გარანტიით;  დაცული უნდა იყოს პირის  თავისუფლება და უსაფრთხოება  ევროპული კონვენციის მე -5 მუხლის შესაბამისად;

3) უზრუნველყოფილ იქნას წამებისა და არაადამიანური მოპყრობის თითოეული ფაქტის დროული, მიუკერძოებელი და ეფექტიანი გამოძიება;

4) განისაზღვროს ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის დანაშაულების მიმართ ამნისტიისა და შეწყალების გამოყენების დაუშვებლობის თაობაზე;

5) უზრუნველყოფილ იქნას წამებისა და არასათანადო მოპყრობის მსხვერპლთა დაცვა და რეაბილიტაცია;

6) წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლთათვის უზრუნველყოფილ იქნას ეფექტური იურიდიული დახმარება და სამართლებრივი დაცვა;

7) პატიმრების მიერ მიღებული ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის დოკუმენტირება უნდა ხდებოდეს  სტამბულის პროტოკოლის მიხედვით; ამისთვის სამედიცინო პერსონალს უნდა ჰქონდეს შესაბამისი მომზადება;

8) საგამოძიებო ორგანოებმა განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ გამოძიების პროცესში ძალადობრივი დანაშაულების (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1441, 1442, 1443 მუხლები) სწორი კვალიფიკაციის საკითხს. უზრუნვეყოფილ  იქნას წამებისა და არაადამიანური მოპყრობის საქმეების გამოძიება შესაბამისი მუხლებით და ამ საქმეებისთვის კვალიფიკაციის მინიჭება არ მოხდეს იმ მუხლებით, რომლებიც ითვალისწინებს უფრო მსუბუქ სისხლისსამართლის პასუხისმგებლობას;

9) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1441, 1442, 1443 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების პენიტენციური ან პოლიციის დაწესებულების ტერიტორიაზე ჩადენის შემთხვევაში, გამოძიება აწარმოოს საქართველოს პროკურატურამ;

10) პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დაცვით  უზრუნველყოფილ იქნას წამებისა და არაადამიანური მოპყრობის საქმეებზე გამოძიებისა და შემდგომი სასამართლო პროცესების შედეგების გამჭვირვალობის მიზნით ინფორმაციის გავრცელება;

11) უზრუნველყოფილ იქნას დროებითი მოთავსების იზოლატორებში, ადმინისტრაციული პატიმრობის ადგილებში,  პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში პირის განთავსებისას არასათანადო მოპყრობისგან დაცვის უფლების შესახებ ინფორმაციის ეფექტური ფორმებით მიწოდება;

12) უზრუნველყოფილ იქნას, წამებისა და არაადამიანური  მოპყრობის სავარაუდო ფაქტის შემთხვევაში,  დროებითი მოთავსების იზოლატორებში, ადმინისტრაციული პატიმრობის ადგილებში,  პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა ` დროული სამედიცინო გამოკვლევა და მკურნალობა, საჭიროების შემთხვევაში, სასამართლო -სამედიცინო ექსპერტიზის მომსახურება;

13) სასჯელაღსრულების დაწესებულებაში განთავსებული პატიმრის ფსიქიატრიული შემოწმება და შესაბამისი მკურნალობა არ უნდა იყოს დამოკიდებული მხოლოდ და მხოლოდ მის პირად სურვილზე და განსაკუთრებულ შემთხვევაში, როდესაც პირის საუკეთესო ინტერესები აღნიშნულს მოითხოვენ, სასამართლოს თანხმობით შესაძლებელი უნდა იყოს ამ ღონისძიების განხორციელება;

14) ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ ფიზიკური დაზიანების მიღების იდენტიფიცირების შემთხვევებში, უნდა ჩატარდეს ფაქტის ფოტოდოკუმენტირება; ამისთვის სამედიცინო პერსონალი უნდა იყოს აღჭურვილი შესაბამისი ტექნიკური საშუალებით;

15) უზრუნველყოფილ იქნას ვიდეოჩაწერის განხორციელება საქართველოს სასჯელაღსრულების ტერიტორიაზე მაქსიმალურად სრულად და უნდა იქნას შენახული გონივრული, სულ მცირე, 24 – საათიანი  ვადით. შენახვის ვადა უნდა იყოს საკმარისი იმისთვის, რათა შესაძლო არასათანადო მოპყრობის შემთხვევაში, საპროცესო ღონისძიებების განხორციელება შედეგიანი იყოს;

16) უზრუნველყოფილ იქნას საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს პროკურატურის თანამშრომელთა  შესაძლებლობათა გაძლიერება წამების და სხვა არასათანადო მოპყრობის პრევენციის, ეფექტური რეაგირებისა და გამოძიების, აგრეთვე მსხვერპლთა ინტერესების დაცვის გაუმჯობესების მიზნით;

17) სასჯელაღსრულების  სისტემაში შეიქმნას შიდა მონიტორინგის ეფექტური მექანიზმი; ამ მიზნით მოხდეს არსებული მექანიზმის შეფასება და ოპტიმიზაცია, ფუნქციების დახვეწა, სამუშაო მეთოდების, მარეგულირებელი ჩარჩოსა და ანგარიშვალდებულების სქემების გაუმჯობესება  საერთაშორისო სტანდარებისა და  რეკომენდაციების შესაბამისად;

18) სასამართლომ მის წინაშე წარმოდგენილი ბრალდებულის/განსასჯელის სახეზე/სხეულზე წამების ან სხვა სახის არასათანადო მოპყრობის ნიშნების არსებობის შემთხვევაში, ან როდესაც კონკრეტული გარემოებები იძლევა გონივრული ეჭვის საფუძველს, რომ პირი დაექვემდებარა არასათანადო მოპყრობას, მოითხოვოს   გამოძიების დაწყება  და  სავარაუდო მსხვერპლის სათანადო დაცვის გარანტიებით უზრუნველყოფა,”- აღნიშნულია დასკვნაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი